პარლამენტმა გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული წესები გაამკაცრა
By

პარლამენტმა გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული წესები გაამკაცრა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ნორმებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს. კენჭისყრის შედეგი იყო  78 მომხრე, 9 წინააღმდეგი.
ცვლილებები შევიდა რამდენიმე კანონში, მათ შორის, „გრანტების შესახებ“, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და სხვა შესაბამის ნორმატიულ აქტებში.
ახალი რეგულაციებით, ფართოვდება „გრანტის“ ცნება და ის მოიცავს როგორც ფულად, ისე ნატურალურ მხარდაჭერას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ქვეყნის შიდა ან საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად.

უცხოური იურიდიული პირები ვალდებული იქნებიან, გრანტის მიღებამდე საქართველოს მთავრობის თანხმობა მიიღონ. წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას.
კანონში გაჩნდა სისხლისსამართლებრივი სანქციებიც – გრანტების შესახებ დადგენილი წესების დარღვევა, უცხოური დაფინანსების უკანონოდ მიღება ან გარე ლობიზმი შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით. ფულის გათეთრება პოლიტიკურ მიზნებთან კავშირში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი  „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურად გამოცხადებისკენ სისტემატურ საჯარო მოწოდებებსაც ეხება.
ცვლილებები, ასევე, ეხება მეწარმე სუბიექტებსა და პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვებს. უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წილის მქონე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის ვადით აეკრძალება.
საკანონმდებლო პაკეტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

  • No Comments
  • მარტი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *