,,ოპოზიციის ოპოზიციად ყოფნა არის მავნებლობა და პროცესის დაზიანება“
By

,,ოპოზიციის ოპოზიციად ყოფნა არის მავნებლობა და პროცესის დაზიანება“

ოპოზიცია 4 ოქტომბერს მშვიდობიან რევოლუციას აანონსებს, ამ დღეს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ჩანიშნული. ამდენად, თარიღი მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი გუნდისთვის. ერთი მხრივ, ესაა საიუბილეო მეათე არჩევნები „ოცნებისთვის“, მეორე მხრივ კი, როგორც ვთქვით, ოპოზიცია მძლავრ საპროტესტო აქციას გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა აზარალებს ქვეყანას როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. მმართველი პარტია, თავის მხრივ, ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს და არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. ერთი რამ ცხადია, თუ თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, ეს გაამყარებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას დასავლეთში, ამასთან, მმართველ გუნდს მოუწევს ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა. ურთიერთკომპრომისის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და ეს არაერთხელ დადასტურდა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. საქართველოში არსებულ სიტუაციასა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა ,,ახალგაზრდული ძალის“ თავმჯდომარე თედო ზოიძე.
– ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებდეთ, მინდა გკითხოთ: რამ გადაგაწყვეტინათ „ახალგაზრდული ძალის“ შექმნა?

– მთავარი, რამაც „ახალგაზრდული ძალის“ შექმნა გადაგვაწყვეტინა, იყო ის, რომ საზოგადოება დაიღალა ერთ წრეზე ტრიალით და ერთი და იმავე სახეების ყურებით. ამიტომ შემოვიკრიბეთ ახალგაზრდები, რომლებსაც სუფთა ხელებით შეუძლიათ საქმის კეთება. დავაფუძნეთ პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც აუცილებლად იტყვის მნიშვნელოვან სიტყვას ქართულ პოლიტიკურ ველზე. მეტწილად, საზოგადოების განწყობამ დღევანდელი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ გადაგვაწყვეტინა, გადაგვედგა ეს ნაბიჯი – შემოვსულიყავით პოლიტიკაში.

– დღესდღეობით ახალგაზრდებს, ძირითადად, რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება და ამ მხრივ როგორია ხელისუფლების პოლიტიკა?

– ახალგაზრდები მნიშვნელოვანი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, განათლების სრულფასოვნად მიღების, დასაქმების და სხვა მიმართულებებით, დაუკარგა პერსპექტივა ბევრ ახალგაზრდას. გულდასაწყვეტია, რომ მათ მნიშვნელოვან ნაწილს უწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა როგორც განათლების მიღების, ასევე დასაქმების მიზნით. ამას ემატება ნარკოტიკების მარტივად ხელმისაწვდომობა, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება მისით, რასაც ვიცით, რა შედეგები მოჰყვება ხოლმე და როგორ ვითარდება შემდგომ მოვლენები.

– ადრე ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სამომავლოდ აპირებთ თქვენი ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას, ეს დრო დადგა?

– ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მეტიც, აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესებში. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე ახალგაზრდული ძალა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, რა ფორმით და როგორ გავაგრძელებთ მუშაობას და პოლიტიკურ პოზიციონირებას, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერებისთვის, ვესაუბრებით საინტერესო ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის. პირადად მეც ასეთი ახალგაზრდების ძიების პროცესში ვარ და უახლოეს მომავალში გუნდი ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ საქმიანობას.

ბუნებრივია, გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ სამომავლოდ ჩვენი მოძრაობა გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას და შევასრულებთ გადამწყვეტ როლს პოლიტიკურ ველზე, ამას იხილავს ყველა.

– ქვეყანაში საყურადღებო და, გარკვეულწილად, საინტერესო პროცესები ვითარდება. როგორ შეაფასებთ მმართველი პარტიის და ოპოზიციის ქმედებებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით?

– ოპოზიციის ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი კითხვა და პრეტენზია გვაქვს, ასევე, უნდობლობაც, ამიტომ არც ახლა და არც მომავალში მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ეს მათი ქმედებებიდან გამომდინარეობს, რადგან მარტივად ამოსაცნობია, ვინ ვის საქმეს აკეთებს და ვინ ცდილობს, გამოიყენოს ყველა საშუალება იმისთვის, რომ დისკომფორტი შეუქმნას მმართველ პარტიას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ოპოზიციისავე კრიტიკით ცდილობენ ოპოზიციის და პროცესის დაზიანებას, რაც მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ასიამოვნონ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ასე და ამ ფორმით ხელისუფლება არა თუ არ და ვერ შეიცვლება, არამედ უფრო დიდი ხნით გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, სხვა საშუალებებით და ფორმით ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის და არა ისე, როგორც დღეს 8 ოპოზიციური პარტია ცდილობს.

– ოპოზიცია ვერ შეთანხმდა საერთო სტრატეგიაზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს რისი მანიშნებელია?

– თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი საუბარი იყო, მათ შორის ჩვენი გუნდიც ცდილობდა დიალოგს და არგუმენტების ძიებას როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს.

მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა ადამიანებმა დაიწყეს საჯაროდ იმის საპირისპირო საუბარი და მტკიცება, რასაც კონკრეტულ შეხვედრებზე აფიქსირებდნენ, გაგვიჩნდა კითხვები როგორც მათ პირად ინტერესებზე, ასევე მათ მიმართ ნდობის საკითხზე. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდული ძალა მხარს უჭერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. ბუნებრივია, არის ბევრი რამ, რაზედაც საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა უნდა იცოდეს ყველამ, რომ აუცილებლად მოვა საუბრის დრო, როცა ყველაფერს აეხდება ფარდა და საზოგადოება დარწმუნდება იმაში, რაშიც ახლა მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ ბოლომდე დარწმუნებული.

საერთო სტრატეგიაზე ვერშეთანხმება მხოლოდ პირად ინტერესებზე მიუთითებს და ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ – არც პროტესტია რომელიმე პარტიის კერძო საკუთრება და არც არჩევნები, ამიტომ ყველა გზა და მეთოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევქმნათ დისკომფორტი, მით უფრო იმ ფონზე, რომ არსებობს დიდი ქალაქების მოგების შანსი.

– ,,ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული და მოღალატე

მიძახეს. . .“ განაცხადეთ ამასწინათ. გვიამბეთ ამის შესახებ. . .

– ნამდვილად ასე იყო, კონკრეტული ჯგუფები ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ვინც უჭერდა მხარს არჩევნებზე გასვლის საკითხს, იყო გარიგებული ბიძინა ივანიშვილთან. იმ პარტიის წარმომადგენლებიდან, რომელთა ლიდერებმაც, კაცმა არ იცის, საიდან მოიტანეს მილიონები, ვინ ვისთან არის გარიგებული, წესით მალე უნდა გაირკვეს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ რაც უნდა დამაბრალონ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან გარიგება, ვარ მართალი საკუთარ თავთან, გუნდთან, ჩემს ხალხთან და სახელმწიფოსთან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ რთულ და კრიზისულ პერიოდში ცდილობს ისრების მომართვას, ვინმესთვის რაღაცების გადაბრალებას უარგუმენტოდ, არის მავნებელი და პროცესის დამაზიანებელი. არ მაინტერესებს, დამიძახებენ ივანიშვილთან გარიგებულს თუ მოღალატეს, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაკეთებ ყველაფერს ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

– უდავოა, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ ვერ შეთანხმდა საერთო სტრატეგიაზე მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ერთმანეთს აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. . .

– დიახ, როგორც უკვე ვისაუბრე, ეს მხოლოდ პროცესის დაზიანებაა და ჩვენი მთავარი ოპონენტის – ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს, ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოვძებნოთ გზები ერთმანეთთან საუბრისათვის, შეთანხმებისთვის და პატივი ვცეთ ერთმანეთის შერჩეულ ბრძოლის სტრატეგიას. უნდა ესმოდეს ყველას, რომ მთავარია, უდანაშაულო ადამიანები დაუბრუნდნენ ოჯახებს, რომ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აუცილებლად იქნება ძალიან მალე. თუ არ გამოდის ერთიანობა, უნდა ვეცადოთ, არ დავაზიანოთ ერთმანეთი, რადგან ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები და ოპოზიციის ოპოზიციად ყოფნა არის მავნებლობა და პროცესის დაზიანება.

– როგორც ცნობილია, საპარლამენტო კომისიამ საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამოაქვეყნა, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .

– საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჩემთვის საინტერესო და სერიოზული ვერ იქნება, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო.

პირველი ისაა, რომ ამ კომისიას, როგორც აღმოჩნდა, არაფერი ჰქონდა საერთო მთავარ მიზეზთან რის გამოც შეიქმნა – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან, პირიქით, ამ კომისიამ გაასამართლა და დააკავა ისეთი ადამიანები, რომელთაც არც პოლიტიკური საქმიანობა აკავშირებდათ იმდროინდელ ხელისუფლებასთან და არც იმ საქმეებთან ჰქონდათ კავშირი, რომელთა გამოც ცდილობდნენ მათ გასამართლებას. გარკვეულწილად, ეს კითხვებს აჩენს, თუმცა ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. ხელისუფლებას მართებს მეტი პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი დასკვნებით, რომლებიც სხვა ქვეყნები იყენებენ პროვოკაციული განცხადებებისთვის, ვგულისხმობ რუსეთს, არ მივცეთ საშუალება იხელმძღვანელონ და ჩვენს სახელმწიფოს დააბრალონ ომის დაწყება და მსგავსი დანაშაული.

– სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ამ დასკვნის საფუძველზე არ არის გამორიცხული ახალი საქმეები აღიძრას ყოფილი ხელისუფლების წევრებზე. . .

– თუ მათ უნდოდათ ვინმეს მიმართ საქმის აღძვრა და დაკავება, აქამდე ბევრი დრო იყო ამისთვის, ახლა, როცა საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობა ისე, რომ არ დაკითხა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, ეს „მუქარები“ არის, უბრალოდ, არასერიოზული და სასაცილო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათგან გამორიცხული არაფერია. როგორც ჩანს, ყველას დაკავება გადაწყვიტეს, თუმცა ეს ქვეყანა სულ უფრო და უფრო მოშორდება დემოკრატიულ ღირებულებებს, ფასეულობებსა და პრინციპებს.

– გვერდს ვერ ავუვლით დაანონსებულ 4 ოქტომბრის აქციას, ორგანიზატორთა თქმით, მოხდება მშვიდობიანი რევოლუცია. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

– მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდე პროცესისგან, სადაც ორგანიზატორებმა დიდი ხნით ადრე დაიწყეს საუბარი რევოლუციაზე და მის თარიღზე, ეს არის, უბრალოდ, არასწორი მიდგომა და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა.

რევოლუციები ასე არ ხდება და არც ისე, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დაუშალოს ვინმემ აქციებზე მისვლა. ჩემი პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის და ბუნებრივია, პატივს ვცემ ყველა ადამიანის აზრსა და მათ პოლიტიკურ გზას, თუმცა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი ხედვა და პოზიცია, რაზედაც საუბრისგან თავს, ამ ეტაპზე, შევიკავებ.

– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: სულ უფრო ხშირად ისმის დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისადმი, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .

– ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად, აღარ დარჩა პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავს გადამწყვეტ მომენტში, რადგან მთავრობის მიერ გატარებულმა საგარეო პოლიტიკამ და გაკეთებულმა განცხადებებმა დააზიანა ჩვენი ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც პარტნიორობის შეწყვეტა არის კატასტროფული შედეგების მომტანი. დღეს საქართველოს ბევრი მოქალაქე ამ ქვეყნებში ცხოვრობს, მუშაობს, ახალგაზრდები იღებენ განათლებას და ცდილობენ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა მსგავსი საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის საგარეო კურსი ხელს უშლის და კლავს ყველა იმ პერსპექტივას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია.

– დაბოლოს, რამდენად სერიოზულია საქართველოს საგარეო საფრთხეები?

– სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო საფრთხეები დღეს იმაზე უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთი რამ, რაც ამ ქვეყანას სახელმწიფოებრივად ჩამოშლის, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ არ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა, ის ბენეფიტები, რომლებსაც წლებია ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, დროა ერთმანეთთან საუბრის, ერთად მსჯელობის, როგორ ჯობია, რომ შევცვალოთ არსებული სურათი, რადგან საქმე ეხება სახელმწიფოდ დარჩენა-არ დარჩენას. ყველას ვალია, დავიცვათ ის, რაც ჩვენია, რაც ჩვენი მონაპოვარია, რაც ჩვენი გმირების სისხლის ფასად დავიცავით და დღემდე მოვიტანეთ, ჯერი ჩვენზეა, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ არ დავკარგოთ სახელმწიფო, უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს საქართველო და იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი!

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *