„ომია მოსალოდნელი, რომელსაც უზარმაზარი ეფექტი ექნება მთელ რეგიონზე“
მსოფლიოში მიმდინარე რთულ გეოპოლიტიკურ პროცესებსა და ირანი-ისრაელი-აშშ-ის მოსალოდნელ კონფლიქტზე საუბრობს „აჭარასთან“ პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე.
– უჩანს თუ არა ბოლო რუსეთ-უკრაინის ომს, სად არის გამოსავალი?
– გამოსავალი ალბათ მაინც ერთ-ერთ მხარეს დრამატული პოლიტიკური ცვლილებებია, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფრონტის ჩამოშლამ. ახლა არ ფიქსირდება წინსვლა არცერთი აქტორისგან. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ისიც კი თქვა, რუსები ბაღის ლოკოკინის სისწრაფით მიიწევენ წინ და მათი სამხედრო ძლიერების შესახებ მითი გაზვიადებული აღმოჩნდაო… ასევე აღნიშნა, რუსეთს კოლოსალური ზიანი მივაყენეთო. ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ კონფლიქტი გამოფიტვისკენ წავიდა. ანუ ნატო და ევროკავშირი ცდილობენ რუსეთის გამოფიტვას. ცხადია, ამ პოზიციას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროპასთან დაპირისპირების მიუხედავად.
– ტრამპი თითქოს კეთილგანწყობას ამჟღავნებდა პუტინის მიმართ…
– და, ამის მიუხედავად, აშშ-ს არ მოუხსნია სანქციები, რომელიც ურტყამს რუსეთის საექსპორტო საშუალებებს… საერთოდ, არავის მოუხსნია ეს სანქციები, რაც ანგრევს რუსეთის ეკონომიკას და ამცირებს სავალუტო შემოსავლებს.
– თუ შეიძლება, განვმარტოთ, რა პოზიციას იკავებს ევროპა? მისი ლიდერების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიხედვით, ჯერაც არ არის გარკვეული, აპირებს თუ არა რუსეთისთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას.
– ევროპელების გათვლა შემდეგნაირად ფიქსირდება: გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მილიტარიზაციას; მოვამარაგებთ უკრაინას და რუსეთის ეკონომიკას ჩამოვშლით სანქციებით, განუწყვეტელი სამხედრო ხარჯებით, სხვადასხვა ტიპის მსხვილი დანაკარგებით; საბოლოოდ რუსული ჯარი დამარცხდება ომში და კრემლი წამოვა პოლიტიკურ დათმობებზე; შედეგად – რუსეთი გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან და მოაწერს ხელს კაპიტულაციას, რაც კრემლში ავტომატურად გამოიწვევს პოლიტიკურ ცვლილებებს.
– რაღაც მეეჭვება, პუტინმა ასე იოლად დათმოს პოსტი, მას უპირობოდ ემორჩილება კრემლი…
– რუსეთი ისეთი ქვეყანაა, სადაც ბრძოლის ველზე დამარცხება აუცილებლად იწვევს პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად, პუტინი შეეცდება ომის გაგრძლებას, აქ მისი გათვლები ადვილი გამოსაცნობია. გამოიყენებს ახალი ტიპის ომის შესაძლებლობებს, რათა ნაკლები დანაკარგებით მეტი ტერიტორია მოიპოვოს.
– რას გულისხმობთ „ახალი ტიპის ომში“?
– ახალი ტიპის ანუ დრონების ომში, სადღაც 30 კილომეტრშია ე.წ. ქილზონა, რის გამოც რთულდება ტერიტორიების რეალურად დაკავების პროცესი. პრინციპში, რუსები ტერიტორიებს მაინც იკავებენ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. უკრაინის მხრიდან დიდია დანაკარგები, თან მას რუსეთთან შედარებით აქვს მცირე დემოგრაფიული რესურსი, ეკონომიკურზე აღარაფერს ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა გადაქცეულია დასავლეთის სამხედრო ბანაკად. კრემლიც, ისევე როგორც ევროპა, იმედოვნებს, რომ თანდათან ამოიწურება უკრაინელთა დემოგრაფიული, ეკონომიკური თუ მორალური რესურსი და ფრონტი ჩამოიშლება ისევე, როგორც ჩამოიშალა პირველი მსოფლიო ომის დროს. კერძოდ, როდესაც მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიის და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და იმპერიის აქსისში. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია, საიდანაც ახალი სახელმწიფოები – ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. მოკლედ რომ ვთქვათ, გერმანიის ჯარები ჯერ კიდევ საფრანგეთში იყო, როცა დაიწყო რევოლუცია და გერმანიამ კაპიტულაციას ისე მოაწერა ხელი, მოკავშირეები მის ტერიტორიაზე შესულიც არ იყვნენ… ალბათ, დაახლოებით, მსგავსი გათვლა აქვთ რუსებს. პარალელურად, მაქსიმუმს აკეთებენ სამხედრო თვალსაზრისით და ცდილობენ უკრაინის ელექტროსექტორის მწყობრიდან გამოყვანას, აგრეთვე აზიანებენ ყველა იმ საშუალებას, რომელსაც უკრაინა სამხედრო მრეწველობისთვის იყენებს. მაგრამ ეს დიდ შეღავათს ვერ აძლევთ, რადგან რუსეთი ვერ ეხება უკრაინის ზურგს, რომელსაც დღესდღეობით წარმოადგენს ევროპა. წელს ევროპელები აპირებენ 7 მილიონი დრონით მოამარაგონ უკრაინის არმია… ეს ხომ წარმოუდგენლად დიდი ციფრია.
– ამ დროს რას აკეთებენ ამერიკელები?
– ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთმა ვერ მიაღწიოს გამარჯვებას. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ აშშ-ს არც უკრაინელების გამარჯვება და ევროპის გაძლიერება აწყობს. მას სურს, უკრაინა-რუსეთმა დაასუსტონ ერთმანეთი, თავად კი, როგორც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ბოლოს ჩაერევა და ნაღების დიდ წილს მოხდის… თან ევროპა მორჩილებაში ეყოლება, ანუ ევროპელები თეთრ სახლზე იქნებიან დამოკიდებული როგორც სადაზვერვო ინფორმაციის, ისე იარაღის თუ სამხედრო ძალების თვალსაზრისით. აქეთ რუსეთიც დასუსტდება და დაკარგავს გეოპოლიტიკური ლიდერის პოზიციებს მსოფლიო რუკის გადანაწილების პროცესში.
– რაც შეეხება ირანის საკითხს?
– ეს საკითხი, დღესდღეობით, რუსეთის დასუსტებაზე მეტადაა მნიშვნელოვანი ტრამპისთვის, რომლის მოგვარება, თავისთავად გულისხმობს როგორც რუსეთზე, ისე ჩინეთზე ერთდროულ დარტყმას და ზოგადად, ევრაზიაში მთელი იმ გეგმების ჩაშლას, რომელიც გულისხმობდა დიდი ევრაზიის ინტეგრაციული ლოჯისტიკური პროექტების განვითარებას ჩინეთის მხრიდან.
– ირანი რა კავშირშია მთელ ამ სქემასთან?
– ამ ეტაპზე, ირანი ევრაზიის ცენტრია, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. თეთრი სახლის მიზანი ირანის დეზინტეგრაცია ან იქ აშშ-ის მორჩილი პროამერიკული ხელისუფლების დასმაა. პრინციპში, ამერიკელებს ირანის დეზინტეგრაცია, უფრო უნდათ, ვინაიდან გამოირიცხება ახალი იმპერიული ირანის აღმოცენება. ამ კუთხით ამერიკას და საერთოდ, დასავლეთს სამწუხარო გამოცდილება აქვთ. გავიხსენოთ ირანის უახლესი ისტორია: 1953 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, რომლის შედეგადაც დაამხეს ეროვნული ფრონტის მთავრობა და დაამკვიდრეს შაჰის ხელისუფლება. 1953 წლის დეკემბერში აღდგა ურთიერთობები ინგლისთან. უკვე 1954 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ირანის მთავრობასა და ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმს შორის, რომლითაც გაიზარდა ირანის დამოკიდებულება უცხოურ სახელმწიფოებზე. შემდეგ მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევმა დაიწყო გარკვეული დრეიფი მრავალვექტორიანობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ითვლებოდა აშშ-ის და ისრაელის მოკავშირედ რეგიონში. მან საბჭოთა კავშირთანაც დაამყარა კეთილმეზობლური ურთიერთობები და მისგან იარაღსაც კი ყიდულობდა. ყველაფერ ამას მოჰყვა ის, რომ შაჰი ჩამოაგდეს, მათ შორის, მისი ტახტზე დამსმელების მონაწილეობითაც… თუმცა ამის შემდეგ გაექცათ პროცესი და მოვიდნენ ისინი, ვინც დღესაც არიან ხელისუფლებაში. მოგეხსენებათ, 1979 წლიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის მმართველი გახდა აიათოლა ხომეინი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, პირბადეს (ჩადრს) და ურწმუნოებისადმი შეუწყალებლობას. ამ ისტორიიდან გამომდინარე, ლოგიკურია იმის მოლოდინი, რომ ვინაიდან ირანი ისტორიულად იმპერიული სახელმწიფოა, მის სათავეში მოსული ნებისმიერი ხელისუფალი ასეთივე განწყობის იქნება და ბოლოს მაინც ანტიამერიკულ პოლიტიკას გაატარებს, ამერიკელები შეეცდებიან, გამორიცხონ ასეთი შესაძლებლობა და ირანის სრული დეზინტეგრაციისკენ წავიდნენ. ირანი მართლა ძალიან რთულად შედგენილი სახელმწიფოა და იქ იოლად მოხდება ე.წ. ქაოსის ექსპორტი.
