პაპუაშვილი თარგამაძის სუს-ში დაბარებაზე და ოპოზიციაზე
By

პაპუაშვილი თარგამაძის სუს-ში დაბარებაზე და ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები უკვე არაერთხელ უნახავთ.
მისი თქმით, „სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე, როგორ მდგომარეობაში არიან“. პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციური ფიგურა „ჩვეულებრივი ჭორიკანაა, თან მოღალატე ჭორიკანა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ და ქვეყანაში მოქმედებს „მეხუთე კოლონა“, რომელიც კრიზისულ პერიოდში ქვეყნის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს.
თავის მხრივ, გივი თარგამაძემ სუს-ში გამოკითხვამდე განაცხადა, რომ მისი ყველა განცხადება ღია წყაროებს ეფუძნება. „ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი არ მაქვს“, – თქვა თარგამაძემ და დასძინა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა უნდა განმარტოს, რატომ დაიბარა იგი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციურ ერთობაზეც და აღნიშნა, რომ დღეს მიმდინარეობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია. მისი თქმით, ოპოზიციაში რეალური იდეოლოგიური დაპირისპირება არ არსებობს და დავა მხოლოდ ლიდერობაზეა, – თქვა შალვა პაპუაშვილმა. „კონფლიქტი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი“, – მიმდინარე პროცესს კი უწოდა „ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილება“.

  • No Comments
  • მარტი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *