ნოდარ ვარშანიძე
კიდევ ერთი დიდი ხელოვანი და დიდი ადამიანი გამოაკლდა ანსამბლ ,,ბათუმს“, ჩვენს კუთხეს, სრულიად საქართველოს – გარდაიცვალა ქართული კულტურის ღირსეული მოამაგე, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მემედ აბაშიძისა და ტბელ აბუსერიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ ქორმაისტერი ნოდარ ვარშანიძე.
დაიბადა 1956 წელს. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი,
ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1982 წელს – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.
1980 წლიდან იყო ბათუმის კამერული გუნდის მომღერალი (ტენორი). 1982 წლიდან თბილისის „კამერატას“ სოლისტია, ერთი წლის შემდეგ
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სოლისტი გახდა.
1984-1987 წწ საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის მომღერალი იყო, ხოლო 1991 წლიდან – თბილისის ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის ილუსტრატორი.
1995 წლიდან აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ ქორმაისტერი და წამყვანი სოლისტი გახლდათ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ამავე წელს ბათუმის ოპერის თეატრის წამყვან სოლისტადაც მიიწვიეს.
ნოდარ ვარშანიძე სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი, მუსიკალურ დისციპლინათა კათედრის გამგე, ბათუმის კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტი, ბათუმის მუსიკალური კოლეჯის ვოკალური განყოფილების გამგე, ბათუმის კონსერვატორია-უნივერსიტეტის აკადემიის სიმღერის დეპარტამენტის პედაგოგი (2006-2009 წწ, 2006 წლიდან – სრული პროფესორი
შესრულებული აქვს არიები: თანდარუხი (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), კოტე (ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“), მამალი (ი. გოკიელი „წითელქუდა“), კანტატა-ორატორია: ტენორის პარტია შ. შილაკაძე, კანტატა „სიყვარულის ფურცლები“ (1984, პირველი შესრულება), ნ . გუდიაშვილი კანტატა „რწმენა“, კასიო (ვერდი „ოტელო“). ასევე, ქართული რომანსები.
არის წიგნის – „ვოკალური ხელოვნების საკითხები“ ავტორი.
როგორც საუკეთესო პედაგოგმა, არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა.
ნოდარ ვარშანიძის, ამ შესანიშნავი ადამიანის ნაყოფიერი საქმიანობა მუდამ დარჩება ქართული ხელოვნების მოამაგეთა რიცხვში, იმათ გულში, ვინც მას ახლოს იცნობდა.
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“