
„ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა – აჭარის რეგიონში“
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ინტეგრირებულ სკრინინგში ამჯერად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები ჩაერთნენ. პროფილაქტიკური გამოკვლევები ხორციელდება პროექტის – „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარის რეგიონში“ – ფარგლებში, რომლის მიზანია ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენა, პრევენცია და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სკრინინგს უზრუნველყოფს მობილური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის ექიმი-ფტიზიატრი და ლაბორანტი. გამოკვლევები ტარდება სწრაფი ტესტების საშუალებით. ტუბერკულოზზე საეჭვო კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში, პაციენტის გადამისამართება ხდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 30 000 პირს ჩაუტარდა. გამოვლინდა 200-ზე მეტი შემთხვევა C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითი პასუხით და 20-მდე აივ/შიდსის ანტისხეულებზე.
სკრინინგის დადებითი ან საეჭვო შედეგის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მოქალაქეს ინფორმაცია მიეწოდება კონფიდენციალურად, რის შემდეგაც ხდება მისი გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი კვლევისა და მართვისთვის. როგორც სკრინინგი, ასევე, შემდგომი დიაგნოსტიკური პროცედურები, საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება. სკრინინგი ხელმოსაწვდომია ნებისმიერი ორგანიზებული დაწესებულების ან მოსახლეობის ჯგუფისთვის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
გალერეა

