პარლამენტმა განათლების სფეროში მასშტაბური ცვლილებები დაამტკიცა
By

პარლამენტმა განათლების სფეროში მასშტაბური ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 4 თებერვალს, მესამე მოსმენითა და დაჩქარებული წესით, განათლების სფეროში მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც ზოგად, უმაღლეს განათლებასა და სამეცნიერო კვლევების სისტემას ერთიანად მოიცავს. ცვლილებებს მხარი დაუჭირა პარლამენტის უმრავლესობამ. მათი შეფასებით, ცვლილებები განათლების მართვის, სტრუქტურისა და ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ „სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა არანაკლებ 11 და არა უმეტეს 12 წელი იქნება“. სწავლების ახალი მოდელი სამი საფეხურისგან შედგება: „დაწყებითი – 6 წელი (I–VI კლასები), საბაზო – 3 წელი (VII–IX კლასები) და საშუალო – 2 წელი (X და XI კლასები), დამატებით ნებაყოფლობითი XII კლასი“. ამავე ცვლილებებით განისაზღვრა, რომ დაწყებით საფეხურზე სწავლა დაიწყება „6 წლის ასაკიდან“, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღნიშნული ასაკი „15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება“.
კანონში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიახლე სახელმძღვანელოებს უკავშირდება – „გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი“, ხოლო სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა, ბეჭდვა და მათი „მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პასუხისმგებლობა იქნება. ამავე დროს, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის „სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება“, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს. საჯარო სკოლებში ასევე დარეგულირდება „ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების გამოყენების ზოგადი პირობები“.
საკანონმდებლო პაკეტის პარალელურად, პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონშიც. მიღებული ცვლილებებით, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს „წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება“, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო ზუსტდება. ახალი ნორმით, იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებას განუსაზღვრავს, შესაძლებლობა ექნებათ „2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოქმედი, მაგრამ აღნიშნულ ჩამონათვალში არშესული პროგრამები კონკრეტული ვადით, მილევად რეჟიმში განახორციელონ“.
ცვლილებები შეეხო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მართვის სისტემასაც. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების დირექტორად შეიძლება დაინიშნოს „დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი“, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება და რომელსაც „არანაკლებ 5 წლის სამეცნიერო ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება“ აქვს. ასევე, განისაზღვრა, რომ დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს ენიჭება, ხოლო დანიშვნამდე შესაძლებელია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრა.
საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი გახდა ასევე „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში შეტანილი ნორმები, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, მიზნად ისახავს „გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარებას, ინსტიტუციური სტაბილურობის ზრდასა და სამეცნიერო პოლიტიკის უფრო ეფექტიან კოორდინაციას“.
პარლამენტის ინფორმაციით, განათლების სფეროში განხორციელებული ეს ცვლილებები ერთიანი რეფორმის ნაწილია და მათი ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება.

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *