პაპუაშვილი: დაგვღალა ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიიანი საპნის ოპერით 
By

პაპუაშვილი: დაგვღალა ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიიანი საპნის ოპერით 

რაღა უნდა ვთქვათ, სიმართლე გითხრათ, დაგვღალა ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიიანი საპნის ოპერით – როგორც ჩანს, ეს მისი გარკვეული ჰობია, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი „ნაკლებად საინტერესოა“.

„რაღა უნდა ვთქვათ, სიმართლე გითხრათ, დაგვღალა უკვე ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიიანი საპნის ოპერით. ასე რომ, რა ვქნა, გავიგეთ, რომ რაღაც ახალი თემა იქნება, შეგვიძლია მოვემზადოთ, რომ ორ კვირაში ერთხელ ვიხილავთ ამ საკითხს, აბა, მიიღებენ, თუ არ მიიღებენ. ნაკლებად საინტერესოა.

ადრე, მე მგონი, სტატისტიკა ვნახეთ, რომ ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტებიდან, მე მგონი, ისტორიაში მხოლოდ ერთი არის მიღებული. არადა, დაინიცირებული აქვს, რა ვიცი, ასობით. როგორც ჩანს, ეს მისი გარკვეული ჰობია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“. კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია. კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში 24 თებერვალს წარადგინეს.

 

  • No Comments
  • თებერვალი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *