მშვიდობის დაპირება თუ  საკამათო კომპრომისი? –  ტრამპის გეგმა და  დიპლომატიური დაპირისპირების ახალი ფაზა. . .
By

მშვიდობის დაპირება თუ  საკამათო კომპრომისი? –  ტრამპის გეგმა და  დიპლომატიური დაპირისპირების ახალი ფაზა. . .

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის დეტალებიც Axios-მა გამოაქვეყნა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ალტერნატიულ გზად წარმოჩნდა, თუმცა, უკვე პირველივე განხილვებიდან გახდა გასაგები, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან დავას და საპირისპირო შეფასებებს გამოიწვევდა. გეგმის პროექტი ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, მარკო რუბიოსა და ჯარედ კუშნერს უკავშირდება, რომლებმაც მასზე მუშაობისას კონსულტაციები გაიარეს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის წარმომადგენლებთან. დოკუმენტი ოფიციალურად გადაეცა პრეზიდენტ ზელენსკის, რის შემდეგაც დაიწყო მისი შინაარსის პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეზე აქტიური განხილვა.

გეგმა მოიცავს უსაფრთხოების, სამხედრო, ტერიტორიულ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კომპონენტებს, რომლებიც ერთობლივად ფორმულირდება როგორც purported compromise – შეთანხმება, რომელიც შეაჩერებს ომს, მაგრამ მოითხოვს მძიმე დათმობებს უკრაინისგან. ამ პუნქტების მიხედვით, უკრაინის სუვერენიტეტი ფორმალურად დადასტურდება, გაფორმდება ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შეთანხმება რუსეთისა და ევროპის მიმართულებით, რუსეთი იღებს ვალდებულებას, აღარ შეიჭრას მეზობელ ქვეყნებში, ხოლო ნატო – არ გააფართოოს ალიანსი და ოფიციალურად უარი თქვას უკრაინის მომავალ წევრობაზე. უკრაინა, ასევე, ვალდებული იქნება, კონსტიტუციურად მიუთითოს, რომ ნატოში გაწევრიანებას სამუდამოდ გამორიცხავს.

გეგმაში გათვალისწინებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ზღვარი – მაქსიმუმ, 600 ათასი სამხედრო, ასევე, ჩამოყალიბებულია შერბილების და სანქციების გაძლიერების მექანიზმები: თუ რუსეთი ხელახლა შეიჭრება უკრაინაში, აღდგება ყველა სანქცია და მოხდება ერთიანი სამხედრო პასუხი; ხოლო თუ უკრაინა დაიწყებს (უმიზეზოდ) ომს – დაკარგავს უსაფრთხოების გარანტიებს. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს: ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე-ფაქტო აღიარებული იქნება რუსეთის ტერიტორიებად, მათ შორის, აშშ-ის მიერაც. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები „გაყინული კონფლიქტის“ მოდელით გაიყოფა ფრონტის არსებული ხაზით, უკრაინული ძალები კი მოვალენი იქნებიან, დატოვონ დონეცკის ის სეგმენტი, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ. ეს ტერიტორიები გადაიქცევა საერთაშორისო სტატუსის მქონე დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონებად, სადაც რუსული ძალები არ შევლენ.

ეკონომიკური თვალსაზრისით, გეგმა რუსეთს გლობალურ ეკონომიკაში ეტაპობრივ რეინტეგრაციას სთავაზობს, სანქციების ნაწილობრივ ან მთლიან მოხსნას და იმ შესაძლებლობას, რომ კვლავ დაუბრუნდეს „დიდ რვიანს“. სააქციო ბლოკში შედის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირება IAEA-ს ზედამხედველობით, გამომუშავებული ენერგიის თანაბრად გადანაწილებით რუსეთსა და უკრაინას შორის. მხარეებს შორის იგეგმება დნეპრის თავისუფალი კომერციული გამოყენება და მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის აღდგენა შავი ზღვის მარშრუტით. დაგეგმილია ტყვეთა და ცხედრების გაცვლა „ყველა ყველაზე“ პრინციპით, შინაპატიმრობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება და ოჯახების გაერთიანების პროგრამის ამოქმედება. დოკუმენტი უკრაინაში 100 დღეში არჩევნების ჩატარებასაც ითვალისწინებს.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ ძალაში შევა, ხოლო შეთანხმების შესრულებას ტრამპის ხელმძღვანელობით შექმნილი „მშვიდობის საბჭო“ გააკონტროლებს. ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და ვალდებულებას აიღებს, მომავალში არ წამოაყენოს სამართლებრივი პრეტენზიები.

გეგმის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის რეაქცია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის დელეგაციასთან ჰქონდა „ძალიან სერიოზული განხილვა“ და მიღებულ წინადადებებზე კვლავ იმუშავებს უკრაინისა და აშშ-ის ერთობლივი გუნდები, თუმცა პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება არა ფორმალური, არამედ „ნამდვილი და ღირსეული მშვიდობა“, რომელიც არ დაინგრევა კიდევ ერთი რუსული შემოტევით და რომელიც სრულად დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ზელენსკიმ ახსნა, რომ უკრაინა მუშაობს დიპლომატიურად და ელის ტრამპთან პირდაპირ დიალოგს, თუმცა წინასწარ დაასახელა ფუნდამენტური პირობები, რომელთა უგულებელყოფასაც ვერ დათანხმდება.

აღნიშნულ გეგმას სიფრთხილით და შეკითხვებით მიუდგნენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ უკრაინის თანხმობით უნდა შედგეს, რადგან ქვეყნის მომავალი თავად უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ, ევროპის სხვა ქვეყნების ნაწილი კი უფრო მკვეთრ პოზიციას გამოხატავს: მაგალითად, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონმა განაცხადა, რომ თუ კიევი ამ გეგმას დათანხმდება, „უკრაინა, უბრალოდ, აღარ იარსებებს“.

ამ ფონზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ტრამპის ხედვას სხვაგვარად აღწერს და აცხადებს, რომ მისი ფუნდამენტური წარმოდგენა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთთან და უკრაინასთან ურთიერთობა ომის ნაცვლად, უნდა გადავიდეს ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობებზე. ვენსის შეფასებით, ტრამპი „მკაცრია, მაგრამ არა სასტიკი“ და თვლის, რომ თუკი კიდევ ორ სამშვიდობო შეთანხმებას დადებს, შეუძლია ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ.

გეგმის განხილვა გაგრძელდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც, სადაც უკრაინის წარმომადგენელმა კრისტინა გაიოვიშინმა მკაფიოდ განმარტა ქვეყნის ოფიციალური პოზიცია: უკრაინა მზადაა კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, არმიის შესაძლებლობები და უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები – „წითელი ხაზებია“, რომლებიც დაუშვებელია დაირღვეს. მისი თქმით, „უკრაინის მიწა არ იყიდება“ და ქვეყანა არ დათანხმდება არცერთ ნაბიჯს, რომელიც სუვერენიტეტს ან თავდაცვის უნარს შეზღუდავს.

მთლიანობაში, ტრამპის გეგმა ერთი მხრივ, ომის დაუყოვნებელ შეწყვეტას და უსაფრთხოების გარანტიების ჩამოყალიბებას სთავაზობს მხარეებს, ხოლო მეორე მხრივ, მოითხოვს ისეთ დათმობებს, რომლებიც უკრაინისთვის შემუშავებული საერთაშორისო ჩარჩოებისგან მკვეთრად განსხვავდება. ამიტომ, დოკუმენტი ამ ეტაპზე გადაიქცა არა გადამწყვეტად, არამედ ახალ ფაზად დიპლომატიურ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება სწრაფი მშვიდობის პერსპექტივა და უკრაინის სუვერენიტეტი ურყევი პრინციპები.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *