მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში დაიწყო
By

მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში დაიწყო

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელიც 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე, ისევე, როგორც ოლიმპიადაზე,  სრული შემადგენლობით ასპარეზობს. ყინულზე გამოდიან: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია  გუბანოვა (ქალები), ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).

გუშინ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან პირველი ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა გამოვიდა, რომელმაც მოკლე პროგრამით საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა. შესაბამისად, 69,92 ქულა მიიღო. ეს შედეგი, საბოლოოდ, მეექვსე აღმოჩნდა და ანასტასია ფინალურ ეტაპზეც იასპარეზებს. აქ პირველ-მეორეზე ჯერჯერობით იაპონელები არიან, მესამეზე – ამერიკელი.

25 მარტს, ასევე, ამავე პროგრამით იასპარეზა ანასტასია  მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მათ სეზონში თავისივე შედეგი გააუმჯობესეს და 79, 45 ქულა დაიმსახურეს. ქართული წყვილი მედლის რეალური პრეტენდენტია. მათ მოკლე პროგრამაში მეორე ადგილი აიღეს.

გუშინ ყინულზე მამაკაცების მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე წარსდგა, ხოლო გვიან საღამოს თავისუფალი პროგრამით ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გამოვიდა.

27 მარტს სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი იასპარეზებს, ამავე დღეს ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას შეასრულებს, 28 მარტს ნიკა ეგაძე თავისუფალი პროგრამით ისრიალებს. ამავე პროგრამით წარსდგება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი.

29 მარტს საჩვენებელი გამოსვლები გაიმართება.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მარტი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *