პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება
By

პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომელიც პარტიულ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება. შვიდი კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2 თებერვალს, პირველი მოსმენით, განიხილავს, რის შემდეგაც ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანა 3-4 თებერვალს არის დაგეგმილი. პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
კანონპროექტების ძირითადი ნაწილი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და მასში მოიაზრება ფულადი ან ნატურალური სახსრები, რომლებიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით არის ან შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი.
ცვლილებებით განისაზღვრება, ასევე, იმ უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ცნება, რომელიც არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევა. აღნიშნული სუბიექტებისთვის გრანტის მიღება მთავრობის წინასწარ თანხმობას დაექვემდებარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დადგება კანონით დადგენილი წესით. რეგულაციები ვრცელდება არარეზიდენტი იურიდიული პირების ფილიალებსა და წარმომადგენლობებზეც.
კანონპროექტი გრანტად მიიჩნევს ასევე ტექნიკური დახმარების სანაცვლოდ გადაცემულ ფინანსურ ან ნატურალურ რესურსებს, მათ შორის ექსპერტიზის, ცოდნისა და მომსახურების გაწევის შემთხვევებს, რაც ასევე მთავრობის თანხმობას საჭიროებს.
ცვლილებები შედის „სისხლის სამართლის კოდექსშიც“, სადაც „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. დამატებით, მკაცრდება პასუხისმგებლობა პოლიტიკური მიზნებით ფულის გათეთრებისა და უცხოური დაფინანსების უკანონოდ მიღების შემთხვევებზე, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირებისთვის. სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება ასევე გარე ლობიზმი.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის ახალი შეზღუდვები. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის წევრობა ეზღუდება პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოური დაფინანსებიდან მოდის. მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
კანონპროექტით ფართოვდება „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ სუბიექტის ცნება და მათზე გავრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის მოქმედი შეზღუდვები, მათ შორის უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ამასთან, ცვლილებები ეხება მეწარმე სუბიექტების საჯარო პოლიტიკურ აქტივობასაც. თუ საქმიანობა არ უკავშირდება მათ ძირითად სამეწარმეო პროფილს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 20 0000-ლარიანი ჯარიმით განისაზღვრება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა  40 000 ლარია.

  • No Comments
  • თებერვალი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *