ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩეველს მოტივაცია სჭირდება
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 – წინასაარჩევნო მღელვარება პიკს უახლოვდება და პოლიტიკური პარტიები ძალ-ღონეს არ იშურებენ ზეგავლენის მოსახდენად იმ ამომრჩეველზე, რომელიც მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში გამოდის გარეთ ხმის მისაცემად. ეს ხალხი ყოველთვის წყვეტს არჩევნების სასწორის პინა საით და რამდენით გადაიხრება და გამოხატავს ერის უკიდურეს ნებას, რომელიც ყოველთვის შეუვალია, თუკი ქვეყანას ნამდვილი საფრთხე ემუქრება. მსგავსი სიტუაციის წარმოსაქმნელად ოპოზიცია ყველა ხერხს მიმართავს. რეიტინგული პოლიტიკოსები შეუვალად აცხადებენ: „ქვეყანა კორუფციის ჭაობში იძირება“, „უფსკრულის პირასაა ეკონომიკა“, „საგარეო ურთიერთობები კრახს განიცდის“, „ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ გმინავს ქართველი ხალხი“ და ა.შ. მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ მსგავს ფრაზას არ გამოუწვევია ის საერთო მღელვარება, რაც საბოლოო ჯამში, ოპოზციის წისქვილზე დაასხამს წყალს, მათ სასიკეთოდ გადაწყვეტს არჩევნების ბედს. შევეცადეთ სატელეფონო პრესგამოკითხვით გაგვერკვია, რას ფიქრობენ ამ თემაზე ამომრჩევლები. აქვე აღვნიშნავ, რომ ბევრმა საერთოდ, არ მოისურვა პასუხი მოუცლელობის გამო, რამდენიმემ კი ისე შეგვიკურთხა (მაპატიეთ პირდაპირობისთვის), მაშინვე გავთიშეთ ტელეფონი. პაატა შავგულიძე: – არ მივდივარ არჩევნებზე და არც არავის მივცემ ხმას. ხმა ჩემია და არ ვაპირებ. . . ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. რა შუაშია კორონა? ვის მივცე, რა მივცე, რატომ მივცე, იქნებ ამიხსნათ! ისეთ სისულელეებს ბოდავენ, ერთი სული მაქვს, როდის მოათავებენ ამ შოუს და ჩადგება ყველაფერი ჩვეულ რიტმში. ნინა საროძე: – რა ვქნა, გენაცვალე?! არ მაინტერესებს პოლიტიკა და არც არჩევნები. კი, 2012 წელს მივედი არჩევნებზე. მაშინ უნდა მივსულიყავი, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. სახლში დარჩენა იმ სადისტის პრეზიდენტად დარჩენას ნიშნავდა. . . რომ მობრუნდეს? არა, რას ამბობთ, ასე ვინ გაგიჟდება და მაგ გიჟს ვინ მისცემს ხმას?! გუგული აროშიძე: – არ მინდა და არ მივდივარ. აა, თქვენ არა ხართ პარტიიდან? კი, ასე ვფიქრობ, რომ არავის საქმე არ არის, ვის მივცემ, ან არ მივცემ ხმას. არც ჩემი ოჯახის სხვა წევრები აპირებენ გარეთ გასვლას. კორონაა, გენაცვალე, რა გვეარჩევნება. ვინც უნდათ ის აირჩიონ, ჩვენი საშველი მაინც არ არის. ნინო სალუქვაძე: – მივდივარ არჩევნებზე და ვაპირებ, ისევ მმართველი პარტია დავტოვო სათავეში, თუ ეს მხოლოდ ჩემს ნებაზე იქნება დამოკიდებული. რატომ? კაცს მილიარდები აქვს და რამდენიც გაგვიჭირდა, უხმოდ დაგვეხმარა, აბა იმ ხაზარაძეს ვაბოგინებ, პროცენტებით რომ ამოხადა სული ქართველ ხალხს? რა პირით ითხოვს ხმის მიცემას, ვერ გამიგია! როგორ არ რცხვენია! ბიძინა ვალებს რომ გვიხდიდა, მაგან უარი თქვა და დამრჩა კიდეც „თიბისიში“ იმხელა სესხი გადაუფარავი. მარტო იმიტომ მივალ არჩევნებზე, რომ ეგ არ გავიდეს. გოგიტა ხარაზი: – არ წავალ არსად. შინ ვიქნები და ტელევიზიით ვუყურებ, ერთი, რომელი რას იზამს. თუ დარჩება ეს მთავრობა – დარჩეს, მე ხელს არაფერში მიშლის. შეიძლება არ ავშენებულვარ ამათ ხელში, მაგრამ არც არაფერი დამშავებია. ყოველ შემთხვევაში, ამათი იმედი უფრო მაქვს, ვიდრე სხვისი. როგორც გინდათ, ისე გაიგეთ ჩემი სიტყვები და ყველაფერი დაწერეთ, არც არავისი მეშინია და არც შემეშინდება. ლელა პაპავა: – სიმართლე გითხრათ, ბოლოს როდის ვიყავი საარჩევნო უბანზე, აღარც კი მახსოვს. . . ჰო, ალბათ ბიძინა რომ ავირჩიეთ მაშინ. ჰოდა, ახლა კიდევ უნდა ავირჩიო? არ მაძალებთ ვიცი, მაგრამ რაღას იკვლევთ – მინდა წავალ, არ მინდა – არა. იქნებ წავიდე, ან არ წავიდე!. ჩემი მეუღლე და შვილი რომ წავლენ, ნამდვილად ვიცი. ასე რომ, არ დარჩება უბანი ამომრჩევლის გარეშე, არ ინერვიულოთ. ჯონი ქარდავა: – მოდი, ხმა მომეცი და გადააგდე ბიძინაო. რატომ უნდა გადავაგდო, შვილო, თუ იცი, მითხარი, ბჟუტურობენ რაღაცას. თავადაც ვერ მიმხვდარან, რა უნდათ და რა არ უნდათ. რა სჭირს ამ კაცს გადასაგდები?! ნანა ნადარაია: – რასაც გვეუბნება ეს მთავრობა – აკეთებს. ყველაფერს ასრულებს. ახლა ინვრიდან 350 ლარი გამიხდება პენსია. სხვები მეტსაც გვპირდებიან, მაგრამ საშემოსავლოს გავაუქმებთ და პენსიებს და ხელფასებს გაგიზრდითო რომ გვპირდებიან, ყველა დებილი ვგონივართ, თუ რა არის? ახლა ისე კარგად ვართ გარკვეული ბიუჯეტში და საგადასახდო სისტემაში, რომ იქით დავუგეგმავთ ყველაფერს. ასე როგორ შეიძლება, ჯერ არ მოსულან მთავრობაში და უკვე გვატყუებენ და მართლაც რომ მოვიდნენ, რაღაც იზამენ? ელა ზალიასი: – ახლა მომივიდა მესიჯი „ევროპული საქართველოსგან“. ტექსტმა დამშოკა, უცვლელად გთავაზობთ: „ოცნება პირველი ტურის მერე ხალხის ისევ გამოკეტვას აპირებს. მოდი არჩევნებზე, მაგრად დავამარცხოთ, რომ არ გამოუვიდეთ!“ გამოკეტვაში ალბათ კორონას გამო დასაწესებელ შეზღუდვებს გულისხმობენ. გამოვიკეტოთ თუ აუცილებელია, აბა რა ვქნათ, ამოვწყდეთ პანდემიისგან? მთელი მსოფლიო აკეთებს ამას და თუ ეგენი მოვიდნენ სათავეში, რა გამოდის, არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება და იბოგინებენ ვირუსთან ერთად?! გადაგრევენ პირდაპირ, ისეთ რღაცებს იგონებენ! მაგათ როგორ მივცემ ხმას, სულ რომ ამოწყდნენ პოლიტიკოსები! როგორც თავად დარწმუნდით, ამომრჩევლის ის კატეგორია, რომელიც მძიმედ იღებს გადაწყვეტილებას, ისევ სახლში დარჩენას ამჯობინებს, არადა, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე ორი დღე რჩება და როგორც ყველა არჩევნების წინ, პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი იმედები მაინც ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე მყარდება. არსებობს ამ კატეგორიის ხალხის სპეციალური აღწერილობაც. კერძოდ, „გადაუწყვეტელ ამომრჩევლად“ ითვლება მოქალაქე, რომელიც არ გამორიცხავს არჩევნებზე წასვლას, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას. თუმცა ხშირად, პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართული მხარეები „გადაუწყვეტლებში“ თვლიან მათაც, ვინც გამოკითხვისას უარი თქვა თავისი პოზიციის გამჟღავნებაზე. ბოლო თვეებში ჩატარებულ კვლევებში ე.წ. გადაუწყვეტელთა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის მთქმელთა მაჩვენებლები 20-დან 65%-მდე მერყეობს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ არჩევნების საბოლოო შედეგს დიდწილად, სწორედ „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლების მოქმედება და საარჩევნო ურნებთან მისული ხალხის რაოდენობა განსაზღვრავს. როდის მიდის ბევრი ხალხი არჩევნებზე? რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას ,,გადაუწყვეტლების” პოზიციაზე? ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა და ხელისუფლება შეიცვალა კიდეც. ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები – 60.8%;
- 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები – 46.6%;
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები – 48.9%;
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები – პირველი ტური – 46.74%; მეორე ტური – 56.23%
