19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
პასუხი ყველა კითხვაზე, რაც შეზღუდვებთან დაკავშირებით დაგაინტერესებთ
By

პასუხი ყველა კითხვაზე, რაც შეზღუდვებთან დაკავშირებით დაგაინტერესებთ

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

შეზღუდვებმა, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება, მრავალი კითხვა გააჩინა. გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

– იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?

– დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

– შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?

– დიახ, შესაძლებელია.

– შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?

– დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.

– შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?

– დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

– ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?

– თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.

– იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?

-ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.

-ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?

-დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე – 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

– იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?

-დიახ, იზღუდება.

-დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?

-მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

-შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?

-დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

– აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?

-აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

– რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?

-რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:

პროდუქტის გატანა – ე.წ. “თეიქევე”

მიტანის სერვისი – ე.წ. „დელივერი“

ავტომობილით გატანა – ე.წ. „დრაივი“

– რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?

-ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ეს შეზღუდვა არ ეხება: სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;

ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

პრესის ჯიხურებს.

– იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?

– არა. იზღუდება მხოლოდ თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

– იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?

– 8 დიდ ქალაქში და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

– ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?

-ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

– აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?

-სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

– დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?

– ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

– არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?

-საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

-აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

-ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

– შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?

-დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. თეიქევეი. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.

– რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?

– თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

– შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?

– მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინფორმატით.

– დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?

-კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

– ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?

– დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

– აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?

-კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

-იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?

-ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

– დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?

-აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.

იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.

-დაბოლოს, რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?

-დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდმეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.

  • No Comments
  • ნოემბერი 28, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *