პაატა აროშიძე: როდესაც პოლიტიკა ერევა, ყველაფერი იძენს დამახინჯებულ სახეს, მაგრამ. . .
მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. ამ მიზნით პარლამენტში უკვე შედგა კომისია, რომელიც ხვდება მწარმოებლებს, იმპორტიორებს, ქსელური მარკეტების მფლობელებს და ა.შ. სპეციალისტები სწავლობენ ფარმაცევტულ, სასურსათო, პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების თუ სამრეწველო საქონლის ფასდანამატების წარმოქნის სქემას… მოკლედ რომ ვთქვათ, მთავრობა ცდილობს, თავი და ბოლო უპოვოს ასტრონომიულად გაზრდილ ფასებს. ხალხი ეჭვობს, რომ რაღაც ეშველება, ხოლო ოპოზიცია აპროტესტებს და ცინიკურად აკომენტარებს მიმდინარე პროცესს – ახლა გაახსენდათ, ცეცხლი რომ მოეკიდა დახლებსო?!
ასეა თუ ისე, სახელმწიფომ კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაიწყო ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებით, ხოლო თავად ბიზნესი არ იბნევა და ლამის გააორმაგა ფასები, რათა საბოლოოდ შეამციროს და ცოტა იმაზე მეტი დატოვოს, ვიდრე ამ ორომტრიალის დაწყებამდე იყო. ერთადერთი, რაც რეალურად შემცირდა, კვერცხის ფასია და ისიც ორი თეთრით.
ცხადია, ამ კუთხით დებატები დაიწყო ოპოზიციურად განწყობილ მომხმარებლებსა და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორისაც, თუმცა მეეჭვება, რომელიმე მხარეს არ სურდეს ამ საკითხის მოწესრიგება, რადგან მკვეთრად გაზრდილი ფასებით ერთნაირად შეჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ორივე ბანაკის წარმომადგენლები.
რამდენადაა შესაძლებელი პრემიერის ამ ინიციატივის რეალურად განხორციელება და რა შედეგს მივიღებთ საბოლოოდ, ამ თემაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ეკონომისტი პაატა აროშიძე.
– ბატონო პაატა, როგორ შეაფასებთ პრემიერის ინიციატივას პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით?
– დავიწყოთ ფასის წარმოქმნის მექანიზმების განხილვით, თუ როგორ ხდება საბოლოო ფასის ჩამოყალიბება, რათა მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ანუ როგორ მოქმედებს საბაზრო ეკონომიკა. ჩვენ ვცდილობთ, რომ გვქონდეს ჩამოყალიბებული, სტაბილური, თავისუფალი ბაზარი, სადაც ფასები წარმოიქმნება მოთხოვნა-მიწოდების კანონიდან გამომდინარე. კერძოდ, განისაზღვრება – რამდენია მოთხოვნა ამა თუ იმ დასახელების პროდუქციაზე, რამდენია მიწოდება და ამის შედეგად დგება ე.წ. პარიტეტული (წონასწორობის) ფასი. რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, მინდა ვთქვა, რომ ფასზე, წმინდა საბაზრო ფაქტორების გარდა, სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას. ჩვენ, ძირითადად, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ადგილობრივი წარმოება ძალიან მძიმედ იდგამს ფეხს, ვგულისხმობ სასოფლო-სამეურნეო თუ სამრეწველო საქონელს, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობითაა ქვეყნის ბაზარზე.
– ძირითადად, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. . .
– დიახ, რაც საკმაოდ დიდ ფასნამატებს იწვევს. კერძოდ, ფასწარმოქმნის პროცესი იწყება იქაური ფასით, ანუ რამდენად იყიდის ამა თუ იმ პროდუქციას იმპორტიორი უცხოეთში, ემატება ტრანსპორტის ღირებულება, საბაჟოზე გადასახდელი თანხები, შემდეგ მარკეტების ფასნამატები და სხვა. აქ მთელი ჯაჭვის ჩამოთვლას არ დავიწყებ, მოკლედ რომ ვთქვა, ესა თუ ის პროდუქტი მომხმარებლამდე მიდის გაძვირებული.
– გამოდის, პრემიერის ინიციატივას გასაქანი არ ექნება?
– როგორ არ ექნება, მთავარია, მოგების მარჟის მიახლოება იმ პროცენტთან, რაც ევროპის ქვეყნებშია.
– რას გულისხმობს მოგების მარჟა?
– მოგების მარჟა არის წმინდა მოგების წილი მთლიან შემოსავალში. აღმოჩნდა, რომ ეს მარჟა საკმაოდ მაღალია პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზეც კი, რომელზეც ორიენტირებული არიან მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები. საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის უმეტესი ნაწილი მიედინება სასურსათო კალათის მოხმარებაზე და როდესაც აქაც მაქსიმალურად აძვირებენ ყველაფერს, შესაძლოა, მივიღოთ ძალიან ცუდი სოციალური ვითარება.
– ანუ პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის ფასზე კონტროლი დაწესდება?
– არა, ეს პროცესი ამ კუთხით არ უნდა აღვიქვათ სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ არ დაწესდება ე.წ. ფასების დერეფანი – მაქსიმალური ფასი, რამდენადაც უნდა გაიყიდოს ესა თუ ის პროდუქცია. პრემიერის ინიციატივა გულისხმობს ბიზნესმენებისთვის ერთგვარ შეთავაზებას, რომ გაითვალისწინონ არსებული სოციალური ფონი და პლუს ამას, სახელმწიფო თავის თავზე იღებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მას ისედაც ევალება.
– რა ვალდებულებებზეა საუბარი?
– მაგალითად, როგორიც არის: კონკურენტუნარიანი გარემოს თუ ბაზრის დაცვა გარე ჩარევებისაგან და ა.შ. რეალურად, ეს პროცესი სწრაფად არ წარიმართება, სულ ცოტა, სამთვიანი პერიოდი სჭირდება საბოლოო შედეგების მიღებამდე. იმპორტიორს ყოველ დღე ხომ არ შემოაქვს პროდუქცია, მინიმუმ, სამთვიანი მარაგი მაინც კეთდება და მის ამოწურვამდე მარკეტებს ზარალზე მუშაობა მოუწევთ, პროდუქციას ნაკლები ფასები რომ დაადონ. ამაზე არავინ წავა. თანაც, პრემიერის განცხადება დაემთხვა წინასაახალწლო სავაჭრო პერიოდს, როდესაც ყველაზე მეტად იყიდება პროდუქცია და ყველაზე მაღალი ფასებია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა ჯერ ვერ იგრძნობს სასიკეთო ძვრებს, მაგრამ სავარაუდოდ, უკვე აპრილისკენ უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია. დრო სჭირდება ფასების შემცირების დინამიკას. კვერცხის ორი თეთრით გაიაფება არ ნიშნავს არაფერს და სხვა არც ყოფილა არანაირი განცხადება სურსათსა თუ სხვა ტიპის საქონელზე. ფაქტია, რომ რაღაც ქმედებები უკვე დაიწყო, რომელიც შედეგს გამოიღებს და მოსახლეობაც იგრძნობს რეალურ პოზიტიურ ძვრებს.
– თუკი კარტელური გარიგებები არ ჩაიშალა და კონკურენცია არ გაიზარდა, მეეჭვება, ბიზნესმენებმა საკუთარი ნებით თქვან უარი უზარმაზარ მოგებაზე. . .
– დიახ, სწორედ აქაა გასატარებელი ძირითადი ღონისძიებები. ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა, კერძოდ, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, რაშიც იგულისხმება: მონოპოლისტების გამოვლენა, კარტელური გარიგებების ჩაშლა და ა.შ. ჩვენ გვაქვს კანონები „თავისუფალი ბაზრის შესახებ“, „ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის შესახებ“ და სხვ. სწორედ ამ და მსგავსი კანონების სათანადოდ ამოქმედების შედეგად მივიღებთ ფასების დარეგულირების გარანტიას. ის ანტიმონოპოლისტური კანონი, რომელზეც ახლა ბევრს ეღიმება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობაზე. გაიხსენეთ აშშ-ში, 90-იან წლებში მაიკროსოფტის საქმე. ეს საერთაშორისო დონის კორპორაცია თვალდათვალ დაიშალა, როდესაც ბრალი დასდეს ანტიმონოპოლისტური კანონის დარღვევაში.
თუ შევძლებთ, აღვკვეთოთ კარტელური გარიგებები, პირველ რიგში, სასურსათო, ფარმაცევტულ, საწვავის ბაზარზე, რომელიც ყველაზე მეტ გავლენას ახდენს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე (ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს), მაშინ შევძლებთ სულ სხვა სიტუაციის ჩამოყალიბებას. პრინციპში, ზერელედ იმის განცხადება, რომ სრულიად მონოპოლიზებული ბაზარი გვაქვს, არ შეიძლება, რადგან ამას სჭირდება სათანადო შესწავლა, კვლევა და ფაქტები.
– თუ ეს ფაქტები დადასტურდა?
– თუ გაირკვევა, რომ ბაზარი მონოპოლიზებულია და აქ დამყარებულია არაკეთილსინდისიერი მონოპოლია, მაშინ, რა თქმა უნდა, მთავრობის უპირველესი მოვალეობაა ამის დაშლა, რასაც, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უყოყმანოდ გააკეთებს.
– ევროპაში მოქმედებს კანონი, რომელიც აწესებს მოგებაზე გარკვეულ ზღვარს.
– დიახ, მოგების მარჟას, რომელიც ინტერვიუს დასაწყისში ვახსენეთ. სწორედ ამას არეგულირებს ის კანონი, თუმცა აქ ისედაც იყიდება პროდუქცია და აქედან გამომდინარე, მოვაჭრეები არ იზღუდებიან ფასების გაზრდასთან დაკავშირებით.
– ძალიან ბევრი უცხოელია შემოსული საქართველოში, რის გამოც პროდუქცია იყიდება ლამის ნებისმიერ ფასში. ამით ისარგებლეს მარკეტებმა. . .
– ამაშია საქმე, ბათუმი ტურისტული ქალაქია და სეზონზე ძვირდება პროდუქტი, ხოლო უკვე გაძვირებულს ფასი აღარ აკლდება და კიდევ უფრო იმატებს შემდეგი სეზონის მოახლოებამდე. ერთი შეხედვით, ეს ფასები ტურისტებზეა ორიენტირებული, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობაც იგივეს იხდის, რაც საბოლოოდ იწვევს შეჭირვებული მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრ ზრდას. ჩვენთან ყოველთვის ცოტა მაღალი ფასები იყო საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, რადგან ტურისტი ფულით ჩამოდის და არ უჭირს ყიდვა.
– აქ ტურისტებზე არ არის საუბარი, ეს ხალხი უკვე ჩასახლდა საქართველოში და არსად აპირებს წასვლას. საქართველოს მიგრანტთა ძალიან დიდი ტალღა მოაწყდა, რამაც თავისთავად შეცვალა ბაზარი
– ისინი ფულით ჩამოვიდნენ, მაგრამ სულ ხომ არ ექნებათ ეს ფული… არადა, ცხადია, სწორედ ამ ხალხზეა გათვლა. იმიტომ ვთქვი თავში, მთელ ამ პროცესს ძალიან დიდი გათვლა სჭირდება. სხვადასხვა მიზეზზეა დამოკიდებული ფასწარმოქნის პროცედურა. უნდა გავარკვიოთ, შემოსულთა რა ნაწილი რამხელა შემოსავლის მქონეა: დიდი, საშუალო, თუ დაბალი. თავისუფალი ბაზარი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, თავად მომხმარებლის ჯიბეც კი განსაზღვრავს ფასებს.
– და რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, როდესაც საკუთარი მოქალაქეები ლამის დაზარალდნენ აქ შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდის გამო?
– სახელმწიფომ, თავისთავად, უნდა დაიცვას ის კანონები, რომელიც მიღებული აქვს და რომელიც საფუძვლად უდევს თავისუფალი ბაზრის დასარეგულირებელ ბერკეტებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფასები არ რეგულირდება ადმინისტრაციული წესებით, ზემოდან ჩარევით და ვერც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს ფასს, მაგრამ მას შეუძლია ანტიმონოპოლისტური კანონის ამოქმედება, რაც გაზრდის კონკურენციას და თავისთავად, შეამცირებს ფასებს. ცხადია, აქ იგულისხმება მოგების მარჟის განსაზღვრაც და კარტელური გარიგებების დაფიქსირება-დაშლაც. ეს ის ნაბიჯებია, რაც აქამდეც უნდა გადაედგა მთავრობას მოსახლეობის სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად.
– დღგ-ს რაც შეეხება?
– ეს სხვა თემაა, იმპორტირებული საქონელი კი არის, მაგრამ რაღაც საქონელი თავისუფლდება ამ გადასახადისგან, მაგალითად, ბავშვთა კვების პროდუქცია და ზოგიერთი სხვა…
– ისევ კვერცხს რომ მივუბრუნდეთ, რას იტყვით?
– ეს ორი თეთრი რა სათქმელია, უბრალოდ სასაცილო თემად გახადეს… სეზონურ ფასებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მანდარინი ან ფორთოხალი უკვე შემცირდა და თავისთავად გაძვირდა. ხილს რაც შეეხება, საგრძნობლად არის შემცირებული, რაც გავლენას ახდენს მის ფასზეც.
– სიგარეტის აქციზებზე რას იტყვით, ფერმერი აძვირებს საკუთარ პროდუქტს, რომ მაგალითად, შემდეგ სიგარეტი იყიდოს.
– ცნობილია, რომ გადასახადების გაზრდა შეუძლებელია რეფერენდუმის გარეშე, რაც წერია კონსტიტუციასა და ეკონომიკური თავისუფლების აქტში, მაგრამ ეს არ ეხება აქციზს, რომელიც უწესდება საწვავს, სიგარეტს, სასმელებს. როდესაც აქციზის ფასი იზრდება, მხედველობაში აქვთ ფაქტი, რომ ეს პროდუქცია ადამიანების ჯანმრთელობას აზიანებს.
– ამ გაძვირებამ გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ უკუშედეგი – მწეველი არ უყიდის ბავშვს ვაშლს, რათა თავისთვის იყიდოს სიგარეტი. გაძვირებამ არავის უშველა ჯანმრთელობის მხრივაც, ნორმალურ პროდუქტებს ვეღარ ყიდულობენ და უფრო ინადგურებენ თავს. . .
– რა თქმა უნდა, წესით, მოწევს თუ არა, ეს ზრდასრული ადამიანის არჩევანია, უბრალოდ, ამით აპელირებენ, როდესაც აქციზს აძვირებენ, არადა, დღეს სიგარეტი, იგივე ხილსა და ბოსტნეულზე მეტად მოთხოვნადი პროდუქციაა.
– საუბარია იმაზე, რომ ქსელურ მარკეტებთან პრობლემა აქვს ყველა მწარმოებელს თუ ექსპორტიორს. რას გულისხმობენ?
– ქსელურ მარკეტებს თავიანთი პირობები და წესები აქვთ, რომელსაც ხშირად ვერ აკმაყოფილებენ ადგილობრივი მწარმოებლები და ამის გამო მათი საქონელი ვერ შედის ამ მარკეტებში. ელემენტარულად, ფერმერმა უნდა წარადგინოს პროდუქტის დოკუმენტირებული წარმოშობა, შენახვის ვადა, სერტიფიკატები და სხვ. ქსელურების თაროებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ, ძირითადად, იმპორტული საქონელი დევს. ადგილობრივი – ნაკლები რაოდენობით არის. ადგილობრივს ხშირად არ აწყობს ფასნამატი, აქციებში მონაწილეობა, განსაკუთრებული სახის შეფუთვა და სხვ. სწორედ ამ ქსელურების ბრალია, რომ ქართულ პროდუქციას მაღაზიებში ნაკლებად შეხვდებით. რაიონებში შევიდა „მაგნიტი“ და „ორი ნაბიჯი“, სხვათა შორის, დიდ სოფლებშიც. ფერმერებს აღარც უღირთ საკუთარის წარმოება, რადგან უჭირთ შემდეგ გასაღება. ერთ მაგალითს გეტყვით – სამტრედიაში რთულად ნახავთ სამტრედიის ნაყინს, ეს უცნაურია, მაგრამ ფაქტია. ქსელურები არ ღებულობენ და სხვა მაღაზიებში გააქვთ. იცით რა, ფასების პრობლემა ურთულესია, რადგან იმდენად ბევრ წვრილმან მიზეზზეა დამოკიდებული, იმდენად ჩახლართულია საბოლოო ფასის ჩამოყალიბების პროცესი, რომ მართლაც უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება, დადებითი ძვრებისკენ რომ წავიდეს.
– მოკლედ რომ ვთქვათ, გამოსავალს რაში ხედავთ?
– გამოსავალი ისევ და ისევ კანონებსა და მათ აღსრულებაშია. თუ არსებობს, უნდა დაიშალოს გარიგებები სხვადასხვა დონეზე და ა.შ.
– აქედან გამომდინარე, სახელმწიფო დაუპირისპირდება, იგივე, ბიზნესს, მთელი ეს პროცესი პოლიტიკურ ელფერს მიიღებს და სულ სხვა ჭრილში გადავა.
– ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის კანონმდებლობის ამოქმედება, მაგრამ საქმეც ამაშია, რომ როდესაც პოლიტიკა ერევა, ყველაფერი იძენს დამახინჯებულ სახეს. არსებობს მოსაზრება, რომლისთვისაც მისმა ავტორმა ნობელის პრემია მიიღო: კარგ ეკონომიკურ ინიციატივებს პოლიტიკა კლავს. ანუ იმ პოლიტიკოსს აღარ უღირს ეკონომიკური წიაღსვლები, ისე შემოუბრუნებენ სიტუაციას… მაგრამ რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და რაზეც აკეთებს აქცენტს პრემიერი, ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს არის კანონების აღსრულება. შემდეგ ამას პოლიტიკურ ჭრილში გაატარებენ თუ ეკონომიკურში, ეს უკვე მის შემფასებელზეა დამოკიდებული.
ირმა ცეცხლაძე