პაპუაშვილი: ვფიქრობ, ძალიან წარმატებული სესია იყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საშემოდგომო სესია შეაფასა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლითაც საკანონმდებლო საქმიანობა განხორციელდა.
„საშემოდგომო, ისევე, როგორც მანამდე საგაზაფხულო სესიაც და წელიც, იყო ძალიან ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით. პირველი არის ინსტიტუციური რეფორმა, განსაკუთრებით საშემოდგომო სესიის განმავლობაში და ბოლო სხდომებზეც მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინსტიტუციური გაჯანსაღებისთვის და გარკვეული ინსტრუმენტები, ინსტიტუტები თუ ინსტიტუციური ხასიათის გადაწყვეტები, რაც გარედან იყო თავს მოხვეული, მოვიყვანეთ სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და კონსტიტუციურ მოწყობასთან. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან წარმატებული სესია იყო. ასევე, გვქონდა მნიშვნელოვანი კანონპროექტები და კანონები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად, გარედან საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ხელის შესაშლელად და ვფიქრობ, აქაც იყო ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობა. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მოამზადებს ქვეყანას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ვნახეთ მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია და ფაქტობრივად, რაიმე არსებითი კრიტიკა საარჩევნო კოდექსის მიმართ არ გვსმენია. ერთადერთი საკითხი, რაც ამ მრავალგვერდიან კანონთან დაკავშირებით გვესმოდა, იყო უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი, რაც დღესდღეობით, ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანია, არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, გარედან ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში. ასე რომ, აქაც ჩვენი ამომრჩევლების სრული მხარდაჭერა გვაქვს. სხვა კიდევ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასე რომ, ვფიქრობ, წელს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმუშავა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა