ნინი გოგიშვილი: დაიწყეს სიტყვიერით, შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ძალადობაზე გადავიდნენ
– დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია ჩემზე და ოპერატორ გურამ ხუხუნაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, – განაცხადა „იმედის“ ჟურნალისტმა ნინი გოგიშვილმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, სადაც მან 4 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.
მისი თქმით, დაჯგუფების წევრები, რომლებიც ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ, აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალათ. მათ შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.
„ჩვენ ვაშუქებდით ათონელის მიმდებარე ტერიტორიაზე რა ხდებოდა, როგორ ანგრევდნენ ჯებირებს, როგორ ისროდნენ სხვადასხვა ნივთს. ისინი გვიშლიდნენ, რომ ეს ინფორმაცია მაყურებლამდე სრულად მიგვეწოდებინა. დაიწყეს სიტყვიერით, შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ძალადობაზე გადავიდნენ, ჩემს ოპერატორს დაუმტვრიეს კამერა“, – განაცხადა ნინი გოგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს „ქრონიკისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადამღებ ჯგუფებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებამ ჟურნალისტები და ოპერატორები გამოკითხა.