– ისრაელი?
– ირანის დეზინტეგრაცია იქნება ისრაელის, კერძოდ, ნეთანიაჰუს ოცნების განხორციელება, რომელიც არც მალავს, რომ მისი უპირველესი ამოცანაა გარშემო მდებარე სახელმწიფოების დასუსტება, რათა ვერ შეუქმნან საფრთხე ისრაელს და ვერ მოახერხონ ტერორისტული ქსელების ჩამოყალიბება. თუკი მივიხედ-მოვიხედავთ რა პროცესები წარიმართა ისრაელის ირგვლივ, მივხვდებით, რომ ზემოთ ნახსენები საკითხი, ანუ კონფლიქტი ირანთან რეალურად არის მოსალოდნელი.
შეერთებული შტატები ამ ამოცანებს განიხილავს ინტეგრირებულად და კომპლექსურად, ანუ მთლიანობაში უყურებს პრობლემას, რადგან მას გააჩნია ძალიან სერიოზული სტრატეგიული დაგეგმვის ინსტრუმენტები, თანაც ცდილობს ირანის იზოლაციას რუსეთისა და ჩინეთისგან. აშშ მოქმედებს მიზანმიმართულად და იმ შემთხვევაში, თუ ამ სამეულის (ირანი, რუსეთი, ჩინეთი) კონსოლიდაცია ვერ მოხდება, მაშინ ირანში დაიწყება ძალიან მძიმე პროცესები.
– რუსეთი და ჩინეთი რითი დაეხმარებიან ირანს ამ ვითარებაში?
– შეუძლიათ მოსალოდნელი თავდასხმის პრევენცია სხვადასხვა დიპლომატიური არხების გამოყენებით ან რეალური სამხედრო ძალების მუქარით. მოკლედ, უნდა იმოქმედონ… ირანს დიდი პრობლემები აქვს, რადგან დასუსტებულია სანქციებით თუ საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლით. იქ საკმაოდ რთული მდგომარეობაა (არც ისეთი, როგორსაც წარმოსახავენ) და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ირანის ხელმძღვანელობაზე, ქვეყანაში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებზე გამანადგურებელი დარტყმა, თუ გააქტიურდება სადაზვერვო უჯრედების რგოლები, შეიძლება ირანში დაიწყოს უმართავი პროცესი, რითაც ისარგებლებენ ამერიკელები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. მით უმეტეს, რომ ისრაელიც ჩასაფრებულია და მათთან ერთად განახორციელებს ამ ოპერაციას.
– გამოდის, ამერიკელები დაარტყამენ ირანის ხელმძღვანელობას?
– აუცილებლად შეეცდებიან, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანის თემაზე არ არსებობს კონსოლიდაცია. ის კი არადა, უმძიმესი დაპირისპირებებია. მაგალითად, ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფები. სრული კატასტროფა აქვთ, შესაძლოა ტრამპს მოუწიოს სხვადასხვა სახელმწიფოს გადაუხადოს ამ ტარიფების მატებით დაკარგული შემოსავლები… მოკლედ, უამრავი უცნაური რამ ხდება აშშ-ის პრეზიდენტის ირგვლივ. ამას გარდა, ამერიკელთა დიდი ნაწილი საქმის კურსშიც არ არის, რას აპირებს თეთრი სახლი ირანში. ისინი, ზოგადად, იზოლაციონისტები არიან და მხოლოდ 11 სექტემბრის მსგავსი ტრაგიკული მოვლენების დატრიალება თუ განაწყობთ საგარეო ომისთვის. სხვათა შორის, არც ეს არის გამორიცხული, მსგავსი ტიპის პროვოკაციასაც უნდა ველოდოთ…
– გინდათ თქვათ, მსგავსი ტიპის პროვოკაციასაც კი არ მოერიდება ტრამპი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად?
– არც ამას გამოვრიცხავ…
– სომხეთი და აზერბაიჯანიც აღმოჩნდნენ ჩართული ირანის ირგვლივ აგორებულ ტალღაში?
– დიახ, ესენიც უნდა განვიხილოთ ამერიკულ ჭრილში. კერძოდ, სამხრეთ კავკასია ესაზღვრება ირანს, ვგულისხმობ, სომხეთსა და აზერბაიჯანს, რის გამოც მოხვდნენ აშშ-ის ინტერესებში. ახლა გაჟღერდა, რომ ამ ორ ქვეყანაში ჩაიტანეს გარკვეული ტიპის შეიარაღება, ხოლო ირანი იმუქრება, რომ დაარტყამს ყველას, ვინც მონაწილეობს ამერიკელების მიერ მასზე თავდასხმის ორგანიზებაში. სხვათა შორის, იმ არაბულ სახელმწიფოებთან კავშირში, სადაც ამერიკული ბაზებია განლაგებული, მოიხსენიებენ აზერბაიჯანსაც, რომელიც ისრაელთან ერთად, ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეც გახდა ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ, როდესაც ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას.
– რუსეთი რას აკეთებს ამ კუთხით?
– რუსეთის საკითხი არ ჩანს ზედაპირზე უკრაინასთან მისი კონფლიქტის გამო, თუმცა დაფიქსირდა, რომ პუტინმა ირანს მიაწოდა Su-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბევრი სხვა იარაღი. იგივე გააკეთეს ჩინელებმაც, როგორც ამბობენ, მათ უფრო დიდი რაოდენობის იარაღი შეიტანეს და სამხედრო მრჩევლებიც გაუგზავნეს ირანს. მოასწრო თუ არა ირანმა მიწოდებული იარაღის ინტეგრაცია, მისი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა, კადრების გადამზადება და სხვა ღონისძიებები, რომელიც ამ იარაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისთვისაა საჭირო, ამას გვაჩვენებს საბრძოლო მოქმედებები. ორივე მხარეს უკვე გააჩნია საკუთარი სამხედრო გეგმები. ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები გასაგებია, ყველა დეტალს დაწვრილებით სწავლობენ, ითავალისწინებენ ნებისმიერ მოსალოდნელ გართულებას…
– მსოფლიო დაძაბული ელოდება, როდის დაარტყამს აშშ ირანს…
-ალბათ დაარტყამს მაშინ, როდესაც ნებისმიერი რისკისგან დაზღვეულად იგრძნობს თავს და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვების გეგმებს გაარკვევს. მხოლოდ ამის შემდეგ მოახსენებენ პრეზიდენტს სრული მზადყოფნის შესახებ და უკვე ტრამპი გასცემს საბოლოო ბრძანებას. ამერიკელები პირველივე დღეს შეეცდებიან მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანას, გაანადგურებენ ირანში არსებულ სარაკეტო დანადგარებს, რათა ირანელებმა ვერ შეძლონ მათი ბრძოლაში გამოყენება. ამისთვის დასჭირდებათ ირანის საჰაერო სივრცის მუდმივი, 24-საათიანი კონტროლი. საჰაერო უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში, უკვე ომი კი არა, ირანელებზე ნადირობა იქნება და თუ ამას მოახერხებს აშშ ისრაელთან ერთად, ირანს ძალიან მძიმე დღეები დაუდგება…
– როგორ ფიქრობთ, ირანი მოახერხებს წინააღმდეგობის გაწევას?
– ზოგიერთი ინფორმაციის მიხედვით, ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მზადაა ამ გამოწვევაზე პასუხის გასაცემად, თუმცა ეს მხოლოდ კულუარული შეფასებებია. სინამდვილეში, კონკრეტული უწყებების გარდა არავინ იცის, როგორია სამხედრო ძალთა თანაფარდობა ორივე ქვეყანაში, თუმცა ერთი რამ ყველამ ვიცით, რომ ირანი აუცილებლად გამოაცხადებს რელიგიურ ომს და შეეცდება გაანადგუროს აშშ-ის საჰაერო თუ საზღვაო სამხედრო ბაზები. მაშინ მართლა საშინელება დატრიალდება. იმის წარმოდგენაც კი გზარავს, აშშ-ის უზარმაზარი სამხედრო ხომალდები თუ ავიამზიდები ფსკერისკენ როგორ მიემართება… ეს უკვე ესკალაციის შემდგომ სპირალზე გასვლა იქნება.
– თუ შეიძლება ამ კონფლიქტის შეჩერება?
– ვიმეორებ, ეს ომი დაიწყება, თუ ჩინეთი და რუსეთი არ მიიღებენ გადამწყვეტ ზომებს და დროულად არ ჩაერევიან ვითარების განსამუხტად. ვგულისხმობ მკაცრ დიპლომატიურ დემარშებს, მუქარას, წითელი ხაზების დაწესებას და სხვა ღონისძიებებს. შეუძლიათ განაცხადონ, რომ თუ არ შეჩერდება ეს ესკალაცია, ჯარების თავმოყრა და შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადება, გაატარებენ პრევენციულ ზომებს ანუ წერტილოვან დარტყმებს მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზებზე… მართლაც საშინელი რამ ხდება, უზარმაზარი არმადა მიემართება ირანის ნაპირებისკენ და ემუქრება მას… და რისი გულისთვის, რა დააშავეს ირანელებმა, რომ იძახიან „სიკვდილი ამერიკას“?! იყვირებენ აბა, რას იზამენ, როდესაც აშშ ცდილობს თეირანში სამხედრო გადატრიალების მოწყობას, ხან სანქციებს უწესებს და მიუღებელ პირობებს უყენებს. ან თუნდაც რომ ეუბნებიან, ისრაელს უნდა ჰქონდეს ატომური იარაღი, შენ კი არ უნდა გქონდესო. ვინ აწესებს, რატომ უნდა ჰქონდეს ისრაელს და არ უნდა ჰქონდეს ირანს?! ამ ქვეყანას ართმევენ ურანის გამდიდრების უფლებასაც კი. ვერც ატომური ელექტროსადგურების ამუშავება შეძლო. ირანელებს მოსთხოვეს, უარი თქვან სარაკეტო სისტემების დაყენების პროგრამაზეც, არადა რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის უარს თავდაცვაზე…
– ხომ ამბობენ, რომ ირანი ტერორისტული სახელმწიფოა და ეს აკრძალვებიც აქედან გამომდინარეობს…
– ჰო, მაგრამ არც სხვა სახელმწიფოები არიან ანგელოზები… მოკლედ, საშინელი მდგომარეობაა, ომია მოსალოდნელი, რომელსაც უზარმაზარი ეფექტი ექნება მთელ რეგიონზე და ზოგიერთი ეს ჩვენი გამოთაყვანებული მოქალაქე ამას მიესალმება.
– რა ადგილს იჭერს მთელ ამ სიტუაციაში საქართველო?
– საქართველოს ადგილის განსაზღვრა ამ შემთხვევაში ძალიან რთულია. კარგი ნიშანია, ჩვენთანაც რომ არ ჩამოვიდა ჯეი დი ვენსი, ანუ არჩევანის წინაშე არ დაგვაყენეს, თუმცა ზოგიერთი თანამემამულე იმ დონეზეა აჟიტირებული და თავისი ბოღმების რეალიზაციით დაკავებული, ნარატივს ავრცელებს, თურმე მთავარი პრობლემა და დასავლეთთან დაპირისპირების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური კონფლიქტები კი არა, ჩვენი შიდა არადემოკრატიული მოწყობა ყოფილა. აი, ამისთანა სიგიჟეებს ლაპარაკობენ… თურმე ჩვენ ამის გამო გვიპირისპირდებიან „დემოკრატები“, ხოლო აზერბაიჯანის, ყაზახეთის თუ საუდის არაბეთის დემოკრატიით მოხიბლულები ყოფილან და იმიტომ დარბიან მათთან… სასაცილოა, რომ აცხადებენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილს აქ ჩრდილოეთ კორეა აუშენებია, თან ამას საკუთარი ტელეარხებით ლაპარაკობენ… არაადეკვატურები არიან, აბა, რა არიან… გავიგეთ, უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ვერ მოდიან და რა გადაგვაყოლეს, რა ვერ მოინელეს…
ირმა ცეცხლაძე