
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია 360 ათას დოლარად დაიქირავა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში რეგისტრირებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-სთან 7 ივლისს დადებული ხელშეკრულებით, ექვსი თვის მომსახურებისთვის, 360 ათასი დოლარი გადაიხადა. ეს თანხა მოიცავს ყველა ხარჯს, გარდა მგზავრობის ხარჯებისა, რომელიც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.
დოკუმენტის მიხედვით, დაქირავებული კომპანიის ვალდებულებაა აშშ-ის მთავრობის წინაშე პარტიის ინტერესების დაცვა, მათ შორის, დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოში თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია გეგმავს პარტიის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერას და აშშ-ის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაღრმავებას.
კონტრაქტის პირობებით, მომსახურება მოიცავს მთავრობის წინაშე ადვოკატირებას, ურთიერთობების სტრატეგიის შემუშავებას და დემოკრატიული პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სავალდებულო რეგისტრაციას FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ფარგლებში, რაც ნიშნავს, რომ კომპანია აშშ-ის კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს და ყველა ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.
დოკუმენტის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ხელშეკრულებას ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს.