„მშვიდობას ვუსურვებ თითოეულ ქართველს – მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა!“
By

„მშვიდობას ვუსურვებ თითოეულ ქართველს – მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა!“

საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პოლიტიკურ დაპირისპირებებზე, საკრებულოს აჩევნებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობს „აჭარასთან“ ბათუმის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ხალხის ძალისთავმჯდომარე ნინო ცხვარაძე.

როგორ შეაფასებდით მიმდინარე წელს პოლიტიკური თვალსაზრისით?

– პოლიტიკურ ჭრილში 2025 იყო პოლარიზაციის და დაპირისპირების წელი, რაც, ძირითადად, გარე ფაქტორებით, უცხოელი „მეგობრების“ საშინაო პოლიტიკაში აქტიური ჩარევით და მკაცრი მითითებებით იყო გამოწვეული.

2025 წელი მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებითაც, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა რადიკალური ოპოზიციის ნაწილმა. ამ შემთხვევაშიც, ვერ მოახერხა ოპოზიციამ ერთიან პოზიციაზე შეჯერება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიიღეს მონაწილეობა, რაც სტრატეგიულ შეცდომად მონათლეს მათივე თანამოაზრეებმა.

– ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ არ იქნებოდა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო…

– ეს და მსგავსი განცხადებები, მათი მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო. აბა, სიმართლეს ხომ არ იტყოდნენ, უცხოელმა პატრონებმა თითი დაგვიქნიეს და არჩევნებში მონაწილეობა აგვიკრძალესო. თან იმედებს ამყარებდნენ, არჩევნების დღეს მთავრობას ჩამოვაგდებთო, თუმცა, რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. ახლა აღარ მოვყვები იმ ამბავს, რასაც ისედაც მოჰყვა უამრავი გამოხმაურება, მათ შორის, იუმორნარევიც… მოკლედ რომ ვთქვათ, რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელ პარტნიორებს თუ პატრონებს იმედები ვერ გაუმართლა – საქართველოში ვერ შედგა მაიდანი, ვერ აგორდა რევოლუცია და ამ მიზნით საზღვარგარეთიდან გადმოგზავნილი მილიონები წინამძღოლებს წყალში ჩაეყარათ.

2025 წელს, ასევე, მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი მუშაობა. კომისიის სხდომები მძიმე საყურებელი იყო, ჩვენ ვუსმენდით ადამიანებს, რომლებმაც ჯოჯოხეთი გამოიარეს… ამის მიუხედავად, ოპოზიცია უკან არ იხევდა, თავს იყრუებდა, თვალს იბრმავებდა და ხმამაღლა გაიძახოდა, კომისია ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის შეიქმნაო… ანუ ძალიან იოლი გამოსავალი მოძებნეს – ლეგიტიმურად არ ცნობდნენ. ოპოზიციური ლიდერები კომისიაზე გამოუცხადებლობის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის დააკავეს კიდეც, მაგრამ აქაც თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალეს საქმე და ისეთი ტექსტები დააგზავნეს, გმირობის შარავანდედით შეამკეს ევროპელმა თანამოაზრეებმა. ერთს ვიტყვი: სამართალი ყველასთვის ერთია ამ ქვეყანაში. მართალია, ჩვენი ოპონენტები შერჩევით სამართალსა და რეპრესიებზე საუბრობდნენ, მაგრამ ქართველი ხალხი არც ყრუა და არც ბრმა. სამწუხაროდ, გვახსოვს მძიმე, სისხლიანი რეპრესიებით გაწამებული ხალხი უახლოეს წარსულში, განადგურებული ბიზნესსექტორი, გაუბედურებული ოჯახები, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში და არაერთი სიბინძურე. ის კი არადა, ვთვლი, რომ ეს კომისია გაცილებით ადრე უნდა შექმნილიყო. კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოშია გადაგზავნილი. მეც მჯერა და ხალხსაც აქვს მოლოდინი, რომ სამართალი აუცილებლად აღსრულდება – ქვეყნის მოღალატე პარტიები აიკრძალება.

რამდენად გამართლებულად მიიჩნევთ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, აკრძალვას, ისედაც სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე მხარეები კიდევ უფრო ხომ არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს?

– პრინციპში, საკუთარი თავი, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, თავადვე აიკრძალეს და პოლიტიკური ველიც თავადვე გაასუფთავეს. ოპოზიციამ კარგად იცოდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავაც დამარცხდებოდნენ, მაგრამ, მაინც, პოლიტიკური მსხვერპლის სტატუსი მოირგეს. ამას დაემატა ისიც, რომ გიორგი გახარია ქვეყნიდან გაიქცა. დიახ, გაიქცა, რითაც თავი აარიდა კომისიის კითხვებს, თუმცა ღალატი და გაქცევა მისთვის არახალია. გახარია პასუხისმგებლობას ყოველთვის არიდებდა თავს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს მიღებულ კანონებს, რომელს გამოარჩევდით?

– ამ მხრივაც გამორჩეული იყო 2025 წელი, რამდენიმე, მართლაც მნიშვნელოვანი კანონი მიიღო ხელისუფლებამ არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვის და მოქალაქეებისთვის მშვიდი გარემოს შექმნის მიზნით, თუმცა ოპოზიცია დღემდე აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას, რასაც ცხადია, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სამართალდამცველების მხრიდან, დაკავებულ ურჩ მოქალაქეებს, ანუ იგივე კანონდამრღვევებს, როგორც წესი, ისევ და ისევ გმირებად წარმოგვიჩენენ და ტრიალებს ერთი და იგივე ისტორიები, რაც ხალხს უკვე მობეზრდა.

ანუ ოპოზიციამ პროტესტი არ უნდა გამოხატოს?

– რას ამბობთ, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას აქვს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება. თავადვე ხედავთ, არავინ არავის უზღუდავს სათქმელს. უცნაური და სასაცილოა, ტელეარხებით რომ გაჰკივიან ტირანიასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, თან ისეთი სიტყვებით ლანძღავენ მმართველ გუნდს, რომ უხერხულობის შეგრძნებაც კი გიჩნდება. არაფრის თქმას არ ერიდებიან, თუმცა ადამიანთა მცირე ჯგუფი, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე რომ მოქმედებს და ქვეყნის განვითარებას აფერხებს, უნდა შევაჩეროთ და მოვთხოვოთ კანონის ფარგლებში დაბრუნება. სხვაგვარად ვერ აშენდება ეს ქვეყანა და ვერ გახდება დასავლური დემოკრატიული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი… ბევრი წითელი ხაზია კიდევ, მაგრამ გლობალურ პოლიტიკაზე საუბარი საკრებულოს დეპუტატის კომპეტენციებს სცილდება. სიტყვა გამიგრძელდა, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვით, 2025 იყო გამარჯვების წელი! ქართველმა ხალხმა კვლავაც სწორი არჩევანი გააკეთა და ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მართვა კვლავაც მმართველ გუნდს ანდო!

ახალი მოწვევის საკრებულოზე რას გვეტყვით?

– ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბათუმელების გადაწყვეტილებით, 25-დან 22 მანდატი მმართველმა გუნდმა მიიღო. ოპონენტების უსუსური ბრალდებების მიუხედავად, საკრებულოში ბათუმსა და ბათუმელებზე მზრუნველი ადამიანები არიან უმრავლესობაში. მე-6 მოწვევის საკრებულო ორი თვეა მუშაობს და ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ახლახან დავამტკიცეთ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. ქალაქის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 570 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა, ეკონომიკის განვითარება და დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მწვანე და სუფთა გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგიური პროექტებისა და მწვანე სივრცეების გაფართოება და ა.შ.

ოპოზიცია არ აქტიურობს?

– როგორ არა, ყველა ხერხით გვეწინააღმდეგება ყველაფერში, ჩვენი ოპონენტების მოსაწონი, მგონი, ბუნებაში არაფერი არსებობს. მათი მხრიდან ბიუჯეტისთვის მხარის არ დაჭერა ცხადყოფს, თუ როგორ არ უყვართ ქალაქი. ოპოზიცია, ტრადიციულად, არა მხოლოდ ბათუმის საკრებულოში, ზოგადად, ყველგან დაკავებულია დესტრუქციით. იმ მცირერიცხოვან ამომრჩეველს პატივს ვცემ, ვინც მათ მხარი დაუჭირა, თუმცა, ბათუმელების სახელით ილაპარაკონ უავტორიტეტო და პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლებმა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. სამწუხაროდ, ოპოზიცია სხდომიდან სხდომამდე ინტრიგებისთვის ემზადება, მაშინ როცა ჩვენი გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებზე, მათი პრობლემების გადაჭრაზე არის ორიენტირებული.

ქალაქის ახალი მერის მუშაობას როგორ შეაფასებთ?

– ბათუმის ახალი მერი შესაშური ენერგიით და თავდაუზოგავად ეჭიდება არაერთ პრობლემას. დიახ, ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, გაკეთებულიც და გასაკეთებელიც ბევრია და თუ ოპოზიცია რამე ღირებულს შექმნის და გააკეთებს ჩვენი ქალაქისთვის, მაშინ დააფასებენ სხვის შრომას. წინ კიდევ ოთხი საინტერესო წელი აქვს ამ მოწვევის საკრებულოს და მჯერა, ბევრს სიკეთეს მოვუტანთ ქალაქს. სწორედ ამიტომ გამოგვიცხადეს ბათუმელებმა ნდობა და არა შოუების და სპექტაკლების მოსაწყობად.

– თქვენ ახსენეპრიორიტეტები, ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც რომელ პროგრამას თვლით?

– რაც ქალაქისთვის პრიორიტეტულადაა მიჩნეული, მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ ადამიანი ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებას ვერ მოახერხებს, მისთვის მეორეხარისხოვანია ინფრასტრუქტურა, რეკრეაცია და სხვა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი რეგიონი ამ მხრივ გამორჩეულია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების გარდა, ჩვენ გვაქვს ფუფუნება, ვისარგებლოთ აჭარის ჯანდაცვის და ბათუმის მერიის პროგრამებით, მთავრობის თავმჯდომარის და ქალაქის მერის სარეზერვო ფონდით, რომლის დიდი წილი სწორედ ჯანდაცვის მიმართულებით იხარჯება. პირადად მე, ყველაზე ხშირად, მოსახლეობა სწორედ ამ მიმართულებით მომმართავს და როცა დაფინანსებას მიიღებენ, მადლიერებასაც გამოხატავენ. ყველას ვუხსნი, რომ მე არ მეკუთვნის მადლობა, რადგან ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნავს როგორც მუნიციპალიტეტის, ისე რეგიონის ხელისუფლება, რასაც პროგრამების არსებობა ადასტურებს. მინდა იცოდნენ ბათუმელებმა, რომ შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამებით, ჩვენ კი მზად ვართ, დავაკვალიანოთ თითოეული მათგანი. ერთი საგაზეთო ინტერვიუ ნამდვილად არ იქნება საკმარისი მერიის პროგრამებზე სასაუბროდ. ყველა – მნიშვნელოვანია, ვერც ერთს გამოვყოფ, რადგან არც ერთი მიმართულება არაა დარჩენილი, სადაც მერია არ ეხმარებოდეს მოქალაქეებს როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით.

საკრებულოში სამი ფრაქციაა, ერთ-ერთის თავმჯდომარე თქვენ ხართ. უფრო მეტი რომ ვუთხრათ ჩვენს მკითხველს. . .

– დიახ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ვარ. ფრაქციის ძირითადი ფუნქცია პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაა. იცით, რომ სამი წლის წინ, თავდაპირველად პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც თავიანთი სიტყვა ნათქვამი ჰქონდათ პოლიტიკაში. ჩემი „ხალხის ძალაში“ წასვლაც, მეტწილად, ლიდერებით იყო განპირობებული, რომლებსაც სუფთა წარსული ჰქონდათ და ქვეყნის ბედი აწუხებდათ. დიახ, დღეს უკვე პარტია „ხალხის ძალას“ სათავეში უდგას სოზარ სუბარი, ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ებრძოდა უსამართლობას, იცავდა ადამიანის უფლებებს და ამას აგრძელებს დღემდე. ბატონები გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე… ზოგადად, ამ გუნდს უდიდეს პატივს ვცემ. ხმამაღლა ვიტყვი, ქვეყნის სასიკეთოდ ბრძოლაში მათ გვერდით ვიდგები, რადგან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან. ახალსაც ვერაფერს ვიტყვი, „ხალხის ძალის“ წევრებს ხომ ყინულმჭრელები დაარქვეს, რადგან ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე აიღეს იმ სიმართლის გაჟღერება, არაერთი წლის განმავლობაში ტაბუდადებული რომ იყო. მართალია, არამხოლოდ ჩემი მისამართით იყო ბულინგი, შეურაცხყოფა, გვიწოდებდნენ ამერიკელების მაგინებლებს, მაგრამ დღეს უკვე ცალსახად ნათელია, „ხალხის ძალამ“ ბევრი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს წარმოვადგენ და მათთან ერთად, ერთ აგურს მეც დავდებ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენი ოპონენტები ვერ აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს, იყო კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც „ხალხის ძალამ“ იტვირთა, რადგან დესტრუქცია ისე აქვთ შესისხლხორცებული, მათთვის ეს წარმოუდგენელია.

მოდით, საახალწლო განწყობისთვის გვითხარით, როგორ ხვდებით, რა ტრადიციები და სურვილები გაქვთ 2026 წლისთვის?

– პირველ რიგში, დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ქართველს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, რაც ხელისუფლების დამსახურებაა. არც ამ თემის განვრცობის სურვილი მაქვს წინასაახალწლოდ, თუ რა გადავიტანეთ, როგორ გვებრძოდნენ შიდა და გარე ძალები, როგორ ვერ გაგვტეხეს და ვერ გახსნეს მეორე ფრონტი…

ახალ წელს, ტრადიციულად, ოჯახში ვხვდები… დიახ, ბედნიერი ვარ, რომ მეუღლე და ჩვენი 21 წლის ვაჟი სახლში იქნებიან (და არა ფრონტის წინა ხაზზე) და ჩვენს ქალიშვილთან ერთად შევხვდებით ახალ წელს. ყველაფერი მომწონს ქართული და ტრადიციული. შეიძლება, ძველმოდურიც მიწოდონ, მაგრამ ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უთქვამს, ვერ წარმოგვიდგენიხარ სამზარეულოშიო, ვინც ახლოს მიცნობს, იცის, როგორ გემრიელ კერძებს ვამზადებ, განსაკუთრებით იმერულ ხაჭაპურს. სადღესასწაულო დღეებში ვმასპინძლობ ჩვენი ოჯახის მეგობრებს, ახლობლებს. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, მეორე ვადით საკრებულოს წევრად არჩევა. ეს არის გამოწვევა, რადგან მომდევნო ოთხი წელიც ჩემი ქალაქის სამსახურში უნდა გავატარო. ამასთან, სტატუსის მიღმა, ვარ ძალიან მგრძნობიარე და ერთგული ადამიანი. ზოგადად, ჩემთვის მთავარი სტატუსი ადამიანობაა, რასაც ვადა არ ეწურება. ამიტომ, საკუთარ თავსაც და სხვასაც ვუსურვებ, ნებისმიერ სიტუაციაში დავრჩეთ ადამიანებად.

ბედნიერ 2026 წელს გისურვებთ ყველას!

 

ირმა ცეცხლაძე

 

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *