მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა
By

მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა

ბათუმს კიდევ ერთი ანსამბლი შეემატა. „აჭარა“ – ასე დაარქვეს ანსამბლს, რომელშიც სულ ორი კაცი – მიშიკო ცინცაძე და მანუჩარ გოგიტიძე მღერიან. ამ კოლექტივზე, რა თქმა უნდა, უფრო დუეტი ითქმის, თუმცა, როგორც ანსამბლის დამაარსებელმა მიშიკო ცინცაძემ გვითხრა, მათთან ერთად კიდევ ერთი – ცოტნე მელაძეც მღერის, რომელიც ამჟამად სხვა კოლექტივთან ერთად გასტროლზე იმყოფება.

„აჭარა“ პირველად წარსდგა აუდიტორიის წინაშე. პრეზენტაცია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მართალია, ჯერ ცოტანი არიან, მაგრამ როგორც მიშიკომ გვითხრა, იმედოვნებს, რომ ანსაბლის წევრთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

ანსამბლის შექმნა ქართული ხალხური სიმღერების სიყვარულმა, მათი გაცოცხლებისა და მსმენელისთვის შეთავაზების სურვილმა განაპირობა.

პრეზენტაციაზე მომღერლებმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს, მათ შორის, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „ევრიდა მასპინძელსა“, „მაჭახლური აბადელია“, „მივალ გურიაში მარა“, შუახევური შაირები“, „გურული ჩარირამა“…

მიშიკო ცინცაძეს აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა აქვს დამთავრებული, ძალიან უყვარს ჩვენი ფოლკლორი, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სიმღერა შეისწავლოს და სხვებიც მიიზიდოს…

– რამდენიმე თვეა, რაც ჩვენი ანსამბლი შეიქმნა, მაგრამ წარდგინება მხოლოდ ახლა მოვახერხეთ. თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორ მამუკა ალაფიშვილს, რომელმაც სასწავლებლის დარბაზი დაგვითმო და რეპეტიციებსაც აქ ვატარებდით. გვინდა, რაც შეიძლება უფრო ახლოს გაგვიცნოს მსმენელმა და ბევრ ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა, – გვითხრა მიშიკო ცინცაძემ.

– ბავშვობაში აჭარის ბავშვთა სახელმწიფო ანსამბლში ვმღეროდი, რომელსაც ბატონი რამინ მიქაბერიძე ხელმძღვანელობდა. ის ანსამბლი კი დაიშალა, მაგრამ ხალხური სიმღერის სიყვარული თან მომყვება. ჩვენ ერთმანეთს საერთო მეგობარმა არჩილ დავითაძემ დაგვაახლოვა. თავიდან მიშიკო და ცოტნე იყვნენ ერთად, მერე მათ მეც შევუერთდი. მიშიკომ ძალიან ბევრი სიმღერა იცის. ყველაფერს ჩვენი ძალებით და მონდომებით ვსწავლობთ. გვინდა, მსმენელს ჩვენი შესაძლობლებები ვანახოთ. თუ რა გამოგვივა, ამას საზოგადოება შეაფასებს, – აღნიშნა მანუჩარ გოგიტიძემ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *