მსოფლიო წესრიგი – ახალ ფაზაში
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი და ოფიციალური პეკინი კატეგორიულად გმობენ აშშ-ის ქმედებებს ვენესუელაში, ვაშინგტონის პოზიცია მაინც კატეგორიულია. დონალდ ტრამპმა უკვე ირანის ხელისუფლებაც გააფრთხილა მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით… უდავოა, რომ ამ პროცესების უკან რეალურად დიდი პოლიტიკაა – ნავთობის მარაგი, რომელიც ვენესუელასა და ირანშია. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი მადურო არალეგიტიმური მმართველი იყო, მისი მოტაცება საერთაშორისო ნორმების დარღვევად შეფასდა, რამაც შესაძლოა აგრესიული ქვეყნების გააქტიურება გამოიწვიოს. ისმის არაერთი კითხვა: რა მიზანი ამოძრავებს აშშ-ს, რა პრეცედენტი შეიქმნა ამ მიმართებით, რამდენად მოსალოდნელია მსგავსი ქმედება სხვა სახელმწიფოებმაც განახორციელონ და იცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ბსუ-ის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლევან ჯაყელი.
– მთელი მსოფლიოს ყურადღება ირანისკენ და ვენესუელისკენაა მიპყრობილი, ჯერ ვენესუელაზე ვისაუბროთ. . .
– საინტერესო ეპოქაში მოგვიხდა ცხოვრება, ძალიან გართულდა ყველა პროცესი მსოფლიოში. ეს პროცესები არ შეიძლება ვთქვათ, რომ გონივრულია, კანონზომიერია. ფაქტია, რომ მსოფლიო წესრიგმა დაიწყო გადაწყობა, თვითდინებაზე მიშვებულმა პროცესებმა გამოიწვია ის, რომ მსოფლიო არენაზე პრიორიტეტული გახდა დასწრება, ინიციატივა, ანუ თითოეული სახელმწიფო (რომელსაც რაღაც წონა აქვს) დაჩქარებული ტემპებით ცდილობს რაღაცის მითვისებას. ისინი ხედავენ, რომ მსოფლიო წესრიგი მორყეულია, ჩამოშლილია, სარგებლობენ ამ მომენტით და მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ. ფაქტია, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება.
– როგორც ცნობილია, მსოფლიო წესრიგი თავდაპირველად რუსეთმა დაარღვია, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– ვინ დაარღვია თავდაპირველად საერთაშორისო სამართალი, რთული სათქმელია, რადგან აშშ-საც აქვს (მის უახლეს ისტორიაში) ჩადენილი ისეთი ქმედებები, რომლებიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი პოზიციების დასაცავად, თუმცა, ფაქტია, რომ ამ მხრივ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით დაარღვია… ახლა რაც შეეხება ვენესუელის მაგალითს: სამართლებრივად ეს არის ერთი სახელმწიფოს მეორის ტერიტორიაზე შეჭრა, სპეციალური ოპერაციის ჩატარება, სხვათა შორის, გაცილებით გააზრებულად და წარმატებულად, ვიდრე ეს გააკეთა რუსეთმა. ერთადერთი, რაც განასხვავებს ამ მიმართებით რუსეთისა და აშშ-ის ნამოქმედარს, ესაა მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა რუსეთის მიერ.
– უდავოა, რომ ეს მოვლენა ახალი ეტაპია მსოფლიო პოლიტიკაში, როგორი იქნება ამ ოპერაციის პოლიტიკური შედეგი ამერიკისთვის?
– ამერიკის პოლიტიკის განმსაზღვრელი არის ეკონომიკა, მატერიალური რესურსები. მისი პოლიტიკა მთლიანად აგებულია ეკონომიკურ ინტერესებზე. იქ, სადაც ეკონომიკური სარგებელი არ არის, აშშ-ს პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია. თავისთავად, ვენესუელის მიმართ მას ეკონომიკური ინტერესი აქვს. ამ ოპერაციიდან აშშ-ს სურს ფინანსური დივიდენდების მიღება, როგორც უკრაინიდან მიიღო – მინერალებზე საინტერესო ხელშეკრულების კუთხით… ვთვლი, რომ აშშ-ს ძალიან მკაფიოდ გაანალიზებული გეგმა აქვს, რომელსაც ჩვენ სულ მალე ვიხილავთ. დღეს ის გასაიდუმლოებულია, მაგრამ რამდენიმე ხანში გამოაშკარავდება.
– ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ აშშ–მა ზემოაღნიშნული ქმედებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, სხვები კი ამბობენ, რომ არ დაარღვია, რადგან მან არალეგიტიმური ხელისუფალი და ნარკობარონი დააკავა. . .
– აქ არ შეიძლება პასუხი იყოს ერთგვაროვანი იმიტომ, რომ ფაქტი იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი მნიშვნელობის. ამ ფაქტს სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შეხედო, თუმცა, ცხადია, რომ არასასურველ პრეცედენტს ქმნის. როგორც ვთქვი, ერთი ქვეყნის მთავრობამ გაიტაცა და დაატყვევა მეორე ქვეყნის ხელმძღვანელი, ეს სრულიად შესაძლებელია, ბოროტად გამოიყენონ არადემოკრატიულმა ძალებმა. ძალების მხრიდან. ასეთ პირობებში დაცული არ არიან პატარა სახელმწიფოების ლიდერები, განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლები. რუსეთმა ეს პრეცედენტი შეიძლება გამოიყენოს სათავისოდ, მაგალითად, დაადანაშაულოს კრიმინალურ ქმედებებში და მოახდინოს მათი ნეიტრალიზაცია. სხვათა შორის, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არსებობს ისეთი საფუძვლები მსოფლიოში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ და კოლექტიურ ზომებს, ასევე ჰუმანიტარულ ინტერვენციას, ანუ აღიკვეთოს სახელმწიფოს მხრიდან გენოციდის ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ ვენესუელის მაგალითს, შეიძლება ამერიკამ დიდი ბოროტება ააცილა თვითონ ვენესუელასაც. ცხადია, ამას არაერთი შეფასება მიეცემა, თუმცა იმის მტკიცება, რომ საერთაშორისო სამართალი დაირღვა და იგი აღარ არსებობს, არ შეიძლება. იმედი უნდა გავუცრუო სკეპტიკოსებს, საერთაშორისო სამართლი ჩვეულებრივად აგრძელებს მოქმედებას.
– ვენესუელაში სიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარი განიხილება. . .
– წეღან აღვნიშნე, რომ აშშ-ს უმთავრესად ეკონომიკური ინტერესი ამოძრავებს, მას საერთოდ არ აღელვებს, რა პოლიტიკური სიტუაცია და რეჟიმი იქნება ვენესუელაში და ვინ იქნება მმართველობაში, მთავარია, რომ აშშ-ს, მის კომპანიებს შეეძლოს იმ პროცესების მართვა, რომელიც აინტერესებს. მას აინტერესებს წიაღისეულის მოპოვება და მონიტორინგი.
– ისიც ცხადია, რომ აშშ-სთვის მიუღებელი იყო ვენესუელაში დიქტატორული რეჟიმი, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ უმთავრესი მიზანი ნავთობია, მისი დაპატრონება რამდენად იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ?
– არსებითად იმოქმედებს. უდავოა, რომ ვენესუელის ნავთობზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სავალალო იქნება. ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს მის ეკონომიკაზე, მის მსყიდველუნარიანობასაც დაამჩნევს კვალს.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა აშშ-ის მსგავსი ქმედებები პოსტსაბჭოთა სივრცეში განახორციელოს?
– მე მარტივ კითხვას დავსვამ: რა უდგას წინ? პრეცედენტი დაუშვა ერთმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს მიმართ, როგორც ნათქვამია, ის, რაც შეუძლია ერთს, შეუძლია მეორეს! როცა კოსოვოს პრეცედენტს უშვებდა დასავლეთი, აშშ, ჩვენ ვიცოდით, რომ ამას რუსეთი გამოიყენებდა და გამოიყენა კიდეც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე მოხდება ამჟამადაც, თუმცა რუსეთს ის რესურსი არ აქვს, რაც აშშ-ს. ეს სახელმწიფო უფრთხილდება საკუთარ იმიჯს. აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტს დაარქვა ნარკობარონი! ნარკოტერორისტი! შეამკო კრიმინალური ტერმინით, რასაც რუსეთი სხვა სახელმწიფოს მიმართ არ აკეთებს, იგივე ზელენსკის მიმართ – მასხარას ეძახის მას, დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კომიკოსი უნდა მოაცილო ძალაუფლებას? ამგვარად, აშშ-ს შესწევს იმის უნარი, რომ თავის მხარეზე გადაიბიროს ცივილიზებული სამყარო და დაარწმუნოს, რომ ნარკოტიკი საერთო უბედურებაა და მას ამაში მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ თუნდაც მეორე სახელმწიფოს მეთაურის ძალისმიერი მეთოდებით დაკავებაც მისაღებია მსოფლიოსთვის. საერთაშორისო წესრიგი სხვა არაფერია – ესაა მისაღები წესრიგი უმრავლესი სახელმწიფოებისთვის. ფაქტობრივად, ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების სტადიაში ვართ.
– თქვენ კოსოვო ახსენეთ, ამ მხრივ რა ნეგატიური პროცესები განვითარდა მსოფლიოში?
– სახიფათო, შეიძლება სამართლიანიც იყო, მაგრამ მეტი გააზრება სჭირდებოდა, ისეთი მომენტი უნდა შერჩეულიყო, რომ მტკივნეული და გადამდები არ გამხდარიყო, ანუ არ გამოეწვია ჯაჭვური რეაქცია.
– ,,ჩვენ გვჭირდება გრენლანდია“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– სხვათა შორის, ეს თემა ამერიკის სამთავრობო კულუარებში დიდი ხანია ტრიალებს, უბრალოდ, ტრამპმა ეს სააშკარაოზე გამოიტანა და დაარქვა ყველაფერს საკუთარი სახელი, მაგრამ ამის საწინდარი ხომ სხვა სახელმწიფოების ქმედებებია. უყურებს რუსეთის, ჩინეთის მოქმედებებს და ამის მიხედვით ცდილობს, დაიცვას და გააფართოოს საკუთარი გავლენები. აშშ თავის მისიას ბრწყინვალედ ასრულებს. ამ მხრივ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ არ მისცემს რუსეთს, ჩინეთს თუ არაბულ სახელმწიფოებს იმის გაკეთების საშუალებას, რაც ამერიკის ინტერესებს, მსოფლიო დემოკრატიას ზიანს მიაყენებს. იგივე პრეტენზიები რატომ არ აქვს რუსეთს? ჩინეთს? საქმე ის არის, რომ რუსული და ჩინური დემოკრატია სანიმუშო დემოკრატიები და სიკეთის მომტანი არ არის! ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ქმედება აღიქმება, როგორც დემოკრატიის ზეიმი, დემოკრატიული მიღწევა, დემოკრატიაზე ზრუნვა. რაც უნდა იძახოს რუსეთმა და ჩინეთმა, რომ კარგია, მათ მიმართ პოზიციები მსოფლიოში არ იცვლება.
– ირანში მიმდინარე მოვლენებზე რას ფიქრობთ?
– მძიმე სურათია, ეს ჩვეულებრივი რეჟიმია. აქაც სახეზეა არადემოკრატიული რეჟიმის ჩანაცვლების მცდელობა. ასეთი პროცესები თანამედროვე მსოფლიოში გარედან ჩარევის გარეშე არ ხდება. უნდა ვაღიაროთ, რომ გარე ძალები აშკარად ერევიან, თუმცა ესეც უნდა მივიჩნიოთ დემოკრატიულ პროცესად, ადამიანის უფლებებზე ზრუნვად, მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებად და ა. შ. იმიტომ, რომ ირანი დიდი ხანია ამოღებულია მიზანში, როგორც არადემოკრატიული, ადამიანის უფლებების არად ჩამგდები, გენოციდის განმახორციელებელი, რაც არაერთხელ დაამტკიცა ამ რეჟიმმა. მან ირანი მოსწყვიტა მსოფლიო საინფორმაციო ველს, მოსახლეობას დაუპირისპირდა, შექმნა კრიზისი. მოსახლეობას მთავრობის ეს თვითნებობა ყელში ამოუვიდა, რის გამოც გადავიდნენ რადიკალურ ზომებზე. ხალხს, მოსახლეობას აქვს ამის უფლება, ანუ უკმაყოფილების გამოხატვა. ხელისუფლება ძალის გამოყენებით რომ პასუხობს, ეს მიუღებელია, ამას აშშ არ დაუშვებს, რადგან ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ იცავს ადამიანის უფლებებს, ზრუნავს დემოკრატიის განვითარებისთვის.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ აშშ სამხედრო გზით ჩაერიოს ირანში მიმდინარე პროცესებში?
– არაფერია გამორიცხული. ამის პრეცედენტი არსებობს, – ამასწინათ აშშ-მა და ისრაელმა რა ზომები მიიღო ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, კარგად მოგეხსენებათ. ისრაელი მხოლოდ მწვანე შუქს ელოდება, მას არ სჭირდება აშშ-ის მხრიდან სამხედრო ჩარევა, თვითონ განახორციელებს ყველაფერს.
– სხვათა შორის, ამერიკაში მცხოვრებმა ირანის ტახტის მემკვიდრემ განაცხადა, რომ თუ ის მოვა ხელისუფლებაში, ისრაელს აღიარებს და დასავლეთთან დაალაგებს ურთიერთობებს. . .
– ეს უკვე გარიგებაა. თვითონ ირანში საგრძნობია შაჰის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა ამ დინასტიის მიღებაზე უარს ამბობს ირანელთა მნიშვნელოვანი ნაწილი და უფრო აზერბაიჯანული სამეფო დინასტიის აღდგენას უჭერს მხარს. ირანში უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე ჩანს.
– აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება, ამ მხრივ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს თუ არა მსოფლიო წესრიგს?
– დიახ, დაიწყო მსოფლიო წესრიგის ფორმირება, ამის ინსპირაცია მოახდინა სწორედ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე, რამაც განაპირობა აშშ-ის სითამამე თავის ქმედებებში – თუ ამას რუსეთი აკეთებს, ანუ კრიმინალს ჩადის ღიად, ამერიკელებს რატომ არ შეუძლიათ უფრო დემოკრატიული, კაცობრიობისთვის უფრო სასარგებლო მოქმედებები განახორციელონ?! ამიტომ ჩვენ ბევრი საინტერესო მოვლენის მომსწრე გავხდებით, მსოფლიო არენაზე ძალიან შემაშფოთებელი ამბები გველოდება.
– დასავლეთი რამდენად დაინტერესებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სწრაფად დამთავრდეს?
– ომის დასრულება, პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას აწყობს, მთავრობებისათვის კი ომი ეკონომიკური რესურსების მობილიზების, პრიორიტეტების გადაწყობის და ხარვეზების გადაფარვის შესაძლებლობაა… რუსეთის ფედერაცია კი მშვიდობით დაინტერესებულია იმიტომ, რომ მან ამ მხრივ სტრატეგიული ამოცანები ვერ შეასრულა, მისი ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია. აშკარაა, რომ რუსეთი ნელ-ნელა დაიწყებს პოზიციების დაკარგვას, რადგან მისი რესურსები, სამხედრო პოტენციალი იკლებს, რასაც ვერ ვიტყვით ევროპაზე, ამერიკაზე. სხვათა შორის, უკრაინამაც გააძლიერა სამხედრო პოტენციალი, შექმნა ბალისტიკური რაკეტები, ამიტომ უკრაინა დაიწყებს გაძლიერებას, რუსეთი კი დასუსტებას. დასავლეთი დარწმუნდა, რომ კონფლიქტი უნდა გაგრძელდეს რუსეთის სრული მარცხით.
– დაბოლოს, ამ ახალ მსოფლიო წესრიგში საქართველომ რა უნდა მოიმოქმედოს?
– საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ის ხაზი, რომელსაც ახლა ავითარებს, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო არენაზე იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დაბალანსებული, მეგობრული, საქმიანი ტონი. ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ამართლებს, ჩვენ გვაქვს სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა, შესაბამისად, საჭიროა შევინარჩუნოთ ეს შედეგი!
ლაშა ხომერიკი