ნიკა ფუტკარაძე: შემოქმედი დივერგენტია, რომელიც საკუთარ აჩრდილს ესაუბრება
By

ნიკა ფუტკარაძე: შემოქმედი დივერგენტია, რომელიც საკუთარ აჩრდილს ესაუბრება

,,წვეთავს ნატვრებიდან პოეზია” – ასე დაასათაურა წლების წინათ 11 წლის ბათუმელმა ნიკა ფუტკარაძემ თავისი მეორე პოეტური კრებული და, შეიძლება ითქვას, მკითხველი განაცვიფრა თავისი აზროვნებით, პოეტური ხელწერით.
ნიკა ფუტკარაძე ამჟამად უკვე არაერთი წიგნის ავტორია, იგი მუდმივი ძიების პროცესშია. გულწრფელი, უკომპრომისო ადამიანი და მოქალაქე, წარმატებული პოეტი დღეს გაზეთ „აჭარის“ სტუმარია.
წარმატებული და საინტერესო პოეტიასე დაგახასიათათ ქალბატონმა შორენა მახაჭაძემ თავის ახალ წიგნში ეპოქათა მიჯნაზეთქვენ რას ფიქრობთ საკუთარ თავზე?
– არ შემიძლია საკუთარი თავის ან საკუთარი შემოქმედების შეფასება. ქალბატონი შორენას ასეთ შეფასებას მხოლოდ მადლიერებით შემიძლია გამოვეხმაურო, თუმცა, დავამატებდი, რომ იმ უნარებსა და ფორმებთან ჯერ ახლოსაც არ ვარ, რისი მიღწევა და ფლობაც მსურს.
დუმილის ქარაგმები უწოდეთ ბოლოს გამოცემულ კრებულსრატომ უწოდეთ ასე და თუ შეძელით ჩანაფიქრის მხატვრული განზოგადება?
– ეს სათაური ჩემი ლექსიდან არის ამოღებული. სიტყვათქმნადობის პროცესში პაუზები საინტერესო ნიუანსებს ამჟღავნებს და სწორედ ამ პაუზების და დუმილის ხაზგასასმელად შეირჩა ეს სათაური.
როცა პოეზიაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს იგონებთ
– მეღიმება, რადგან მაშინ ვერ წარმომედგინა, რომ პოეზია ჩემი ცხოვრების აზრი გახდებოდა, ახლა კი მძიმედ დავატარებ ამ აზრს და ვცდილობ, თანამედროვე სამყაროში ვიპოვო თავშესაფარი, სადაც ამოსუნთქვას და გზის გაგრძელებას შევძლებ. მარტივად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ რაც ასე მარტივად იწყება, ხშირად ძალიან რთულად გიბრუნდება, გზები უფრო გაღრმავდება და უკანა ფონზე გადებული ჭეშმარიტებები მდინარის წყალივით აიმღვრევა. ახლა იხედები წყალში და იმის იმედად, რომ საკუთარ ანარეკლს დაინახავ, ხედავ ქაოსით მოცულ სითხეს… მაგრამ ეს ყველაფერი გზის ნაწილია, უარყოფა… გარიყვა… შეცნობა… დაბრუნება… შეცვლა… უწყვეტი პროცესია შენი სულიერი სამყაროს მეტაბოლიზმის.
,,პოეტი ღმერთის თარჯიმანია, ადამიანის სულის მთარგმნელი“ თქვენ გეთქმით ეს სიტყვებიკიდევ რის გადმოთარგმნასაპირებთ თისგან, როდის ვიხილავთ ახალ კრებულს?
– ეს მაშინ დავწერე, როცა ღმერთს ვეკამათებოდი, ვცდილობდი, გამეაზრებინა მისი არსი, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. უფრო გულწრფელად რომ ვთქვა, ვცდილობდი, მცოდნოდა, ვინ ვიყავი ღმერთის წინაშე და ამ დროს განცდილმა მარცხებმა გამაკადნიერა და მათქმევინა ეს სიტყვები, რაც ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, არის სიმართლე, მაგრამ სრულ მოცემულობაში
სასაცილოდაც არ ღირს. ადრე მეკითხებოდა მეგობარი, ერთი და იგივე თემებზე როგორ შეგიძლია წეროო… ამას კი მარტივი ახსნა აქვს, ადამიანი იცვლება და ამ პროცესში ერთსა და იმავე თემას შეგიძლია ათასგვარი ფორმა და ახსნა მოუძებნო.

რა გაღელვებთ და რაზე ფიქრობთ უფრო ხშირად, როგორი ადამიანებია თქვენ გარშემო, საერთოდ, რას ფიქრობთ ადამიანის როლსა და დანიშნულებაზე?
– არ ვფიქრობ ადამიანის როლსა და დანიშნულებაზე. არ მჯერა, რომ ვინმეს ამ კითხვაზე პასუხი ექნება. ეს საფიქრალიც არ არის. ადამიანი იმისთვის არ ცხოვრობს, რომ ჰქონდეს როლი ან დანიშნულება. მოვიგონეთ ეს იმისთვის, რომ ვიყოთ სტაბილურები და ვიცოდეთ ჩვენი ადგილი. ამას აკეთებენ პატარა და სუსტი ადამიანები, კონკრეტული იდეების, მასმედიის, ტრადიციების და საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით.
როგორ აღიქვამთ დღევანდელ ქართულ ლიტერატურულ სივრცეს?
– ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ძალიან კარგი ავტორები არიან. ისინი წლების შემდეგ კიდევ უფრო საინტერესოს გახდიან ქართულ ლიტერატურას. თანამედროვე ავტორები ამ კოლაფსურ სივრცეში საკუთარი ხმის პოვნას ახერხებენ, რაც, საბოლოოდ, ეხმარება მკითხველს ავთენტური ქართული ლიტერატურული ენისა და ხმის შენარჩუნებაში.
როგორ ფიქრობთ, მწერალი რამდენად ჩართული უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესებში?
– პოლიტიკა არის პროფესია. პოლიტიკური მოცემულობების გააზრებასა და წვდომას ცოდნა სჭირდება. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ პოლიტიკა, ხოლო რაც შეეხება ჩართულობას, პოეტს, პურის მცხობელს, სტომატოლოგს, ყველას შეუძლია ჩაერთოს, რადგან პოლიტიკური სიტუაცია ყველა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს.
მკითხველთან ურთიერთობაამ ასპექტში რაა უმთავრესი და თავად როგორ ურთიერთობთ მკითხველთან?
– დიდი ხანია არ მქონია ურთიერთობა მკითხველთან, რადგან პოეზიას არ კითხულობენ, ან იშვიათად კითხულობენ, ხოლო იმ თითო-ოროლა მკითხველთან, რომელიც არსებობს, ყოველთვის ახლო და უშუალო ურთიერთობა მაქვს, რადგან ძალიან საინტერესოა,
როცა საკუთარ შემოქმედებას სხვისი თვალით უყურებ.
როგორი ადამიანია შემოქმედი? – ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია?
– არ ვიცი, როგორი ადამიანია შემოქმედი, ვფიქრობ, უფრო დივერგენტია, რომელიც საკუთარ აჩრდილს ესაუბრება.
ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა
– ხელოვნური ინტელექტი გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და რადგან ადამიანების უმრავლესობა საამისოდ მოუმზადებელია, ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ახლა მხოლოდ დათვურ სამსახურს უწევს კაცობრიობას. დაჩლუნგებული უნარებითა და სწრაფი პასუხების მოყვარული კაცობრიობა საბოლოო ჯამში მარტივად მართვად ბრბოდ გადაიქცევა, რაც გამოიწვევს აზროვნების მექანიზმის მოშლას და წარმოსახვის უნარის შეზღუდვას.
თქვენი დამოკიდებულება ხელოვნებასთან
– მე ვცხოვრობ ხელოვნებისთვის, ყველაფერს ვაკეთებ, რომ, უბრალოდ, გადავრჩე და მომეცეს საშუალება, დავკავდე ხელოვნებით, ხშირად არ გამომდის ეს, ამიტომაც რთული გზის გავლა მიწევს, მაგრამ ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია.
როცა ცხოვრბის საზრისზე ფიქრობთ
– როცა ცხოვრების საზრისზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ჯანმრთელად არ ვარ, ვცდილობ, დავისვენო და მეტი სითხე დავლიო. არანაირი საზრისი არ არსებობს, არსებობ შენ და დანარჩენი ყველაფერი შენ ირგვლივ იმ საზრისს ატარებს, რასაც შენ აძლევ.
ბათუმი თქვენი თვალსაწიერიდანთქვენ რომ ქალაქის მერი იყოთ
– მე რომ ქალაქის მერი ვიყო, შევიმუშავებდი ქალაქის განვითარების მრავალწლიან გეგმას, სადაც დიდ ყურადღებას დავუთმოდი ჯანდაცვას, განათლების სისტემას და კორუფციასთან ბრძოლას. სასწრაფოდ შევქმნიდი ჯგუფს, რომელიც შეკრებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს და სახელმწიფო სისტემაში არსებული კადრების უმრავლესობას გავათავისუფლებდი, რადგან ისინი, ძირითადად, არ აკეთებენ საქმეს, გავაფართოებდი ციხეს და შევქმნიდი ბევრ პროგრამას პატიმრებისთვის, რადგან სისტემის წმენდას და რეორგანიზაციას მოჰყვება უამრავი ადამიანის კორუფციაში მხილება.
სიტყვა, რომლითაც დღეს იწყებთ
– „ვაგვიანებ სამსახურში“…
როცა ახალგაზრდები სკარბეზულად მეტყველებენ, იგინებიანამაზე რას ფიქრობთ?
– ძალიან ცუდი და საწყენია.
ნატვრა, რომელიც მუდამ თან გდევ?…
– ვისწავლო მშვიდად ყოფნა.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *