
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ატლეტიკოს“ 4:0 მოუგო
15 ივნისიდან 13 ივლისამდე ამერიკის შეერთებული შტატები ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც სხვა კლუბებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ მონაწილეობს. მათ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი სულ ახლახან – ორი კვირის წინ მოიგეს და ამ მნიშვნელოვანი ჩემპიონატისთვის მზადება მალევე დაიწყეს.
„ბ“ ჯგუფში „პსჟ“-ს გარდა შედიან: „ატლეტიკო“ (მადრიდი), „ბოტაფოგო“ (ბრაზილია), „სიეტლ სანდერსი“ (ამერიკის შეერთებული შტატები).
გუშინ, 14 ივნისს, „პსჟ“-მ პირველი შეხვედრა მადრიდელებთან გამართა და მშრალი ანგარიშით – 4:0 მოუგო. ამ გამარჯვებაში დიდია ქართველი ფეხბურთელის წვლილი – პირველ ტაიმში ორი გოლი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით გავიდა. მე-18 წუთზე ფრანგების შეტევა ხვიჩამ კარგად განაგრძო, მან ფაბიან რუისი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, რომელმაც ანგარიში გახსნა კიდეც. პირველივე ტაიმის დასასრულს ხვიჩამ მეორე საგოლე გადაცემა შეძლო და ვიტინიამ ზუსტად დაარტყა. ანგარიშით 2:0 დასრულდა პირველი ტაიმი და ხვიჩამ ამ ტაიმში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
სხვათა შორის ხვიჩა კვარაცხელიას თავადაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მეკარის მოგერიებული ბურთი ძელს მოხვდა და აისხლიტა.
მეორე ტაიმის 87-ე წუთზე მადრიდელების კარში გოლი მაილუმ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში (პენალტით) 90+6 წუთზე კანგინმა დააფიქსირა.
„პსჟ“ მეორე თამაშს 19 ივნისს ბრაზილიურ კლუბ „ბოტაფოგოსთან“ გამართავს.
ამ ჩემპიონატის ყველა მატჩის ხილვა გულშემატკივარს საქართველოს მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე შეუძლია.
მანანა ძიძიშვილი