
ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო
ბათუმის ხელოვნების ცენტრში პროექტის: „ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქის“ ფარგლებში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც მუსიკისმცოდნე მაია დათუნაშვილი უძღვებოდა.
კომპოზიტორი, ძირითადად, სიმღერის ჟანრში მუშაობს. პოპულარობა მოიპოვეს მისმა ისეთმა სიმღერებმა, როგორიცაა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“…
დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი და სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისთვის.
2012 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ კომპოზიტორს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.
საღამო ვიდეორგოლით დაიწყო, სადაც ისტორიულ კადრებში ნუნუ დუღაშვილის გარდა ის ადამიანები ვიხილეთ, რომლებიც მის ცხოვრებაში იყვნენ და მათი დიდი ნაწილი ამქვეყნად აღარ არის. მართლაც გასახარია, რომ 92 წლის ნუნუ დუღაშვილი საკუთარ შემოქმედებით საღამოს ბათუმში თავადვე მასპინძლობდა… თვითმყოფადი ნიჭით გამორჩეულ კომპოზიტორს დარბაზი ფეხზე ამდგარი მიესალმა.
საღამოს წამყვანი დროდადრო კომპოზიტორის მიერ ნაყოფიერად განვლილ შემოქმედებით გზას გვახსენებდა. გვიამბო, თუ როგორ დაიწერა „სიმღერა ბათუმზე“ – ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები პოეტ ჯემალ ქათამაძის ტექსტზე. სიმღერა საღამოზე აჩიკო ბერიძემ შეასრულა.
კონცერტში ქალთა კამერული ორკესტრი (ინსტრუმენტალისტებთან ერთად) მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. სწორედ დავით მაზანაშვილი გახლავთ ყველა იმ სიმღერის ინტერპრეტაციის ავტორი, რომელიც საღამოზე გაჟღერდა.
გავესაუბრეთ პროექტის იდეის ავტორს, საქართველოს პარლამენტის წევრს აჩიკო ბერიძეს.
– ბათუმში დავიბადე, გავიზარდე ხელოვან ადამიანებში, რომლებიც ჩემს ქალაქს არასოდეს აკლდა. ამ პროექტით თითქოს ბათუმს დავუბრუნე ის დიდი სიყვარული, რაც მან მომცა. მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თიკა რუხაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მადლობა მათ, თითოეულ მონაწილეს, მაესტრო დავით მაზანაშვილს, მაია დათუნაშვილს… ღინისძიებები მომავალი წლის ივლისის ჩათვლით გაიმართება. აგვისტოში გოგი ცაბაძის შემოქმედებითი საღამო ჩატარდება, ასევე გაიხსნება მისი სახელობის ქუჩა. ბათუმელები და ქალაქის სტუმრები ამ პროექტით ნამდვილად ისიამოვნებენ. ოქტომბერში – კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება, სადაც თაქთაქიშვილის, ლაღიძის, დოლიძის, კვერნაძის, სხვათა ნაწარმოებები ოპერის მომღერლების შესრულებით გაიჟღერებს. ჩატარდება ასევე ჯემალ სეფიაშვილის, ნუნუ გაბუნიას, კონსტანტინე პევზნერის, სხვების საღამოები…. მოკლედ, ბათუმს მთელი წელი საშუალება ექნება, უმასპინძლოს ამ შესანიშნავ საღამოებს და ისიამოვნოს, – გვითხრა აჩიკო ბერიძემ.
– ნუნუ დუღაშვილი, არის ადამიანი, რომლის სახელი და გვარი ძალიან ბევრს ამბობს. ჩემთვის მისი ყველა სიმღერა გამორჩეულია. ეს არის კომპოზიტორი, რომელიც სხვანაირად იმღერება, სხვანაირად გადმოსცემს თავის მუსიკას, ძალიან ღრმა კომპოზიტორია. ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონი ნუნუ ჩვენი უფროსი მეგობარია, მის დროს მოგვიწია მოღვაწეობა. ის ყოველთვის გვენდობოდა, გვაძლევდა თავის სიმღერებს, ჩვენთვისაც წერდა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ამ დონის კომპოზიტორი შენთვის ჰქმნის ნაწარმოებს, დღეს კი უბედნიერესი ვარ, რომ ამ კონცერტში ვმონაწილეობ, -აღნიშნა „თეატრალური კვარტეტის“ სოლისტმა კობა შემოქმედელმა- (ჭეფხოძემ).
– ჩვენ ქალბატონ ნუნუ დუღაშვილის სიმღერებზე გაზრდილი თაობა ვართ. ქალბატონი ნუნუ ლეგენდაა, ჩვენთვის დიდი პატივია ამ კონცერტში მონაწილეობა. მადლობა ბათუმის პუბლიკას, არაჩვეულებრივ მსმენელს, ყველა ნიუანსს და ამოსუნთქვას, რომ გრძნობს და განსაკუთრებით აფასებს „ჩუმ“ სიმღერას, – აღნიშნა ლაშა ღლონტმა.
– ქალბატონი ნუნუს სიმღერებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ყველასგან გასხვავებული კომპოზიტორია, თავისი ხელწერით. მას აქვს გამორჩეული რეპერტუარი, არაერთი კარგი სიმღერა და არცერთი ერთმანეთს არ ჰგავს. მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, რომ მან მომანდო თავისი საიუბილეო კონცერტის ორგანიზება, მადლობა მას ამისთვის და მადლობა ბათუმელებს, ყოველთვის ასეთი სიყვარულით რომ გვხვდება, – აღნიშნა დავით მაზანაშვილმა.
– ქალბატონი ნუნუ ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორია, მთელმა ქვეყანამ აღიარა მისი ულამაზესი სიმღერები. ჩემთვის დიდი პატივია, საყვარელი სიმღერის – „იეზიდის“ შესრულება, – გვითხრა მომღერალმა ანი კეკუამ.
– მინდა იცოდეთ, ბათუმელებო, მიყვარხართ. ბათუმი ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ქალაქია. „სიმღერა ბათუმზე“ რომ დავწერე, გადმოვეცი ყველაფერი, რაც ამ ქალაქთან დაკავშირებით დამიგროვდა. ისე მიყვარს ეს სიმღერა, სულ გადაკეთებაში ვარ. გაოგნებული ვარ, არ მეგონა, თუ ამდენი ხალხი ჩემთვის შეიწუხებდა თავს, ასეთი გულისყურით მომისმენდა. ბათუმი სიგიჟემდე მიყვარს და თურმე ამ ღირსი ყოფილა. მიხარია, რომ აქ გაიმართა ჩემი შემოქმედებითი საღამო, – გვითხრა ნუნუ დუღაშვილმა.
საღამოს ბოლოს კომპოზიტორი სცენაზე მიიპატიჟეს. ისევ გაისმა ნაწყვეტი სიმღერიდან „კახეთი“ აჩიკო ბერიძის შესრულებით. დარბაზი ისევ ფეხზე წამოუდგა დიდ კომპოზიტორს და მხურვალე ტაშით მადლობა გადაუხადა ულამაზესი შემოქმედებისთვის.
კომპოზიტორის შემოქმედებით საღამოში მონაწილეობდნენ აჩიკო ნიჟარაძე, აჩიკო ბერიძე, დათუნა სირბილაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, ანსამბლები: „თეატრალური კვარტეტი“, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“, „ალილო“, „რერო“.
მანანა ძიძიშვილი