ოპოზიცია „მოსკოვის მექანიზმს“ სანქციების წინაპირობად მიიჩნევს
ოპოზიციის შეფასებით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება ადასტურებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევები სისტემურ ხასიათს ატარებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც „ქვეყანაში არა მხოლოდ ცალკეული დარღვევები, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სისტემური შეზღუდვა ფიქსირდება“.
ფავლენიშვილის თქმით, მექანიზმის ამოქმედება ხელისუფლებისთვის სერიოზული სიგნალია და შესაძლოა, კონკრეტულ შედეგებსაც დაედოს საფუძვლად. მისი განმარტებით, „ასეთი პროცესები, როგორც წესი, კონკრეტული რეზოლუციების, სანქციებისა და სამართლებრივი გადაწყვეტილებების წინაპირობაა“, ხოლო შესაბამის დასკვნებს „შესაძლოა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც მოჰყვეს“.
ამავე პოზიციას იზიარებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ეუთოს ნაბიჯს „ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან სიგნალად“ აფასებს. მისი განცხადებით, დასავლური ინსტიტუტები მსგავს გადაწყვეტილებებს „შემდგომ ნაბიჯებზე წინასწარი გათვლის გარეშე არ იღებენ“ და ეს პროცესი, მისი თქმით, „საზოგადოებრივი პროტესტისა და ოპოზიციის მუშაობის შედეგია“.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ეუთოს კიდევ 23 წევრმა ქვეყანამ „მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის გამო გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნას ითხოვს.
მმართველ გუნდში გადაწყვეტილებას მკვეთრად განსხვავებულად აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება „საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ინსტრუმენტია“, რომელიც მიზნად „ზეწოლას, დაშინებასა და შანტაჟს“ ისახავს.
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებას „დასამალი არაფერი აქვს“ და მზად არის, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუმცა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული მისია „არც გამოძიებაა და არც სასამართლო“, არამედ ფაქტების შემსწავლელი ფორმატია. მისივე შეფასებით, პროცესის ინიციატორები და მხარდამჭერები „დიალოგის ნაცვლად მუქარას ამჯობინებენ“, რაც, მისი თქმით, „არაევროპული ქცევაა“.