
მსოფლიოს საუკეთესო ნიჩბოსნები – ბათუმში
საქართველომ, კერძოდ, ბათუმმა, პირველად უმასპინძლა „დრაგონ ბუათის“ ევროპის ღია ჩემპიონატს (ფესტივალს). მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ამ სახეობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში პირველად გაიმართა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იყო, მასში 27 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. მსგავსი ჩემპიონატების გამართვა ბათუმში მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებას, ასევე, ჩვენი ქალაქის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის სპორტული ცენტრი, სპორტის დეპარტამენტი.
ჩემპიონატის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო.
როგორც საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ნადირაძემ გვითხრა:
– ჩვენი ფედერაცია მზადაა ხელი შეუწყოს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ბათუმში ნიჩბოსანთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და ჩვენი სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატებზეც კარგად გამოდიან. ბათუმს ჰქონდა ამ სპორტში საკუთარი ისტორია. სასიხარულოა, რომ იგი თავის ტრადიციებს აგრძელებს. ყველაფერი გაკეთდა, რომ ეს დღეები ორგანიზებულად, ლამაზად ჩატარებულიყო. დიდი მადლობა ბათუმის მერიას, სპორტულ ცენტრს, ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა. რაც შეეხება ქართველებს, ვინაიდან „დრაგონ ბუათი“ (ეგრეთ წოდებული „დრაკონის ნავი“) ჩვენთვის სპორტის ახალი სახეობაა, შედარებით მოკრძალებულად გამოვედით. თუმცა, საქართველო, როგორც სპორტული ქვეყანა, ყველა სახეობის სპორტის განვითარებას მიესალმება. ამდენად, სასიხარულოა, რომ ჩვენი ძალების პირველი მოსინჯვა არცთუ ისე ცუდი იყო. საერთო ჯამში, მეხუთე ადგილი დავიკავეთ. მასში ბათუმელებიც მონაწილეობდნენ, ოღონდ პატარების გუნდი და მათ მეოთხე ადგილი დაისაკუთრეს, – გვითხრა ზაზა ნადირაძემ.
ეს შეჯიბრება სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება. წელს კი საქართველოს ფედერაციამ საქართველოში ჩაატარა. ამაში დიდია ჩვენი წარმატებული ნიჩბოსნის ზაზა ნადირაძის წვლილი.
– ეს ტურნირი ჩვენს რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარების მხრივაც იყო მნიშვნელოვანი. Dდარწმუნებული ვარ, რომ ბათუმი სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ასპარეზობების ორგანიზებას. ჩვენი სურვილია, რომ სპორტის ამ სახეობაში 2027 წელს მსოფლიო ჩემპიონატსაც ვუმასპინძლოთ, – გვითხრა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა უჩა აბრამიშვილმა.
შეჯიბრება ქალაქის პარკში, ნურიგელის ტბაზე ჩატარდა და გამარჯვებულებიც იქვე დააჯილდოვეს. დაჯილდოებას ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნადირაძე დაესწრნენ.
გიორგი მურვანიძე მიესალმა შეკრებილებს, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ბათუმში ჩატარებისთვის, გამარჯვებულებს კი წარმატება მიულოცა.
– ვორონეჟიდან ვართ, საერთო ჯამში პირველი, მეორე და სამი მესამე ადგილი დავიკავეთ. აქვე უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული, პირობები – საუკეთესო. . . იმდენად მოგვეწონა, რომ თუ ისევ აქ ჩაატარებენ, სიამოვნებით ჩამოვალთ, – გვითხრა ნიჩბოსანმა ანა შირაევამ.
– „დრაგონ ბუათში“ პირველად ვმონაწილეობ, ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება, სპორტის ახალი სახეობაა, თუმცა ნიჩბოსნობაზე ექვსი წელია დავდივარ. შევეცდები, სამომავლოდ უფრო კარგი შედეგი ვაჩვენო, რადგან სპორტის ეს სახეობა ძალიან მომწონს, სანახაობრივად მიმზიდველია, – აღნიშნა 19 წლის ფოთელმა ნიჩბოსანმა ომერ გაბედავამ.
მანანა ძიძიშვილი