პარლამენტის დროებითი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ბათუმში
By

პარლამენტის დროებითი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ბათუმში

ბათუმში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამები შეაჯამა და სამინისტროს  „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის“ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

აჭარის რეგიონში, ექვსივე ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერ პოლიტიკას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამასთან კოორდინირებულად. მერიებში ფუნქციონირებს როგორც მრავალშვილიანი ოჯახების/პირების დახმარების მიზნობრივი პროგრამები, ისე აღნიშნული სეგმენტი პრიორიტეტულად სარგებლობს სხვადასხვა სერვისით. პროგრამები ძირითადად მიმართულია როგორც ერთჯერად, ისე გრძელვადიანი დახმარებისკენ. რეგიონში ჯამში 26 პროგრამა ფუნქციონირებს და მუნიციპალიტეტების სერვისებით 2021 წლიდან დღემდე ისარგებლა 45 000-ზე მეტმა ოჯახმა/პირმა. რაც შეეხება, სამინისტროს პროგრამას, მომსახურება გაეწია ჯამში 596 უშვილო წყვილს, დაიბადა 64 ბავშვი, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემოგრაფიულ საკითხებთან ერთად, განიხილეს ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხები და დაგეგმეს შემდგომი ნაბიჯები.

  • No Comments
  • ნოემბერი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *