მუზეუმი, როგორც განათლების ცოცხალი სივრცე
By

მუზეუმი, როგორც განათლების ცოცხალი სივრცე

4 და 5 აპრილს სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით, გაიმართა მოსწავლეთა IV რეგიონული კონფერენცია – „მუზეუმის როლი განათლებაში“.
კონფერენცია აჭარის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში პარალელურად მიმდინარეობდა და მოიცავდა მრავალფეროვან სექციებს: ისტორია, სამოქალაქო განათლება, ლიტერატურა, არქეოლოგია-ეთნოლოგია, ხელოვნება, ასევე, საბუნებისმეტყველო მიმართულებებს (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია). საერთო ჯამში, წარმოდგენილი იყო 200-მდე მოხსენება, რაც მონაწილეთა აქტიურობასა და თემისადმი ინტერესს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მოსწავლეებისათვის იმ ცოდნის გაზიარება, რაც განათლებაში მუზეუმის როლს უკავშირდება. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმაზე, რომ მუზეუმი მხოლოდ ექსპონატების დაცული სივრცე არ არის, ის ცოცხალი საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც ისტორია, კულტურა და მეცნიერება რეალურ, ხელშესახებ ფორმას იძენს. მუზეუმში დაცული ექსპონატები გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ჩვენი ქვეყნის წარსული, კულტურული მემკვიდრეობა და განვითარების გზა. სწორედ ამიტომ, მათი ცოდნა და გააზრება მნიშვნელოვანია როგორც ზოგადი განათლების, ისე პიროვნული ჩამოყალიბებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ ახალგაზრდებს ურჩია, უფრო ხშირად ეწვიონ მუზეუმებს, გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, რადგან სწორედ ეს ცოდნა აძლიერებს ეროვნულ თვითშეგნებას და კულტურულ იდენტობას.
კონფერენციის დასასრულს, სექციების მოდერატორებმა შეაჯამეს მუშაობა, ხოლო მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • აპრილი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *