მსოფლიო ჩემპიონობიდან ტყავის ოსტატობამდე – ახალგაზრდა შემოქმედის ისტორია
By

მსოფლიო ჩემპიონობიდან ტყავის ოსტატობამდე – ახალგაზრდა შემოქმედის ისტორია

დათო ჩითინაშვილს ახალგაზრდობიდანვე ჩამოუყალიბდა ხელნაკეთი ნივთებისადმი სიყვარული. წლების განმავლობაში, მისი თითოეული ნამუშევარი – ქამრიდან სამაჯურამდე, ჩანთიდან ფეხსაცმლამდე, დაუღალავი შრომის და შემოქმედებითი ხედვის ნაყოფია, თუმცა დათო ჩითინაშვილის ცხოვრება მხოლოდ ხელოვნების სფეროთი არ შემოიფარგლება. იგი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონია, გარდა ამისა უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე (ფლეიტა, გიტარა, ფანდური, ფორტეპიანო) და მღერის.
დათო სიღნაღიდანაა, ზაფხულობით ბათუმს სხვადასხვა ფესტივალის ფარგლებში სტუმრობს, სადაც ადგილობრივებსა და ტურისტებს, გამოფენა-გაყიდვის სივრცეში, საკუთარ ხელნაკეთ ტყავის აქსესუარებს აცნობს.

– დათო, როდის დაინტერესდით ნატურალურ ტყავზე მუშაობით და რა იყო პირველი ნივთი, რომელიც საკუთარი ხელით შექმენით?

– ამ საქმით ჩემი მშობლიდან გამომდინარე დავინტერესდი – მამა ფეხსაცმელებს კერავდა და ბავშვობიდან მქონდა შეხება ამ სფეროსთან. პირველად, სტუდენტობის პერიოდში, ჩემთვის ქამარი დავამზადე. ნელ-ნელა შევატყვე, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა და გადავწყვიტე, ბიზნესად მექცია. ვაკეთებდი სამაჯურებს, საფულეებს, შემდეგ ჩანთები დავამზადე, ბოლო ორი წელია, ფეხსაცმელებიც დავამატე.
რომელია ყველაზე რთული პროცესი ტყავისგან აქსესუარების დამზადებისას?
– ეს საქმე იმდენად მიყვარს, ჩემთვის რთული თითქმის არაფერია, თუმცა საკმაოდ შრომატევადია, ასე ვთქვათ, სარჩულზე აყვანა. თვითონ ტყავი უფრო მომყოლია და ყველა დეტალს კარგად აკეთებ, სარჩულის გაკეთება კი უფრო ფაქიზი სამუშაოა. ვინც ნაჭერზე მუშაობს, მისთვის პირიქითაა, ტყავზე მუშაობა ერთულება.

რომელ ნივთს თვლით თქვენს ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად და რატომ?

– რომელიმე ნივთს ვერ გამოვარჩევ, რადგან ქამარი იქნება ეს, ჩანთა, საფულე, სამაჯური თუ ნებისმიერი აქსესუარი, ყველა ჩემი ფავორიტია.

როგორ რჩევთ დიზაინს და სტილს წინასწარ გეგმავთ თუ პროცესში იბადება იდეა?

– შეიძლება სრულიად სხვა რამეს ვაკეთებდე და უცებ, ტყავთან დაკავშირებით, რაღაც იდეა გამიჩნდეს. ამას აუცილებლად ვინიშნავ, ან ტექსტით ჩავიწერ სადმე, ან ხმოვანი შეტყობინებით, რომ კონკრეტული დეტალი ასე გავაკეთო. რაც შეეხება დიზაინს, მრავალფეროვანი არჩევანი მაქვს. ვცდილობ, ჩემი იდეები მაქსიმალურად განვახორციელო. თავისით მოდის შთაგონება, მთავარია ჩაინიშნო, რომ არ დაგავიწყდეს.

გქონიათ თუ არა განსაკუთრებული შეკვეთა და თუ გყოლიათ მომხმარებელი, რომელიც ყველაზე კარგად გახსენდებათ?

– იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დიდი ხანია, ამ სფეროში ვარ, რა თქმა უნდა, კარგი შეკვეთებიც მქონია და განსაკუთრებული მომხმარებელიც მყოლია. ერთ-ერთი გამორჩეული იყო სასტუმრო „რუმს ჰოტელის“ შეკვეთა, სადაც ვამზადებდი ე.წ. ჩეკის ჩასადებებს და ასევე, ბრელოკებს. ყველაზე მასშტაბური იყო საჯარო რეესტრის შეკვეთა – მოსამართლეებისთვის და იქ მომუშავე პერსონალისთვის სასაჩუქრედ 65 ჩანთა შეგვიკვეთეს. რეკორდულ დროში შევკერეთ, რაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო.

– რომელი ფესტივალის ფარგლებში გაქვთ წარმოდგენილი თქვენი პროდუქცია?

– მოგეხსენებათ, ბათუმში, ზაფხულის სეზონზე, ივნისიდან იწყება და სექტემბრამდე ტარდება სხვადასხვა ფესტივალი. ფესტივალი „არგანი“ წლებია იმართება. მახსოვს, 8 წლის წინ, 26 მაისის სახელობის პარკში ჩატარდა და პირველად მივიღე მონაწილეობა. ყოველ წელს ჩამოვდივარ აქ და სიამოვნებით ვმონაწილეობ ამა თუ იმ ფესტივალში. ყოველთვის მიყვარდა ბათუმი, ძალიან მომწონდა აქ მუშაობა, გართობაც, რასაც ბოლო პერიოდში ვერ ვახერხებ, უფრო ვმუშაობ. მომწონს ადგილობრივებთან, ტურისტებთან ურთიერთობა. ვაწარმოებ ჩემს პროდუქციას და მე თვითონვე ვყიდი.

– დაბრენდილი გაქვთ თქვენი პროდუქცია?

– დიახ, ჩემს ბრენდს „ლაიგერი“ ჰქვია, „ლაიონისა“ და „თაიგერის“ ჰიბრიდია, რომელიც რეალურადაც არსებობს, ეს არის ლომისა და ვეფხვის ნაჯვარი, რომელსაც ლაიგერი დაარქვეს. მე-14 წელია, რაც ამ სფეროში ვარ, მომწონს და მიყვარს ეს საქმე. ჩემს სხვა ცხოვრებისეულ საქმიანობებთან შედარებით, ყველაზე მეტი დრო ამ სფეროს დავუთმე და საბოლოოდაც ეს საქმე ავირჩიე.

როგორი იყო გზა მსოფლიო ჩემპიონობამდე?

– რაც შეეხება სპორტულ ნაწილს, თავის დროზე ინსპირაციის წყარო ისევ და ისევ, მამაჩემი იყო. სულ ვარჯიშობდა და საკმაოდ კარგი მიღწევები ჰქონდა – საქართველოს რეკორდსმენი, სპორტის ოსტატი, ევროპის პრიზიორი გახლდათ. მეც ბავშვობიდან სპორტით დავკავდი და 2013 წელს, ფინეთში, 23 წლამდელთა კატეგორიაში, ძალისმიერ სამჭიდში, კონკრეტულად კი წოლჭიმში, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.

– ელოდით ამ გამარჯვებას?

– ძალიან დიდი შრომა მქონდა ჩადებული, ყველაფერი გვერდით გადავდე სპორტის გამო. ალბათ, ველოდი კიდეც გამარჯვებას, რადგან ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ვიწყებ, მინდა, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო. ცხადია, გამიხარდა, რომ შრომა დამიფასდა.

რა გახდა სპორტული კარიერის დასრულების მიზეზი?
ვფიქრობ, სპორტში ნამდვილად გავაკეთე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. სამწუხაროდ, შემდეგ იყო ტრავმები, რამაც  ხელი შემიშალა, არც სპონსორები მყავდა და… საბოლოო ჯამში, ჩემს სპორტულ კარიერას 27 წლის ასაკში დავემშვიდობე.

– როგორც ვიცი, სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავთ და მღერით, რომელი ინსტრუმენტია თქვენს გულთან ყველაზე ახლოს და რატომ?

– დიახ, ბავშვობიდან სპორტის პარალელურად, ფლეიტაზე ვუკრავდი, ასევე, გუნდში ვმღეროდი. შემდეგ სამების მგალობელთა სკოლაში დავდიოდი, გალობას ვსწავლობდი. სკოლის გუნდთან ერთად რამდენიმე ტაძარშიც გამოვედი. სტუდენტობის პერიოდში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „სნო“, რომელიც დაახლოებით 25 წევრისგან შედგებოდა. რაც კი ქართული მუსიკალური ინსტრუმენტია, ყველაზე ვუკრავდით, კონკრეტულად მე – ფანდურზე და ვმღეროდი. საკრავების გამორჩევაც რთულია. გიტარაც ძალიან მიყვარს, ფორტეპიანოს ჟღერადობაც ძალიან მომწონს და ზოგადად, კლასიკური ინსტრუმენტები უზომოდ მიყვარს.

რომ არა თქვენი დღევანდელი საქმიანობა, რას გააკეთებდით?

– ალბათ, ჩემი პროფესიით ვიმუშავებდი, რომელიც ასევე, ძალიან მიყვარს – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-ეკოლოგიის ფკულტეტი დავამთავრე. მიყვარს ბუნება და სიამოვნებით ვიქნებოდი მისი დამცველი.
პროფესიას რატომ არ გაჰყევით?
– სხვათა შორის, მქონდა შესაძლებლობა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რაღაც შემექმნა, საკუთარი თავის უფროსი ვყოფილიყავი. ვცადე რამდენიმე სფეროში მოღვაწეობაც – მარკეტინგში, გაყიდვებში, თუმცა მერჩია, საკუთარი საქმიანობა მქონოდა. პროფესიის კუთხითაც იყო ეს შესაძლებელი, თუმცა… არ არის გვიან, იქნებ სამომავლოდ დავუბრუნდე ამ სფეროს.

 – მომავალ წელსაც აპირებთ ბათუმში ჩამოსვლას?
აუცილებლად ვაპირებ. ჩემი საქმიანობის უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავ, ასევე, ხალხის დასაქმებას. თბილისში სახელოსნო და ტყავის აქსესუარების მაღაზია მაქვს და ადგილზე ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებ. საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაშიც ვგეგმავ საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *