ნინო ნიჟარაძე: სამინისტროს ბიუჯეტი ონკოლოგიის მიმართულებით მუდმივად მზარდია
ბათუმი კონფერენციას – ,,ონკოლოგიური და რადიოლოგიური სერვისები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში“ მასპინძლობდა, რომელიც კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მინისტრი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა თანამედროვე ციფრული კვლევის მეთოდების შესახებ შეხვედრის ორგანიზებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტების დროული დიაგნოსტირებისთვის.
-აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ონკოლოგიის მიმართულებით მუდმივად მზარდია. წელს 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სერვისით 3 500-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა. მომავალ წელს ამ მიმართულებით 12 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკურ სერვისებს – პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი, ციფრული ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმუნოთერაპიული მედიკამენტების დაფინანსებას. ქვეყანაში მუშაობს სკრინინგის პროგრამები, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული 3 ტესლა MRI-ს და კტ-ის დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, თანამედროვე რადიოთერაპიის შესაძლებლობები, თანამედროვე ონკოლოგიური სერვისები, მეტაბოლური და ანატომიური სინთეზი: PET/CT კვლევის მნიშვნელობა ონკოლოგიურ პრაქტიკაში და სხვა.
ციფრული 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ბათუმის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს. გარკვეული კატეგორიის პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, კვლევა ჩაიტარონ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით.