ოპოზიციის კრიტიკა და ხელისუფლების მოლოდინი – განსხვავებული შეფასებები აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტზე
აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს საქართველოში პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვის უნარს უწუნებს, ხოლო მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ შეხვედრები უკვე პოზიტიურ შედეგებს იძლევა.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიგა ფარულავას განცხადებით, ხელისუფლებას აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა ვერ გამოუვა.
„მძიმე ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, არსებული პოლიტიკა გამოასწოროს და გადატვირთოს. დღეს ამ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს კომპეტენცია და პოლიტიკური შესაძლებლობა, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაზიანებული ურთიერთობა აღადგინოს. ნამდვილად გვსურს, საქართველოსა და აშშ-ს შორის იყოს ნორმალური, ღირსეული ურთიერთობა, მაგრამ დღეს ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
მმართველ გუნდში კი ვიზიტს პოზიტიურად აფასებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დელეგაცია ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრების დროს მაგიდასთან არის საკითხები, რომლებიც საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვას ეხება. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და საბოლოოდ მიგვიყვანს საუკეთესო გადაწყვეტილებებამდე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი კი ამბობს, რომ უკვე გამართული შეხვედრები აშშ-ის მხრიდან ინტერესზე მიუთითებს.
„სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შემდეგ გაიმართა შეხვედრა თეთრ სახლშიც, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, რაც ბევრის მანიშნებელია. როცა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს თეთრ სახლში იწვევენ, ეს აჩვენებს, რომ ამერიკა სერიოზულად ფიქრობს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში შედიან პარლამენტის წევრები ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში, სადაც მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებასა და სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გალერეა
