ნიკა ეგაძემ გვასახელა
By

 ნიკა ეგაძემ გვასახელა

ვინ არის მწვრთნელი, ვისი სახელიც სპორტსმენის საჩემპიონო სრიალის დროს ტელეეთერში რამდენჯერმე ახსენეს?

ეს წელი სპორტის სფეროში სასიხარულო ამბებით დაიწყო, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრებმა ნამდვილად გაგვახარეს – ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი დისციპლინიდან ორში უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ჩვენმა სპორტსმენებმა ახალი დიდი ისტორია დაწერეს. 2026 წლის 16 და 18 იანვარი ჩვენთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ჯერ სპორტულ ცეკვებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო შემდეგ, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, ნიკა ეგაძემ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სპორტის ამ სახეობაში ისტორიული შედეგია, ახალი ფურცელია.

უნდა აღინიშნოს, რომ შეფილდი ქართველებისთვის გამორჩეული ქალაქია – 2012 წელს სწორედ ამ მოედანზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, წელს კი საქართველოს ჰიმნმა ორჯერ გაიჟღერა. ეს პატარა ქვეყნის დიდი გამარჯვებაა… თუმცა აქვე კიდევ ერთი მოციგურავე ანასტასია გუბანოვაც უნდა ვახსენოთ (ის 2022 წლის ოლიმპიადის მონაწილე და 2023 წლის ევროპის ჩემპიონია). შეფილდში მოკლე პროგრამაში შეცდომების გამო, ის მე-11 ადგილზე გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალში კარგად ისრიალა, ბრინჯაოს მედლის მისაღებადაც 1 ქულა დააკლდა.

ამჯერად მხოლოდ ნიკა ეგაძეზე ვისაუბრებთ, რადგან ის თითქმის ოთხი წელი – 2014-დან 2018 წლამდე, ბათუმის სპორტულ ცენტრში მწვრთნელ ლელა ჩოფიკაშვილთან ვარჯიშობდა. 2018 წლიდან ის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მწვრთნელთან – ეთერ თუთბერიძესთან, რაშიც ძალიან დიდია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობის, პირადად მაკა გიორგობიანის წვლილი.

ჩემპიონატის შედეგით თავად ნიკაც ძალიან კმაყოფილი იყო და ტელევიზიიდან ემოციებიც ასე გაგვიზიარა: „თავიდან ძალიან ვღელავდი, მეტელკინა და ბერულავა სულ მამხნევებდნენ, მერე მწვრთნელის სიტყვები გამახსენდა, რომ სრიალით, ამ პროცესით სიამოვნება მიმეღო და… დავმშვიდდი. შევეცადე პუბლიკისთვის მეჩვენებინა ის, რაც შემეძლო. ლუკა ბერულავა ჩემი ნათლიაა და მიხარია, რომ ახლა ორივე ევროპის ჩემპიონი ვართ, ეს საოცარი შეგრძნებაა“.

…. მწვრთნელ ლელა ჩოფიკაშვილს სპორტულ ცენტრში ვეწვიეთ. ის ბათუმში 2012 წლიდან მუშაობს. თავად ლელა 4 წლის ასაკიდან ვარჯიშობდა თბილისის საციგურაო მოედანზე, იყო საქართველოს ჩემპიონი. მერე ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო მწვრთნელად მუშაობს.

როცა დედაქალაქის ყინულის მოედანი სარემონტო სამუშაოებისთვის დაიკეტა, ბათუმში უკვე იყო ყინულის მოედანი და გადაწყვიტა აქ ემუშავა. ორი წლის შემდეგ მასთან ნიკა ეგაძეც გადმოვიდა. მაშინ ის 13 წლის იყო.

ლელა ჩოფიკაშვილი საკმაოდ წარმატებული და კვალიფიციური მწვრთნელია. როგორც ნიკა, ისე მისი არაერთი აღზრდილი, სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირზე საუკეთესო შედეგებს აღწევს. ისინი არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან. მათ შორისაა ბათუმელები ანა დეა გულბიანი-შმიდტი, რომელიც ამჟამად საციგურაო მოედანზე მწვრთნელად მუშაობს. ნიკოლი ფადეევა, აიშა ალახვერდიევი, პერსპექტიული მოციგურავე დავით გურგენიძე, რომელმაც ტრავმის გამო ვარჯიში ვეღარ გააგრძელა, ადელინა ფადეევა, ემილია ცეცხლაძე, თამარ დავითაშვილი…

რაც შეეხება ნიკას, მწვრთნელი, რა თქმა უნდა, უზომოდაა გახარებული მისი შედეგით. ჩვენ ლელა ჩოფიკაშვილს გავესაუბრეთ.

ქალბატონო ლელა, ელოდით ნიკას ასეთ დიდ წარმატებას?

– კი, ნამდვილად ველოდით, რადგან მას ამისთვის ყველა მონაცემი – მომზადება, სურვილი, ჟინი, თავდაჯერება აქვს… მან ასევე კარგად შეძლო გადაელახა ემოციური ფონი.

გაიხსენეთ ნიკას თქვენთან ვარჯიშის დროს მიღწეული პირველი მნიშვნელოვანი წარმატება.

– ეს იყო 2016 წლის 4 დეკემბერი, მაშინ ნიკა 13 წლის იყო… ამას არაერთი წარმატება მოჰყვა საერთაშორისო ტურნირებზე. სერიოზული სტარტი გვქონდა თურქეთში, ერზურუმში, 2017 წლის თებერვალში, ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე, სადაც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. საერთოდ, ყოველთვის წარმატებულად გამოდიოდა, თუ საპრიზო ადგილზე ვერ გადიოდა, საუკეთესო სრიალით თავს ყველას ამახსოვრებდა. ასე იყო გრან პრის ეტაპებზე, მაშინ მედალი არ აუღია, მაგრამ გამორჩეულად ისრიალა. იმდენად პერსპექტიული მოციგურავე გახლდათ, რომ მისი განვითარებისთვის ნამდვილად კარგი იყო, ეთერ თუთბერიძესთან რომ წაიყვანეს. ის ძალიან სახელოვანი მწვრთნელია. ევროპის ჩემპიონატამდე ნიკა 8-დან 12 ოქტომბრამდე თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა თრიალეთის თასზე და გაიმარჯვა. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა მის წარმატებაში, მთავარი, რა თქმა უნდა, თავად ნიკაა, მისი მშრომისმოყვარეობა, ჟინი, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ სვლა.

– ამბობენ, რომ ნიკას ტრავმა აქვს მიღებული . . .

– კი, მან სერიოზული ტრავმები გადაიტანა – ფეხი ჰქონდა მოტეხილი, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.. და მანამ არ დანებდა, სანამ ევროპის ჩემპიონი არ გახდა. ეს მის ძლიერ ხასიათზე მეტყველებს.

– მართალია, ნიკა ახლა ქალბატონ ეთერ თუთბერიძესთან ვარჯიშობს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მასთან კავშირი არ გაგიწყვეტიათ..

– კი, ასეა. როგორც კი დროს გამონახავს, ბათუმში ჩამოდის, ძირითადად, ზაფხულობით, თუმცა შემოდგომაზეც გვეწვია. უყვარს აქაურობა. გვეხმარება, ჩვენს სპორტსმენებს საშეჯიბრო პროგრამებს უდგამს.

ნიკას რომელ ძლიერ მხარეს გამოყოჰფთ…

– ტექნიკური მხარე ყველაზე ძლიერი აქვს, თუმცა, სხვა მხრივაც საუკეთესოა. აქვე ხაზს გავუსვამ მის ადამიანურ თვისებებს – იგი ძალიან კეთილშობილი, ზრდილი და შრომისმოყვარეა. მასთან ვარჯიში დიდი სიამოვნებაა.

რამდენი წლისაა ჩემპიონი?

– 22-ის, 23 წლის გახდება მარტში.

ნიკას გარდა ვინმე არის დაკავებული მისი ოჯახიდან სპორტის ამ სახეობით?

– არავინ. ეს მისი სურვილი იყო. ბავშვობიდან მისი კუმირი ცნობილი ფიგურული მოციგურავე ევგენი პლიუშჩენკო იყო… აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის, პირადად მისი პრეზიდენტის მარიამ (მაკა) გიორგობიანის დიდი წვლილი, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ნიკასი. გაუმართლა კიდეც – მაღალი კონკურენციის პირობებში დამსახურებულად მოიპოვა ოქროს მედალი. დიდია ასევე საერთაშორისო მსაჯის სალომე ჩიგოგიძის წვლილი. ევროპაზე ორი ოქრო ავიღეთ და ეს იმ პატარა ქვეყანამ, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ ყინული არაა „მისი საქმე“.

იმედია, ბათუმელები ზაფხულში ვნახავთ ევროპის და … ვინ იცის, ეგებ ოლიმპიურ ჩემპიონსაც . . .

– ნიკას ბათუმი ძალიან უყვარს. აქ ყოფნის წლებს მისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია, სულ ამბობს, რომ აქ ყოფნა უნდა…

ქალბატონო ლელა, თბილისში გადასვლას ხომ არ გეგმავთ?

– არა, ის ბავშვები, რომლებსაც ახლა ვავარჯიშებ, ძალიან მიყვარს, ვერ მივატოვებ…

ნიკა ეგაძემ უკვე დაიწყო ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება, რომელიც ორ კვირაში დაიწყება და მას იტალიის ქალაქები – მილანი-კორტინა უმასპინძლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით შეჯიბრებებს ფიგურულ ციგურაობაში, სადაც საქართველოდან მოქმედი ევროპის ჩემპიონები შეეცდებიან საპრიზო ადგილების დასაკუთრებას. ეს შეჯიბრება ოთხ სახეობაში ტარდება, თუმცა მათ წელს კიდევ გუნდური შედეგებიც დაემატება. ფიგურულ ციგურაობაში ათი ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ოთხივე სახეობაში მოიპოვა ლიცენზია და ასეთი მხოლოდ ხუთი ქვეყანა აღმოჩნდა. იმ ათ გუნდს შორის, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაშია დაშვებული, საქართველო რეიტინგით მეხუთე პოზიციაზეა. წინა პოზიციაზე კი ისეთი დიდი ქვეყნებია, როგორიცაა ამერიკა, კანადა, იაპონია, იატალია… ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ასპარეზობაში. გვჯერა, მაღალი შედეგებისთვის, ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ. წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მათგანს.

 

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • იანვარი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *