
პაველ ჰერჩინსკი: რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას
თუ საქართველო დემოკრატიის გზას დაუბრუნდება, ევროკავშირი მზადაა, მას კვლავ დაეხმაროს ევროკავშირში გაწევრიანებაში – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ევროპის დღის ფარგლებში, სასტუმრო „შერატონში“, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ ღონისძიებაზე უმასპინძლა მოსახლეობას. ევროკავშირის ელჩმა სიტყვა ქართულად წაიკითხა, გამოსვლა კი ზურაბ გორგილაძის ლექსის „ჩაუმქრალი სანთლები“ ერთ-ერთი სტრიქონით დაიწყო.
– მიხარია, რომ წელს თბილისის შემდეგ, ევროპის დღეს აქ, ბათუმში, თქვენთან ერთად აღვნიშნავთ. აჭარა არის განსაკუთრებული რეგიონი, გამორჩეული ისტორიით, ტრადიციებით, მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით. თქვენი მხარე ჰარმონიული თანაცხოვრების მაგალითია ჩვენთვის. საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ და ნახეთ, რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენთან სოფლებსა თუ ქალაქებში. 2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია. დასანანია, რომ საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად. თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით. წინ, საქართველოვ, წინ! – მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა გათამაშებაში, მიეღოთ უამრავი საჩუქარი. აქტივისტ თომა კაკაბაძის განცხადებით, ევროპის დღე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, მასში ჩართვა კი ძალიან საჭირო ცოდნის მიღება.
– ევროპის დღე ერთ-ერთი გამორჩეული დღე უნდა იყოს ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და მიისწრაფვის ევროკავშირის სიკეთეებისკენ, კეთილდღეობისკენ, რეალური მშვიდობისკენ, სიმშვიდისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ამ ღონისძიებაზე არ მინახავს საქართველოს მხრიდან რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლობა. ეგ კი არადა, არაოფიციალური პირიც არავინ დამინახავს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ევროპა გვაძლევს ცოდნას, შესაძლებლობებს, რაც უნდა დავინახოთ, ვაღიაროთ. ევროპამ უფრო ადრე გაიარა თუნდაც შშმ ნაწილში ბარიერები და სირთულეები, დანერგა ახალი კანონმდებლობა შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ, შშმ პირთა ორგანიზაციებს, იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ სწორედ მათგან გვაქვს, რაც გვაქვს ნასწავლი. ცოდნაც მოგვცეს და ფულიც, რომ თუ რესურსები არ გვყოფნიდა რაღაცების შესაქმნელად, მათი დახმარებით გაგვეკეთებინა. ჩვენი ორგანიზაცია ბოლო ოთხი წელია ახორციელებს ევროკავშირის პროექტებს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში დავნერგეთ სიახლეები, ადამიანებს ვასწავლეთ ქსელური მუშაობა, შშმ პირებს მივეცით უფრო მეტი ცოდნა. მათ სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაიწყეს სემინარების ჩატარება. თვითონ შშმ პირები გაძლიერდნენ და შექმნეს თავიანთი ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები. ასე ვთქვათ, ახალი მოძრაობები წამოვიდა ამ პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში. დღესაც, ამ ღონისძიებაზეც ვხედავთ, ევროკავშირი როგორ ღია სივრცეებს გვაჩვენებს, გამჭვირვალობა, ღიაობა, ცოდნა და სიკეთეებზე წვდომა – ეს ყველაფერი გვაჩვენა დღეს ამ ღონისძიებით ევროკავშირმა. მოვისმინეთ ელჩის მიმართვა ქართულ ენაზე, მან მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ მზად არიან ითანამშრომლონ და დაუბრუნდნენ ევროპულ გზას, ევროკავშირი მზად არის, რომ ქვეყანას დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ინტეგრაციის პროცესში. არ ვიცი რატომ, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უფრო გადავიხარეთ ჩრდილოეთისკენ. ამ ყველაფერმა ახალი თეორიები შეაქმნევინა ეგრეთ წოდებულ მთავრობას, რომ მსოფლიო გადალაგებაა და თითქოს რუსეთი იმარჯვებს… სინამდვილეში შეცდნენ და ამით მიიღეს იზოლაცია, სანქციები და მათ შორის გაჩერებული პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მიმართულებით, გააუქმეს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის სამმართველო. ნელ-ნელა იწყება უკუსვლა, რაც ყველა შშმ პირზე, ორგანიზაციაზე აისახება. ისეთი კანონები შექმნეს, გრანტის მიღების უფლება აღარ გვაქვს, თურმე აგენტებად უნდა დავრეგისტრირდეთ, – განაცხადა თომა კაკაბაძემ
ნანა აბულაძე
გალერეა



