„ნებისმიერი ომი ფასდება თავისი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების შესრულებით“
By

„ნებისმიერი ომი ფასდება თავისი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების შესრულებით“

აშშ და ისრაელი მასირებულ საჰაერო დაბომბვას ახორციელებენ ირანის წინააღმდეგ, რისი მიზანი ამ სახელმწიფოს ბირთვული იარაღის განადგურება და ამავე დროს რეჟიმის დამხობაა. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომიც… ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე.
მთელი მსოფლიოს ყურადღება ირანისკენაა მიპყრობილი, რა გახდა აშშის და ისრაელის საჰაერო იერიშების მთავარი ფაქტორი?
– ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი მიისწრაფვის სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში და ამისთვის ცდილობს, შექმნას იმგვარი იარაღი, რომელიც ქვეყანაში საგარეო ინტერვენციას დაბლოკავს. ეს არის ბირთვული იარაღი. მათი შექმნის მცდელობა ჰქონდა როგორც ლიბიას, ასევე – ერაყს. ლიბიამ მოლაპარაკებების შედეგად შეწყვიტა ბირთვული იარაღის შექმნა, ერაყის შემთხვევაში კი ისრაელმა მოაგვარა, ანუ იერიში მიიტანა მის ბირთვულ პროგრამაზე. ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეამ 2006 წელს შექმნა, შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეაც ჩაიკეტა და ამ რეჟიმის გარედან შეცვლა ძალიან რთულია ან თითქმის შეუძლებელი. რაც შეეხება ირანს, კრიზისები იქ გახშირდა და საგარეო ინტერვენციაც იკვეთებოდა. როდესაც ფორდოში რეჟიმი ასი მეტრის სიღრმეზე აშენებს ბირთვული გამდიდრების რეაქტორს, ეს უკვე იმის ინდიკატორია, რომ მას რაღაც სხვა ამოცანა აქვს დასახული, ანუ ირანი, რეალურად, ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. როდესაც ირანში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები და სისხლი დაიღვარა, აშშ-სა და ისრაელში გაჩნდა მოსაზრება, რომ ახლა იყო ყველაზე ეფექტური შანსი ირანის პროცესებში ჩარევისა და ანტიდემოკრატიული ხელისუფლების განადგურებისათვის. ეს მისია ჯერჯერობით შესრულებული არ არის. ამ ამოცანებიდან ერთ-ერთი, რომელიც შესრულებულია, არის სამხედრო პოლიტიკური ელიტის ფიზიკური განადგურება.
აშშ და ისრაელმა ირანის საზღვაო ფლოტი გაანადგურეს, რომ არაფერი ვთქვათ საჰაერო სივრცის კონტროლზე, ეს რისი მანიშნებელია?
– აშშ-ს აქვს საჰაერო დომინაცია, იგივე შეიძლება ითქვას ზღვაზე. საერთოდ, ნებისმიერ ომში, როდესაც სახელმწიფოს აქვს საჰაერო და საზღვაო დომინაცია, მას შეეძლება ხმელეთზეც ჰქონდეს სრული უპირატესობა იმიტომ, რომ ვინც ომს იგებს ცაში და ზღვაზე (თუკი სახმელეთო კომპონენტიც ჩართული აქვს), შეუძლია ხმელეთზეც მიაღწიოს წარმატებას. უბრალოდ, ამ კომპონენტს მასშტაბურად ვერ ვხედავთ ირანის შემთხვევაში, ვგულისხმობ ჯარების შეყვანას, სახალხო აჯანყებას ან არმიის აჯანყებას ირანის შიგნით იმიტომ, რომ არმია და ისლამის გუშაგთა კორპუსი სხვადასხვა ძალაა, მათ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება არ აქვთ. ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ ამერიკული და ებრაული დაზვერვა არის სუპერდომინანტი ძალა, რადგან ჩინური და რუსული საჰაერო სისტემა განადგურდა.
  რა არის აშშის და ისრაელის მაქსიმუმი და მინიმუმი ირანთან მიმართებით?
– ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ნებისმიერი ომი ფასდება თავისი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების შესრულებით, ანუ ომში გამარჯვება და დამარცხება დაფუძნებულია არა იმაზე, თუ რამდენი ბრძოლა მოიგე, არამედ იმაზე, შეასრულე თუ არა პოლიტიკური და სტრატეგიული ამოცანები. აშშ-ს და ისრაელს აქვთ რამდენიმე პოლიტიკური და სტრატეგიული ამოცანა, რომელთაგან ერთის შესრულებაც კი შეიძლება საკმარისი გამოდგეს გამარჯვების მისაღწევად, ხოლო ვერცერთი ამოცანის შესრულების შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ მიზანი ვერ შესრულდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აშშ-ისთვის არის ირანის მხრიდან ურანის სრული დათმობა და მის ლაბორატორიებზე სრული კონტროლი დასავლეთის მხრიდან. მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ახლო აღმოსავლეთში ბირთვული შეიარაღება არ აქვს არავის, ხოლო ისლამურ სამყაროში ბირთვული იარაღი აქვს მხოლოდ პაკისტანს. თუკი შიიტურ ირანს ექნება ბირთვული იარაღი, შემდეგ არაბულ, თურქულ სამყაროში აუცილებლად გაჩნდება მიზეზები, რომ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, აქედან გამომდინარე, პირველი ამოცანაა, ირანმა ვეღარ შექმნას ბირთვული იარაღი. ფორდონის და ისპაჰანის ლაბორატორიები რომ იბომბება და ნადგურდება, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს შეამცირებს ირანის შესაძლებლობებს, შექმნას ბირთვული იარაღი და გადაავადებს ამას ხანგრძლივი დროით, მაგრამ გადავადება საფრთხეს სრულად არ აქრობს. ერთხელ და სამუდამოდ ირანის საკითხის მოგვარება აშშ-ის პირველი სტრატეგიული მიზანია. მეორე პოლიტიკური მიზანია რეჟიმის შეცვლა, ჩამოშლა, ესეც შეიძლება ჩავთვალოთ გამარჯვებად. მესამე მიზანი შეიძლება იყოს რეჟიმის კოლაბორაციაში ჩაბმა, რაც ვენესუელაში ვიხილეთ და რაც გულისხმობს, რომ რეჟიმი არ იცვლება, მაგრამ ხდება დამყოლი, ანუ პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს, უფრო ჰუმანური ხდება და ასე შემდეგ. სამივე ვარიანტი შეიძლება ცალ-ცალკე არსებობდეს, ანუ არ არის საუბარი, რომ ერთი ამოცანა უეჭველად შესრულდება, შეიძლება რეჟიმი კოლაბორაციაში ჩაებას და არ ჩამოიშალოს. ესეც ერთ-ერთი პოლიტიკური ამოცანაა, რომელიც შეიძლება შესრულდეს ისე, რომ უმალვე მეორე ვარიანტი არ შესრულდეს. არის კიდევ ერთი პოლიტიკური სცენარი – რეჟიმის მხრიდან კაპიტულაცია, ანუ რეჟიმი არ იცვლება, მაგრამ აღიარებს დამარცხებას და ურანის გამდიდრების მზაობაზე უარს ამბობს. თუკი ამათგან ვერცერთი ამოცანა ვერ შესრულდა, მაშინ გამოდის, რომ პოლიტიკურ- სტრატეგიული მიზანი ვერ შესრულებულა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია სხვა პოლიტიკური მიზნებიც, თუკი აშშ-მა მოიპოვა კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, ეს იქნება იმის ინდიკატორი, რომ აშშ გახსნის ყველაზე მნიშვნელოვან სანავთობო არტერიას ახლო აღმოსავლეთში. აღნიშნული პოლიტიკური ამოცანა განცალკევებით დგას იმათგან, რომლებიც ჩამოვთვალე ზემოთ, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს კრიტიკული ინდიკატორი რეჟიმისთვის – ნავთობზე კონტროლს დაკარგავს ირანი, რაც მისი ეკონომიკისთვის სავალალო იქნება. მოკლედ, ძნელია თქმა, ირანის რეჟიმი გადარჩება თუ არა, ეს ღია საკითხია.
თუ არსებული რეჟიმი რამდენიმე ხანში არ შეიცვალა, რამდენად რეალურია ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყება აშშის მხრიდან?
– რაც შეეხება სახმელეთო ინტერვენციას ქვეყნის შიგნით, ვფიქრობ, ძალიან რთული ამოცანა იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ირანი არის ბუნებრივი ციხე-სიმაგრე, გეოგრაფიული პირობები ხელს უწყობს მას, იყოს ეფექტურად დაცული, მაგალითად, აგროსის მთიანეთი, რომელიც, პრაქტიკულად, მისი დასავლეთ ნაწილია, სპარსეთის ყურიდან და მთელი თურქეთის და სომხეთის საზღვრამდეა გადაჭიმული, ხოლო ელბურსი კასპიის ზღვის მიმართულებით გრძელდება. ამასთან, ირანს აქვს ორი დიდი ქვიშიანი უდაბნო, რომელიც მის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში ვრცელდება, ამიტომაც ამ ქვეყანაში სახმელეთო ინტერვენცია რთულია, ნაკლებეფექტური. დიახ, ურთულესი რელიეფია, ავღანეთზე რთული რეგიონია, ამიტომაც დასახული მიზნის შესასრულებლად უფრო შედეგიანი შეიძლება იყოს უმცირესობების მხრიდან აჯანყება ან სპეციალური დანაყოფების შეყვანა გარედან და იქ მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება, ეს სცენარი უფრო რეალურად მიმაჩნია.
ვხედავთ იმასაც, რომ ჩინეთი და რუსეთი მხოლოდ სიტყვიერად გმობენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას, ამ მხრივ მათი რეალური მიზეზი რა არის?
– ჩინეთი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას იმიტომ, რომ ირანული ნავთობის უმეტესი წილი გადის ჩინეთზე, მაგრამ წინააღმდეგობის უნარი მას არ აქვს. ჩინეთმა ირანს საკმაოდ მიაწოდა იარაღი, ამ მხრივ ამ ქვეყნების კავშირი მყარია, ისევე როგორც რუსეთისა და ირანის. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სადაზვერვო მონაცემებს უზიარებს ირანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ომში ეს ირიბი მონაწილეობაა რუსეთის მხრიდან. სხვათა შორის, ჩინეთი აკვირდება სხვა მხრივაც, თუკი ჩინეთმა დაინახა, რომ აშშ-მა ხანგრძლივ ომში რეჟიმი ვერ ჩამოშალა ან შეწყვიტა ცეცხლი და ვერ შეასრულა მისია, ეს ჩინეთისთვის სერიოზული მიზეზი იქნება ტაივანზე სამხედრო ლაშქრობისთვის. თუკი ასევე აშშ ჩაეფლო ხანგრძლივ ომში ირანთან, ამ შემთხვევაშიც ტაივანზე ჩინური ლაშქრობის შანსები მოიმატებს.
თუ ირანში რეჟიმი შეიცვალა და პროგრესული ძალები მოვიდნენ მმართველობაში, ჩვენს რეგიონზე ეს რა გავლენას მოახდენს?
– ირანში თუკი რეჟიმი შეიცვალა, ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური მიწისძვრა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნავთობზე ფასები დაბლა დაიწევს. მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთში ტოტალიტარული რეჟიმები შემცირდეს, რა თქმა უნდა, ისრაელთან მიმართებით დალაგდება ურთიერთობები, ტერორიზმის მასშტაბიც შემცირდება. ირანის ისლამური რეჟიმი აფინანსებს სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციას, მათ შორისაა ჰეზბოლა, ჰამასი და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ნავთობზე ფასი შემცირდება და ტერორისტული ორგანიზაციები გაქრება, ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის განახლების დასაწყისი, რაც მთლიანობაში ნიშნავს, რომ სანავთობო ტვირთები გაივლის ირანზე, რაც საქართველოსთვისაც ხელსაყრელი იქნება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოკლედ, თუკი პროგრესული რეჟიმი მოვიდა ირანის მმართველობაში, ჩინეთი და რუსეთი დაკარგავენ ერთ-ერთ საყრდენს მისი სახით.
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინას, ამჟამად ომის რა ფაზაა?
– როგორც ვხედავთ, ზამთარი გადააგორა უკრაინამ. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინა ჩამოიშლებოდა, მაგრამ არ ჩამოიშალა. ასევე, ვიხილეთ, ზამთარში რა წარმატებას მიაღწია რუსეთმა, განსაკუთრებით ზაპაროჟიეს ოლქში. ახლა ვხედავთ, რომ უკრაინელები აქტიურობენ და გარკვეული ტერიტორიებიც დაიბრუნეს, ეს ნიშნავს, რუსეთმა ათასობით ჯარისკაცი დაკარგა, მისი მხრიდან გამოფიტვის ომი გრძელდება და ახლა შეეცდება, ეს ომი დონბასის და ზაპაროჟიეს ოლქებში გააგრძელოს… არც ისაა გამორიცხული, რომ გაზაფხულის ბოლოს რუსეთს ახალი ფრონტის გახსნის მცდელობა ჰქონდეს. უნდა აღვნიშნო, რომ
უკრაინელების მხრიდან დრონების გამოყენების ეფექტურობამ მოიმატა. ამასთან უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ზოგი მინისტრი გადადგა, ზოგი კორუფციაში ამხილეს, თუმცა ამ მხრივ ახლა სიტუაცია დარეგულირდა.
დაბოლოს, ირანის მოვლენები რამდენად განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს ათწლეულების განმავლობაში?
– როგორც დამთავრდება ირანში კონფლიქტი, აისახება ყველაფერზე, ირანში აშშ-ის გამარჯვება იქნება უზარმაზარი სტიმული პროდასავლური ძალებისთვის რეგიონში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამის შემდეგ სიტუაციის ცვლილება ვიხილოთ კუბაში, ნიკარაგუაში, ასეთი რეჟიმების ჩამოშლას გეოპოლიტიკური სტიმული მიეცემა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ამ მხრივ, ჩინეთი საკმაოდ შეცბუნდება – მოუწევს თავისი ეკონომიკის გადაწყობა, რადგან რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ნავთობზე ფასების შემცირების გამო, მაგრამ თუკი აშშ-მა მიზანს ვერ მიაღწია, ანუ რეჟიმი ირანში არ შეიცვალა, ეს ბევრად უფრო მძიმე შედეგს გამოიწვევს, ვიდრე ადრე იყო. ამ მხრივ საყურადღებო მოსაზრებას ავითარებს ამერიკელი ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რობერტ კაგანი. იგი ამბობს: „ნებისმიერი ომის უკან დგანან ქვეყნები, რომლებიც უყურებენ ამ პროცესს და ფიქრობენ, რომ გამარჯვებულის მხარეს ყოფნა უნდათ. თუკი დაინახეს, რომ ამერიკამ მიზანს ვერ მიაღწია, მაშინ ისინი იწყებენ მიბაძვას იმ რეჟიმებისთვის, რომლებმაც აჯობებს აშშ-ს“. ამ შემთხვევაში, თუ ირანმა მართლაც გაიმარჯვა, ძალიან ბევრი ბნელი რეჟიმი მიბაძავს მას.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • მარტი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *