პაპუაშვილი: ამ ვიზიტს ოპოზიცია სპეკულაციისთვის იყენებს
By

პაპუაშვილი: ამ ვიზიტს ოპოზიცია სპეკულაციისთვის იყენებს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის ვიზიტი მათ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ვიზიტს ოპოზიცია სპეკულაციისთვის იყენებს, რაც გასაკვირი არ არის.

„მათ (ოპოზიციონერებს) სპეკულაციები რომ ექნებათ ყველაფერთან დაკავშირებით, გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს ვიგებთ ისე, როგორც პოზიტიურ სიგნალს, შევინარჩუნოთ იმედი, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის შუალედში ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის კომუნიკაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ისევე, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი მის კოლეგებთან. ეს დინამიკა გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მამუკა მდინარაძეს აშშ-ში ოფიციალურ პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომაც. ის, რისი თქმაც იყო საჭირო, ყველაფერი ითქვა. მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ოფიციალურ პირებთან აშშ-ში, მის კოლეგებთან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

 

  • No Comments
  • თებერვალი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *