„ნოსტალგია და ძველი კარგი დღეების მოგონება ევროპას არ დაეხმარება“
ევროპის მომავალზე განსხვავებული, თუმცა ურთიერთდაკავშირებული გზავნილები გააჟღერეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. მათი შეფასებები ცხადყოფს, რომ ურთიერთობები და ევროპის უსაფრთხოება ახალ ეტაპზე გადადის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპით იმედგაცრუებულია, თუმცა აღნიშნა, რომ ევროპა და ევროპელი ხალხი მისთვის ახლობელია. მისი შეფასებით, კონტინენტი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
„ევროპა ფრთხილად უნდა იყოს… არსებობს გარდამტეხი მომენტი – გაქვთ უზარმაზარი მიგრაციის პრობლემები და უზარმაზარი ენერგეტიკული პრობლემები, ეს მძიმე კომბინაციაა“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ევროპას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა „ენერგეტიკის სფეროში ფული უნდა გამოიმუშაოს და არა – დაკარგოს“.
ტრამპის კრიტიკას ევროპის შიდაპოლიტიკური დისკუსიებიც დაემატა. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის შეფასებით, ევროპამ ბოლო ათწლეულებში გაჭიანურებული რეფორმების გამო, ზრდის პოტენციალი დაკარგა და დროა, კონტინენტმა აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს.
„ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიცვალა… ნოსტალგია და ძველი კარგი დღეების მოგონება ევროპას არ დაეხმარება“, – განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ ევროპა უნდა გახდეს „უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი აშშ-ისგან, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით“.
კანცლერის თქმით, ევროპას სჭირდება პოლიტიკური გამბედაობა და ქმედითობა, რათა გლობალურ პროცესებში საკუთარი პოზიციების დაცვა შეძლოს.
„ევროპა საკუთარ შეხედულებებს მხოლოდ მაშინ დაიცავს, თუ ჩვენ თვითონ ვისწავლით ძალისმიერი პოლიტიკის ენაზე საუბარს და თავად გავხდებით ევროპული ძალა“, – აღნიშნა მერცმა და დაამატა, რომ „ამ მსოფლიოში მკაცრი ქარი უბერავს“.
ევროპის უსაფრთხოების საკითხებს გრძელვადიან ჭრილში აფასებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი. მისი განცხადებით, აშშ-ის ჩართულობის შემცირება ევროპაში ერთჯერადი მოვლენა არ არის.
„აშშ-ის გასვლა ევროპიდან გრძელვადიანი პროცესია, რომელთან ადაპტაციაც აუცილებელია“, – აღნიშნა კალასმა ოსლოში გამართულ კონფერენციაზე და დასძინა, რომ „ჩვეული მსოფლიო წესრიგი სრულდება“. კალასის შეფასებით, ეს პროცესი მხოლოდ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას არ უკავშირდება.
„ეს ეხება არა მხოლოდ აგრესიულ რუსეთს, არამედ აშშ-თან ალიანსის სწრაფ ცვლილებასაც“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ტრანსატლანტიკურ პოლიტიკაში ბევრი ელემენტი სხვადასხვა ამერიკული ადმინისტრაციის პირობებშიც უცვლელი რჩება.
ამავე კონტექსტში, კალასი სკეპტიკურად აფასებს ევროპული არმიის შექმნის იდეას. მისი თქმით, ეს შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს მართვის თვალსაზრისით.
„კრიზისულ სიტუაციებში მთავარი არის მმართველი ჯაჭვი – ვინ ვის აძლევს ბრძანებას… ორი პარალელური არმია ძალიან საშიშია“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროპული თავდაცვა უნდა გაძლიერდეს ნატოს ფარგლებში და არა მისგან განცალკევებით.
სამი ლიდერის განცხადებები აჩვენებს, რომ ევროპა ერთდროულად დგას კრიტიკის, თვითგადახედვისა და სტრატეგიული არჩევანის წინაშე – დარჩეს ძველ მოდელებზე დამოკიდებული თუ ახალ რეალობას დამოუკიდებელი პოლიტიკით შეხვდეს.