,,მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს გლობალური გეოპოლიტიკური წესრიგი”
რუსეთ-უკრაინის ომი მეხუთე წელია მიმდინარეობს და უკვე გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება: უკრაინამ შეძლო არა მხოლოდ გამკლავებოდა რუსეთის არმიას, არამედ კონტრშეტევაზეც გადავიდა, გაათავისუფლა ხარკოვის და ზაპაროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიები, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დასავლეთმა შეიტანა იმიტომ, რომ რუსეთის გამარჯვება ან მარცხი უკრაინაში უამრავი ქვეყნის მომავალს გადაწყვეტს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი კობა ჯუმუშაძე.
– „რუსეთის ყველაზე დიდი დათმობა არის ის, რომ ომს შეწყვეტს“, – განაცხადა ტრამპმა სამშვიდობო გეგმებზე საუბრისას, მისი ეს განცხადება რას ცხადყოფს?
– თავდაპირველად, სასურველია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ტრამპის განცხადებები, მთელ რიგ შემთხვევებში, მაქსიმალისტურია, თუმცა შედეგი – შუალედური ან სრულიად განსხვავებული. ეს ნიშნავს, რომ ტრამპის განცხადებები წარმოადგენს არა გრძელვადიანი პოლიტიკური დაგეგმარების და ანალიზის ნაყოფს, არამედ მოკლევადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების გამომწვევ და შემდეგ მათ ნაწილობრივ მოგვარებაზე ან სრულებითაც გვერდით გადადებაზე ორიენტირებულ რიტორიკას. ამის ნათელი დასტურია თუნდაც ის, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვლის შემდეგ, მისმა განცხადებებმა და ფოკუსმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ უკანა პლანზე გადაინაცვლა და ძირითადად, ისრაელ-ამერიკის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე კონცენტრირდება. შესაბამისად, მისი ზემოაღნიშნული განცხადება შესაძლოა ცხადყოფდეს იმას, რომ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით აქტიური ფაზიდან გადასულია ერთგვარ სტაგნაციურ ეტაპზე – ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი წაიღებს იმას, რისი დაკავებაც მოახერხა ამ 4 წელზე მეტ დროში და ომს შეაჩერებს, ხოლო რაც ვერ დაიპყრო, იმას აღარ წაიღებს. სათქმელია ისიც, რომ ყველამ, ვისაც ცოტათი უკეთ ესმის კრემლის ტირანიული ხასიათი, ვიდრე ტრამპს, იცის: თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება დროებითი ტაქტიკური პაუზა კრემლისთვის ომის მომდევნო რაუნდის დასაწყებად. რუსეთმა უკვე იწვნია ერთგვარი სტრატეგიული მარცხი უკრაინასთან ომში – მან ვერ მიაღწია თავდაპირველად გაცხადებული ორი ძირითადი ე.წ. მიზნიდან ვერცერთს (დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია). პირიქით, უკრაინა დღეს ბევრად ძლიერი მილიტარისტული ქვეყანაა, ვიდრე 2022 წლის თებერვალში იყო და როგორც ერი, კიდევ უფრო მეტად შეიკრა და გაერთიანდა მტრულად განწყობილი კრემლისტური ტირანიის წინააღმდეგ.
– ამჟამად ომის რა ფაზაა უკრაინაში და სტრატეგიული ინიციატივა ვის მხარესაა?
– სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, ომი კარგა ხანია არის ე.წ. გამოფიტვის ფაზაში. შესაბამისად, ისმება კითხვა, ვის სასარგებლოდ მოქმედებს ახლა დრო. აქ ცალსახა პასუხი ვერავის ექნება, მათ შორის, ვერც გამოცდილ სამხედრო ექსპერტებს და არც აქვთ. თუმცა ჩემთვის იმ ექსპერტთა მოსაზრებები უფრო გასაგები და ადვილად აღსაქმელია, რომლებიც მიუთითებენ, რომ დრო რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს სამი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი – ირანის ომმა ნიშანდობლივი გავლენა იქონია რუსეთის სამხედრო რესურსებზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახლა უკვე თავადაც აწარმოებს „შაჰედის“ ტიპის, „გერან-2“ ტიპის დრონებს, სხვა სამხედრო რესურსების მიწოდება კასპიის ზღვის გავლით, როგორიცაა, მაგალითად, საარტილერიო ჭურვები ან სხვა კონკრეტული სარაკეტო სისტემები, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. მეორე – მართალია სასანქციო პაკეტების პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში არ იძლევა უცაბედ ეფექტს, მაგრამ ფაქტია, რუსული ეკონომიკა სერიოზული წნეხის ქვეშაა. ამას ადასტურებს თუნდაც სხვადასხვა მედიასაშუალებით საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინმა ომის დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად რუსი ოლიგარქებისგან ფულის ამოღების ტაქტიკა დაისახა. მესამე – მართალია, რუსეთის ცოცხალი ძალის შესაძლებლობები უკრაინისას ბევრად აჭარბებს, მაგრამ რუსეთის დილემა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინისგან განსხვავებით კრემლი ამ რესურსებს არ უფრთხილდება და მათ ნებისმიერ ფასად მიერეკება ფრონტის ხაზისკენ, რაც, ბუნებრივია, იწვევს მის დემოგრაფიულ გამოფიტვას. ამას თან ერთვის მოტივაციის მზარდი ვარდნა ფრონტზე მყოფებს, ახალწვეულებსა თუ საკუთრივ რუსეთის მოქალაქეებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეუძლებელია გამოვკვეთოთ, თუ ვის მხარესაა ამ კონკრეტულ მომენტში სტრატეგიული უპირატესობა. ფაქტია, უკრაინის შეიარაღებული ძალები ეფექტურად იგერიებენ საგაზაფხულო შტურმების მცდელობებს და დროდადრო თავადაც წარმატებით გადადიან შეტევაზე, რათა ამ შტურმებმა არ მიიღოს მასშტაბური ხასიათი და თავიდანვე მოხდეს მსგავსი მცდელობის ეფექტური აღკვეთა.
– „მოემზადეთ, 3-4 წელიწადში შესაძლოა დიდი ომი დაიწყოს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი შვილები შევწიროთ“, – განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ფაბიენ მანდონმა. როგორ შეიძლება შეფასდეს ასეთი რიტორიკა უსაფრთხოების კონტექსტში?
– მახსოვს, როგორი ვნებათაღელვა გამოიწვია 2024 წლის ზაფხულში გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებამ გერმანისა და ზოგადად, ევროპულ ქვეყნებში, რომ გერმანია 2029 წლისთვის უკვე სრულად ომისუნარიანი უნდა გახდეს. როცა ასეთ განცხადებებს ვაწყდებით, აქ ჩვენ ერთურთისგან უნდა განვასხვავოთ ისეთი ცნებები, როგორიცაა, ერთი მხრივ, უსაფრთხოება და, მეორე მხრივ, ომი. სახელმწიფოს ეფექტურ მმართველობას როცა ეხება საკითხი, ორივე მათგანი თავის თავში საკმაოდ განსხვავებულ უნარებს მოიცავს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, სახელმწიფომ შეიძლება სხვადასხვა მეთოდით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ეს მეთოდებია, მაგალითად, სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონულ ან საერთაშორისო აქტორებთან, ფუნქცია-მოვალეობები რეგიონულ ან საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, ე.წ. მიტმასვნის პოლიტიკა, რაც პოლიტიკური მეცნიერების დისციპლინებში „ბენდვაგონინგის“ სახელითაა ცნობილი და ა.შ. სულ სხვაგვარად დგება საკითხი, როცა ამ უნარებიდან რომელიღაც ან თუნდაც ერთ-ერთი დგება კითხვითი ნიშნის ქვეშ. ბუნებრივია, ასეთ დროს მოაზროვნე სახელმწიფო იწყებს ფიქრს არა მხოლოდ თავდაცვის უნარის განვრცობაზე, არამედ იმაზეც, თუ რა უნარები აქვს მას ომის წარმოების კუთხით, იქნება ეს თავდაცვითი თუ თავდასხმითი ომი. სწორედ ამაზე ხაზგასმაა გენშტაბის უფროს მანდონის თუ თავდაცვის მინსტრ პისტორიუსის ასეთი განცხადებები. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს ხაზით მოკავშირე აშშ აღარ განიხილება უსაფრთხოების ისეთ გარანტად, როგორიც იყო ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე, ბუნებრივია, ევროკავშირის ქვეყნები ეცდებიან, იფიქრონ არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ თავდაცვითი კუთხით ომის წარმოების უნარებზეც.
– ამასწინათ გამოქვეყნდა აშშ–ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის ერთ–ერთი მუხლის მიხედვით, ევროპაში მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენაა. ეს რისი მანიშნებელია?
– რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ ეს პარტნიორობა უნდა იყოს უკრაინის ომისშემგომი აღდგენისა და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შექმნის ერთგვარი წინაპირობა. თავად უკრაინელი ხალხისა და მთავრობისთვისაც გასაგებია ის გარემოება, რომ აშშ-ის ამ პროცესებში მონაწილეობა, მხედველობაში მაქვს ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის აღდგენა, სასურველიცაა და საჭიროც. ეს ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიადაც შეიძლება განვიხილოთ უკრაინისთვის. შესაბამისად, ასეთი ჩანაწერის გაკეთება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მაინცდამაინც პრობლემურ საკითხად არ მიმაჩნია. ეს ერთგვარად ტაქტიკური ნაბიჯის კონტექსტშიც შესაძლოა განვიხილოთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ასეთი დოკუმენტის შექმნის პროცესში რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა თანადროულად მონაწილეობს და მისი შექმნის შემდგომ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამიტომ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის ტრამპის რიტორიკას, გარკვეულწილად, იმეორებს და დიამეტრულად ვერც ასცდება მას, მაგრამ ყველა შესაძლო სტრატეგიულ გათვლას თან სდევს გარკვეული დასაბუთებაც, რომლის ნაკლებობაც არის ტრამპის განცხადებებში, რომლებიც გაკეთდა ოფიციალური შეხვედრებისა თუ ჟურნალისტებთან გამართული ინტერვიუებისა და პრესკონფერენციების ფარგლებში. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ახლო მომავალში სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზრდება. მეტიც, პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადმა და მაქსიმალისტური ხასიათის განცხადებებმა ერთ დღეს შესაძლოა აბსოლუტურად თავდაყირა დააყენოს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ აქტორთან წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის ესა თუ ის პერიპეტია.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ირანს, ამ მხრივ შეძლებენ აშშ და ისრაელი რეჟიმის შეცვლას ან ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებას?
– ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის წამოწყებას, მოგეხსენებათ, წინ უსწრებდა აშშ-ის სპეციალური სამხედრო დანაყოფების სპეცოპერაცია კარაკასში, ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ამ უკანასკნელის აშშ-ში ჩაყვანით და მისი დაპატიმრებით დასრულდა. ეს სპეცოპერაცია სამხედრო-ანალიტიკურ წრეებში ტრამპის ერთგვარ ტრიუმფად შეფასდა და უდავოდ, განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა, თუ არ გავითვალისწინებთ საერთაშორისო სამართლის ამა თუ იმ პრინციპის უგულებელყოფას. ამ წარმატებით თავბრუდახვეულმა ტრამპმა, როგორც ჩანს, გარკვეული ვადით გვერდით გადადო თავისი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება, რომ არცერთ ახალ ომს არ წამოიწყებდა და მიმდინარე ომებსაც მალე დაასრულებდა. შესაბამისად, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებისა და ხელისუფლების თანამონაწილეობით, ეტაპობრივად მომზადდა ახალი საიერიშო ტალღა ირანის წინააღმდეგ. გარდა ტრამპისა და ნეთანიაჰუს მისწრაფებებისა, ამ მოვლენის ერთგვარ ტრიგერად იქცა ასევე აიათოლას რეჟიმის ბრუტალური მოქმედება თავისივე მოქალაქეების წინააღმდეგ და ათასობით დემონსტრანტის პირდაპირ ქუჩაში მკვლელობა, ან ჯერ დაპატიმრება და მერე სასიკვდილო განაჩენი. ეს რაც შეეხებოდა ომში გადაზრდილ ამ სპეცოპერაციის წინაპირობებს, ხოლო ამ ყველაფრის შედეგი, ამა თუ იმ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, იგივე არ აღმოჩნდა, რაც მადუროსა და ვენესუელის შემთხვევაში დადგა და, მოკლევადიანი სპეცოპერაციის ნაცვლად, მოხდა სიტუაციის სრული ესკალაცია მთლიანად ყურის ქვეყნებსა და ირანის ჩრდილოეთით მოსაზღვრე მეზობელ ქვეყნებშიც კი. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ტრამპის მიზნები, ისრაელის მიზნებისგან განსხვავებით, ირანთან მიმართებაში ნაკლებად განსაზღვრულია. ისრაელისთვის ეს ომი ისევ და ისევ ეგზისტენციალურ (არსებობა-არარსებობის) საკითხს წამოადგენს და 2023 წლის 7 ოქტომბრის გაგრძელებად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ დროს კი ნაკლებადაა განსაზღვრული, თუ რა სურს ტრამპს კონკრეტულად. თუ მისი მიზანი იყო რეჟიმის ცვლილება და პარალელურად ირანის ბირთვული პოტენციალის სრული განადგურება, ფაქტია, რომ ამას მხოლოდ ჰაერიდან, სამხედრო ობიექტების დაბომბვით და აიათოლას ან მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების განადგურებით ვერ მიაღწია. შესაბამისად, ამ ომში წარმატების გასაფორმებლად მან, მინიმუმ, ჰორმუზის სრუტის გაკონტროლება და ხარგის კუნძულზე სრული დომინაციის მოპოვება უნდა სცადოს. თუ ორივეს მოახერხებს, ამან შესაძლოა დააჩქაროს რეჟიმის ცვლილება ირანში, რასაც თავისთავად მოჰყვება შეთანხმებები ბირთვული პოტენციალის შესახებ. ალბათ, სწორედ ამ მისიის საწყისებს მიანიშნებს საუბარი იმაზე, რომ აშშ დაახლოებით 5000 საზღვაო ქვეითის შეყვანას აპირებს ყურეში, რისი მიზანიც ჰორმუზის სრუტის გაკონტროლება და ხარგის კუნძულზე ირანული ნავთობის ექსპორტის უდიდესი ნაწილის შეფერხება იქნება. მხოლოდ საჰაერო ოპერაციებით ირანის რეჟიმის შეცვლა და მით უმეტეს, ბირთვული პოტენციალის სრული კვლევა და განეიტრალება შეუსრულებელ მისიად უფრო გამოიყურება ამ დროისთვის, ვიდრე წინასწარ კალკულირებულ, მოკლევადიან წარმატებულ სამხედრო ოპერაციად.
– თუ აშშ–მა ირანში დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, რა საშიშროების წინაშე დადგება ცივილიზებული მსოფლიო?
– არა მგონია, დღევანდელი მოცემულობით, ვგულისხმობ 28 თებერვლის შემდეგ ირანის სამხედრო და სამეთაურო პოტენციალის ასეთ მასშტაბურ დანაკარგებს, თქვენ მიერ ნაგულისხმევი ცივილიზებული მსოფლიო მოკლევადიან პერიოდში უშუალო საფრთხის წინაშე დადგეს. აიათოლების რეჟიმის გადარჩენის შემთხვევაში, სხვა საქმეა, როგორ და ვისი ხელშეწყობით შეძლებენ ისინი გრძელვადიან პერიოდში ხელახალ განვითარებას და სამხედრო პოტენციალის ამაღლებას. თუ გავითვალისწინებთ 2025 წლის ივნისის 12-დღიანი ომის შედეგებს ირანის ეკონომიკურ და შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე, დავინახავთ, რომ ამ ომს რეჟიმის გაძლიერებისთვის ხელი არ შეუწყვია, პირიქით – გამოფიტა ირანის ეკონომიკა, მიიყვანა ის ვალუტის ძლიერ ინფლაციამდე და შიდაპოლიტიკურ მღელვარებამდე, რასაც მოჰყვა 2026 წლის იანვრის მოვლენები. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, შესაძლოა, მიმდინარე ომის სწრაფად დასრულების შემთხვევაში, იგივე სცენარით განვითარდეს მოვლენები და ამან უკვე მართლაც განაპირობოს რეჟიმის არა მხოლოდ ძლიერი რყევა, არამედ დასასრულიც. მაგრამ არსებობს ამის საპირისპირო სცენარიც, რომ რეჟიმის დარჩენილი ლიდერები კიდევ უფრო მეტი სისასტიკით ჩაახშობენ ყოველგვარ მღელვარებას ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით შეეცდებიან რუსულ-ჩინურ-ირანული ღერძის განმტკიცებას დასავლურ სამყაროსთან მეტი დაპირისპირების და გავლენის სფეროების უფრო კონკრეტული გადანაწილების კუთხით. სწორედ ამ სცენარის თავიდან არიდების ნაწილია ტრამპის მცდელობა, რომ დაამყაროს კონტროლო ჰორმუზის სრუტესა და ხარგის კუნძულზე, რათა მაისში, სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში, ტრამპისვე რიტორიკული ჩვევების თანახმად თუ ვიმსჯელებთ, მეტი კოზირი ეჭიროს ხელში და საუკეთესო გარიგების გამოძერწვა შეძლოს მასთან დაპირისპირებაში. მოგეხსენებათ, ჩინეთი ირანული ნავთობის ყველაზე დიდი გამსაღებელია, ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80% სწორედ ჩინეთზე მოდის.
– კვლავ უკრაინას დავუბრუნდეთ, ცხადია, უკრაინამ შეძლო, გარკვეულწილად, ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა, იბომბება გაზსადენების და ნავთობსადენების ობიექტები. ეს რისი მანიშნებელია?
– ეს ნიშნავს, რომ უკრაინულ მხარეს კარგად აქვს გაცნობიერებული არა მხოლოდ კონვენციური ომის, არამედ ასიმეტრიული ომის მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, ომმა ირანში გავლენა მოახდინა ნავთობის ფასზე და შესაბამის ბაზრებზე ბარელი ნავთობის ღირებულებამ აიწია. ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს კრემლის საომარი ეკონომიკისთვის. გააცნობიერა რა ეს უკრაინამ, მიიღო გადაწყვეტილება, მისთვის ხელმისაწვდომი და ჩვეული მეთოდებით შეაფერხოს რუსული ეკონომიკის სტიმულირება, რომელიც უკვე არის დიდი წნეხის ქვეშ სანქციებისა და საომარი ხარჯების ზრდის ფონზე. 29 მარტის უკრაინული თავდასხმა ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტზე საკმაოდ ნიშანდობლივად აფერხებს რუსეთის არა მხოლოდ სანავთობო ექსპორტის შესაძლებლობებს, არამედ შიდა მოხმარებისთვის საჭირო მარაგებსაც უქმნის დამატებით საფრთხეს. ამის გამოძახილია ისიც, რომ, რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია, თავად უსტ-ლუგის პორტზე მასშტაბურ თავდასხმამდეც კი, რუსული სამთავრობო ორგანოები, პრევენციის მიზნით, პირველი აპრილიდან გაურკვეველი ვადით ბენზინის ექსპორტის აკრძალვაზე საუბრობდნენ. კითხვის შემაჯამებლად ვთქვათ, რომ უკრაინა თავს იცავს არა მხოლოდ უშუალოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ეძებს და ანადგურებს რუსეთის სუსტ წერტილებს რუსეთისვე ტერიტორიაზე, რაც საბოლოოდ არანაკლები საომარი წარმატების მომტანია, ვიდრე უშუალოდ მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება ფრონტის შეხების წერტილებზე.
– ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთ–უკრაინის ომი განსაზღვრავს მსოფლიო ახალ წესრიგს. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?
– ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ თვალწინ ხდება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები, რომლებმაც, გარკვეულწილად, უკვე შეცვალა გლობალური გეოპოლიტიკური წესრიგი და ამ პროცესის ფორმირება გრძელდება. თავდაპირველად ეს იყო კორონავირუსი, შემდეგ იყო 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის აგრესიული შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, ამას მოჰყვა 2023 წლის 7 ოქტომბერი ისრაელში, რომლის ერთგვარი გაგრძელებაა წინა წლის და ამ წლის ისრაელ-ამერიკის ომები ირანის წინააღმდეგ. იმდენად, რამდენადაც ირანი რუსეთის პარტნიორი ქვეყანაა და ახლა აშშ-ის ყურადღებას მაინც ირანის ომი იკავებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპი ჯერ ამ კონფლიქტიდან გამარჯვებულად გამოსვლის დეკლარირებას შეეცდება და მერე უფრო ინტენსიურად გადაერთვება რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დარეგულირებაზე. ამ ეტაპზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე მაინც ევროპის ქვეყნები არიან უფრო მეტად კონცენტრირებულნი და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, აგრეთვე ეხმარებიან ფინანსურად, მატერიალურად და სადაზვერვო ინფორმაციებითაც. შესაბამისად, ტრამპისთვის საინტერესო უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე დაამთავროს ომი ირანში და აღადგინოს ევროატლანტიკური ალიანსის ფარგლებში უსაფრთოების კუთხით შერყეული თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გაუჭირდება მისი მთავარი გამოწვევის, ჩინეთის ფაქტორის ეფექტური განეიტრალება, რადგან თუ ევროპამ და უკრაინამ თავიანთ ძალებით მოახერხეს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტრამპის წვლილი ამაში მინიმალური იქნება, ის დააკნინებს აშშ-ის როლს მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე და გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ვიხილოთ აშშ-სგან დისტანცირებული და ჩინეთთან ეკონომიკურად კიდევ უფრო დაახლოებული ევროპა. ეს ნამდვილად არ დაასხამს აშშ-ის, როგორც გეოპოლიტიკური პოლუსის, წისქვილზე წყალს და ჩინეთის ფაქტორთან კიდევ უფრო გაუჭირდება გამკლავება.
– დაბოლოს, ამ ახალ მსოფლიო წესრიგში საქართველოს მომავალი როგორ გესახებათ?
– საქართველო ისევ და ისევ ამ წესრიგის რუხ ზონაშია. იკლებს და უარესდება დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში, არ იკვეთება საგარეო პოლიტიკის ძირითადი ღირებულებები და მთავარი ორიენტაცია, თუ საით, რატომ და როგორ უნდა იმოძრაოს ქვეყანამ, არაფერი კეთდება ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური სუვერენიტეტის განვითარება-განმტკიცებისთვის და სანამ ჩვენით არავინ ინტერესდება, ქვეყანა თვითდინებაზეა მიშვებული. ეს გარემოება ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ პირველი ვინც მოიცლის და შეამჩნევს საქართველოს ასეთ მდგომარეობას, სწორედ მის ხელში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანაც და მისი ბედიც. არსებობს ალბათობა, რომ ასეთები შესაძლოა აღმოჩნდნენ დასავლური ლიბერალური ტიპის გეოპოლიტიკური აქტორები, რომლებიც არ არიან ჩვენდამი მტრულად განწყობილნი, თუმცა, ჩვენდა სავალალოდ, შესაძლოა ესენი, ასევე, იყვნენ ჩვენს უშუალო სამეზობლოში არსებული ისეთი ღრმად დიქტატორული და ტირანიულთან მიახლოებული რეჟიმები, როგორებიც არიან მოსკოვისა და თეირანის რეჟიმები ან/და მათი ალიანსი. ამიტომ ჩვენთვის სასურველია ასეთი რეჟიმების მაქსიმალური დასუსტება ან/და საერთოდ ჩამოშორება შესაბამისი ქვეყნების მართვის სადავეებიდან.
ლაშა ხომერიკი