
ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა.
რამდენიმე კვირის წინ ოთარს თავის ტვინში გაუსკდა ანევრიზმა, რა მიზეზითაც ჩაუტარდა სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციები. სამწუხაროდ, მდგომარეობა გართულდა და განვითარდა ფილტვების ანთება, ხოლო მოგვიანებით სეფსისური მენინგიტი. დიდი ძალისხმევისა და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოთარ ქათამაძე 1983 წლის 9 ივლისს დაიბადა. დაამთავრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004-2006 წლებში – თბილისის თეატრალური სარდაფის მსახიობი, 2006 წლიდან კი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. ის გახლდათ არაერთი საინტერესო პროქტის ავტორი, შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი როლები: სცენის მუშა (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში); სილვიო (ორი ბატონის მსახური); ანრი კუკუა (ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით); ბესამე (ვატერპოლოო); ჟურნალისტი (მა მურე); ოაკიმე (ჩურჩული და კივილი); მუსიკოსი (სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი – პიესის თანაავტორი); კოჩკარიოვი (ქორწინება); კუვიელო (ქვრივთა ნუგეშისმცემელი); მეორე პერსონაჟი (ცხოვრება გრძელდება); II მამაკაცი (ზაფხული დღე); აკოფა (ხანუმა); ქართველი მამაკაცი 5 (კლასიკური კოპროდუქცია); მამა უელში (ობლების ქალაქი).
ოთარ ქათამაძე ასრულებდა სახასიათო როლებს, რომელიც ხიბლავდა და განსაკუთრებულ ემოციას გვრიდა მაყურებელს, როგორც მსახიობმა, მრავალფეროვანი და დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნა, რომელიც სამუდამოდ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში.