
მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში დასრულდა
„თბილისი არენაზე“ მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა ფარიკაობაში, რომელიც რვა დღე – 22-დან 30 ივლისამდე მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 120 ქვეყნის 1200-ზე მეტი მოფარიკავე მონაწილეობდა, სულ კი ჩემპიონატზე 3000-მდე სტუმარი გვეწვია.
აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება ოლიმპიურ სახეობებში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომლის მასპინძლობის უფლება ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა და სასიხარულოა, რომ საქართველომ მას ღირსეულად უმასპინძლა.
როგორც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან აღნიშნა: „მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ სტუმრების შეფასებაა, რაც ძალიან მახარებს. ამის გამო, საერთაშორისო ფედერაციისგან უამრავი ჯილდო მივიღეთ. ყველაფერი სანდრო ბაზაძის მსოფლიო ჩემპიონობამ დააგვირგვინა“, – აღნიშნა მან.
სანდრო ბაზაძეს მსოფლიო პირველობებზე უკვე ჰქონდა მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სასიხარულოა, რომ თბილისურ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს თბილისი კვლავ უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას – ევროპის ჩემპიონატს, შემოდგომაზე კი მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანებში გაიმართება, რომელზეც არაერთი ცნობილი ადამიანი გვეწვევა.
მანანა ძიძიშვილი