ორივე სამშობლო ერთნაირად განსაკუთრებულად უყვარს
ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ცივნარიძე) – რეჟისორი, პროდიუსერი, მედიაპროექტების ავტორი და ქართული კულტურის პოპულარიზატორი თურქეთში. 2000 წელს მან შექმნა პირველი ქართული ვებპლატფორმა თურქეთში – „chveneburi.net“, რომელიც ახლაც ავრცელებს ინფორმაციას საქართველოზე, ქართულ ენასა და კულტურაზე. აქტიურად იყო ჩართული ქართული დიასპორის საინფორმაციო და კულტურულ საქმიანობაში – რადიო „ჩვენებურების“ მაუწყებლობაში, ჟურნალ „ჩვენებურების“ და ორენოვანი გამოცემის „ფიროსმანი“ გამოცემაში. მისი ინიციატივითა და თურქეთის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, თურქეთის საჯარო სკოლებში დაამტკიცეს ქართული ენის სასწავლო პროგრამა (V–VIII კლასებისთვის), რის შედეგადაც, ქართული ენა დღეს სწავლების არჩევით საგნად არის წარმოდგენილი. 2015 წელს ქართული კულტურის განვითარებისა და დიასპორული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა „ოქროს საწმისის“ ორდენით. მასთან საუბარი შუახევში გამართული კინოფესტივალის დროს ჩავიწერეთ.
– ბატონო ელიზბარ, რას გვეტყვით თქვენი ქართული ფესვების შესახებ?
– დავიბადე 1974 წლის 20 ივნისს მაჭახელა-მინდიეთში (ართვინი-ბორჩხა-მაჭახელი), ქართულ ოჯახში, დედაც და მამაც ეთნიკური ქართველები არიან. ვიზრდებოდი ქართული ტრადიციებით, იმ ადათ-წესებით, რომლებიც შემონახული იყო. ოჯახში ვსაუბრობდით ქართულ ენაზე (აჭარული დიალექტით) და ასეა დღემდე. მხოლოდ სკოლაში მისვლის შემდეგ ვისწავლე თურქული ენა.
– თქვენი წინაპრები ძირძველ საცხოვრისად მაჭახლის ხეობას მიიჩნევენ. რა კავშირები გაქვთ გვარის წარმომადგენლებთან?
– ჩემი ქართული გვარია ცივნარიძე, მაჭახელა-მინდიეთის მკვიდრი მოსახლენი ვართ. ჩემი პაპა, პაპის პაპა, მათი წინაპრები მუდმივად აქ ცხოვრობდნენ, ჩვენ მუჰაჯირები არ ვართ. მე, მართალია, სტამბოლში გადმოვედი საცხოვრებლად, მაინც მაჭახლელი ცივნარიძე ვარ და ეს ძალიან მეამაყება. როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, მაჭახელაში ჩავდივარ. მშობლები დღემდე იქ ცხოვრობენ და ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა იქ თუნდაც ერთი დღის გატარება. ასევე, ცივნარიძეები ცხოვრობენ ახალშენში, ბათუმში, ბუკნარში, ურეხში, ჩაქვში, ჯოჭოში… ყველას, ცხადია, არ ვიცნობ, მაგრამ ზოგიერთ მათგანთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა.
– რამ განაპირობა ვებპლატფორმა „ჩვენებურის“ შექმნა?
– სტამბოლში ჩამოსვლისას (სტამბოლი-ბეშიქთაშში) გავეცანი ბათუმის რეგიონის საიმიგრაციო დახმარების ასოციაციას. აქტიურად მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში. 1994 წელს სტამბოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილზე, „ჩაქილ რესტორანში“ ქართული საღამოს მოწყობის ინიციატორთაგანი ვიყავი. ამ წლებში უკვე გამოდიოდა ჟურნალი „ჩვენებური გაზეთი“. გავეცანი ამ ორგანოს, ძალიან მომეწონა და მომდევნო ნომრის გამოსვლის დროს უკვე გავხდი გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი. ეს ჟურნალი თურქეთში მცხოვრები ქართველების ენისა და კულტურული თვითმყოფადობის გამომხატველი სიმბოლო გახლდათ. 2000 წელს, თურქეთის პირველი და ერთადერთი ქართული ვებსაიტი „Chveneburi.Net“ შევქმენი. საიტზე თურქეთელ ქართველებსა და თურქეთის საზოგადოებას ვაწვდით ყველა ინფორმაციას საქართველოს შესახებ. საიტზე საუბარია ქართული ენასა და ლიტერატურაზე, ისტორიასა და კულტურაზე. „Chveneburi.Net“-ზე დავწერეთ სტატიები თურქეთელ ქართველებსა და ქართულ სოფლებზე. ვაგრძელებთ სტატიების წერას თურქეთში ქართულ კუტურასა და აქაურ ქართველებზე. თურქეთში შეგნებულად წამოწყებული ანტიქართული კამპანიისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოქვეყნებული სტატიების საპასუხოდ, სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენ დავწერეთ სტატიები, განსაკუთრებით, საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასა და ისტორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ შეხედულებებზე. საშუალება მივეცით მკითხველს, გასცნობოდა რეალურ ისტორიას. გვჯერა, რომ სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით, თურქ მკითხველში ამ შეცდომით გამოწვეულ მცდარ შეხედულებას გამოვასწორებთ. აქტიურად ვსაქმიანობდი ინტერნეტრადიო „ჩვენებურებში“ მისი მაუწყებლობის პერიოდში. რადიოს მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა – ქართულ მუსიკას აცნობდა იქაურ ქართველებს. იმ პერიოდში, „ფეისბუქის“ მსგავსი სოციალური პლატფორმის არარსებობის გამო, ინტერნეტრადიოს ჰქონდა ჩათი, რომლის საშუალებითაც რადიოს მსმენელებს შეეძლოთ, ქართული ენა პრაქტიკულად ესწავლათ და გაეღრმავებინათ მეგობრობა ქართველებთან, რაშიც, ვთვლი, რომ მნიშნელოვანი როლი შევასრულეთ.
– მაჭახელას ხეობის მკვიდრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიური დოქტორი როინ მალაყმაძე „ჩვენებურების“ ხშირი სტუმარია. მასთან ურთიერთობაზე რას გვეტყვით?
– ბატონი როინი დიდებული ადამიანია, წლებია ვიცნობთ ერთმანეთს, ვმეგობრობთ, ვთანამშრომლობთ. არ მახსოვს, მისთვის მიმემართოს და მხარდაჭერა არ მიმეღოს, ბატონი როინი თურქეთელი ქართველების დიდი გულშემატკივარი, მათი თანამდგომია. დიდ პატივს ვცემ მას.

– კინო, ქართული კულტურა, რეჟისორობა, თურქეთის საჯარო სკოლების მეხუთე-მერვე კლასებისთვის ქართული ენის პროგრამის შექმნა – ეს ყველაფერი დიდ შრომას მოითხოვს…
– ეს არის თავდაუზოგავი შრომის შედეგი, თუმცა მე არ მიყვარს ამ თემაზე ვრცლად საუბარი. დიდ საქმეებს დიდი ხმაური არ უყვარს. არც იმას ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ. ჩემი, როგორც ქართველის, ვალია, შეძლებისდაგვარად ვემსახურო და დავეხმარო ქართულ კულტურას პოპულარიზაციაში, ვიღვაწო ქართული ენისთვის, რომ მომავალ თაობას არ დაავიწყდეს მშობლიური ენა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თურქულ ენას და კულტურას იგივე შემართებით და სიყვარულით არ ვემსახურები. მდიდარი ადამიანი ვარ, ორი სამშობლო მაქვს და ორივე განსაკუთრებულად და ერთნაირად მიყვარს.
– როგორც რეჟისორი და ჟიურის წევრი, როგორ აფასებთ სმარტფილმების ფესტივალს, რომელიც შუახევში დაარსდა?
– ძალიან კარგი წამოწყებაა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ ჟიურის წევრად მომიწვიეს. ფესტივალი იყო საერთაშორისო და ვფიქრობ, იგი ხელს შეუწყობს აჭარის პოპულარიზაციას, დაეხმარება კინოსა და ხელოვნების განვითარებას.
– აფრიკის, აზიისა და ევროპის 10-მდე ქვეყნის ახალბედა რეჟისორები მონაწილეობდნენ წლევანდელ ფესტივალში. წარმოდგენილი ფილმების ხარისხსა და ჟანრობრიობას როგორ შეაფასებთ?
– დაიხ, ახალბედა რეჟისორების მიერ ტელეფონებით გადაღებული სხვადასხვა ჟანრის სმარტფილმები იყო წარმოდგენილი, ზოგი – ცოტა სუსტი ხარისხის, თუმცა რამდენიმე ძლიერი და საინტერესო ფილმიც შემოგვთავაზეს ახალბედა რეჟისორებმა. ჩემი აზრით, შინაარსით ყველა ფილმი ძალიან კარგი იყო.
– თქვენი რჩეული იყო ანრი მუთიძის ფილმი „მოხუცები“… რა კრიტერიუმით შეარჩიეთ?
– ფილმი არის უსაყვარლეს ადამიანებზე, – მოხუცებზე, რომლებმაც ცხოვრების მრავალი წელი გამოიარეს და არ დაუკარგავთ სიცოცხლის და შრომის ხალისი, ადამიანების სიყვარული. ძალიან ემოციური იყო. სწორედ ეს არის ფილმის მიზანი, რომ ემოციები აღძრას მაყურებელში, ცრემლი მოჰგვაროს, გული გაათბოს და ღრმად ჩააფიქროს ცხოვრებაზე. ეს იყო ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ავირჩიე ფილმი.

– ისევ მეზობელი თურქეთის რესპუბლიკაში თქვენს საქმიანობას დავუბრუნდეთ. როგორია ამ ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურთა დამოკიდებულება სკოლებში ქართული ენის სწავლების შემოღებაზე?
– ამ კუთხით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მთავრობის და განათლების სისტემის მესვეურთა კეთილგანწყობა ნამდვილად გვაქვს. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდით სკოლებში ქართული ენის სწავლების შემოღებას. ვფიქრობ, ამ კეთილგანწყობით და ჩვენი, თურქეთელი ქართველების მონდომებით, ჩვენი პაპების და მამების თაობის ჩანაფიქრი და ოცნება ასრულებულია – მომავალი თაობა არ დაივიწყებს ქართულ ენას, თავის ფესვებს.
– ბარიერი, რომელსაც შეეჭიდეთ და ვერ დასძლიეთ?
– არ მახსენდება საქმე, რომელსაც შევეჭიდე და ვერ დავძლიე, შეიძლება დროში გაიწელა რაღაც, თუმცა, საბოლოოდ, ყველა ბარიერი დავძლიე.
– წელიწადის გარკვეულ დროს საქართველოში ატარებთ, მონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. რა სიახლეებს ამჩნევთ საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში?
– დიახ, წელიწადის გარკვეულ დროს საქართველოში ვატარებ, ჩამომყავს შვილები, ვმოგზაურობთ, ვაცნობ ქართულ კულტურას. მათ ძალიან უხარიათ აქ ჩამოსვლა. ჩემი მეუღლე შეყვარებულია მთიან აჭარაზე. ბოლო წლებში საგრძნობლად გაღრმავდა საქართველო-თურქეთს შორის კეთილმეზობლური, კეთილმეგობრული ურთიერთობები. ორივე ქვეყანა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს დაეხმაროს, რაც ძალიან მახარებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორივე ჩემი სამშობლოა და ორივე ერთნაირად მიყვარს.
– ხომ არ გაქვთ საქართველოში ცხოვრების სურვილი?
– ჯერჯერობით, ამაზე არ მიფიქრია, უახლოეს მომავალშიც არ ვგეგმავ სამუდამოდ საქართველოში გადმოსვლას, რადგან სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ და ჩემი საქმიანობა ამის საშუალებას არ მაძლევს.
ოთარ ცინარიძე