პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს
By

პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს

„მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ყველაზე ღირსეული მსახურება; საზოგადოება თქვენ განდობთ ყველაზე მთავარ საგანძურს – ჩვენს მომავალ თაობას; თქვენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ, უმთავრეს ეროვნულ ღირებულებებს უნერგავთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქეებად ზრდით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

„განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამავდროულად ვალდებულებაა, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენს მიერ ახლახან დაანონსებულ განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმასა და ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ სხვა არაერთ ნაბიჯთან ერთად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემიაც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უდიდესი ამაგის მოკრძალებული აღიარებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს, სამინისტროს ინიციატივით, ეს აღიარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ეროვნული პრემიის ათი ლაურეატის გარდა, ჩვენ გამოვავლინეთ და ადგილზე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა პედაგოგმა, დედაქალაქში თუ რეგიონში, იგრძნოს სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა. ეროვნული პრემიის ლაურეატების სამკერდე ნიშანი, რომელზეც გელათის აკადემიის სიმბოლოა გამოსახული, ძალიან ზუსტად ასახავს თქვენს მისიას – თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებლები და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი, 10 პედაგოგს გადაეცა. მათ შორის, ორ პედაგოგს აჭარიდან – ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელს მაგდანა მათითაიშვილს და დაბა შუახევის სკოლის მასწავლებელს თეიმურაზ დავითაძეს.

ღონისძიებას, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *