პედაგოგი, რომელიც უსულო საგნებს „აცოცხლებს“ და… „ამღერებს“
By

პედაგოგი, რომელიც უსულო საგნებს „აცოცხლებს“ და… „ამღერებს“

. . . მუსიკა ხშირად გენეტიკიდან მოდის. ყოველ შემთხვევაში 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელ მაგდა მათითაიშვილთან სწორედ ასეა, რადგან მისი წინაპარი, ბებიას მამა გერასიმე ჩიტაიშვილი, ბრწყინვალე მეკრიმანჭულე იყო, მღეროდა გურიაში, ანსამბლ „შვიდკაცაში“, ბებია – ალექსანდრა (შურა) ჩიტაიშვილი (ხმელიძე) ჩონგურზეც შესანიშნავად უკრავდა და მღეროდა კიდეც. ამბობს, რომ ბავშვობიდან სწორედ ბებიის ნამღერი ახსოვს: „დილა არის, ცა ლაჟვარდი, და. . .“ , თუმცა, რა თქმა უნდა, მშობლების როლიც ძალიან დიდია იმაში, რომ ის ამ გზას გაჰყვა. დეიდაშვილი – ნატო ორაგველიძეც მუსიკოსია და დღეს საკმაოდ უნარიანად უძღვება რევაზ ლაღიძის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლას.

მუსიკის ნიჭი „კოჭებში ეტყობოდა“. 9-10 წლის იყო, როცა დიდი მაესტრო ჯანო კახიძე სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც ახლანდელი მისი სახელობის დარბაზიდან გადიოდა, ახალგაზრდებს იწვევდა და კლასიკურ მსუსიკას, ყველა მუსიკალური საკრავის ხმას ასმენინებდა, თან ხელის პლასტიკით ასწავლიდა, როგორ უნდა ედირიჟორათ – რომელი ხელით, როგორი მოძრაობით. ერთხელ ბავშვებს სადირიჟორო პულტთან დადგომა შესთავაზა, თან მისი სადირიჟორო ჯოხით. სახლში მყოფი მაგდა, რომელიც მაესტროს ყოველ გადაცემას მოუთმენლად ელოდებოდა ისე შევიდა როლში, რომ ხელი ასწია და „დირიჟორობა“ დაიწყო. მერე გააცნობიერა, რომ დარბაზში კი არ იჯდა, არამედ სულ სხვა ქალაქში იმყოფებოდა. . .

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლა, სასწავლებელი, ბათუმის კონსერვატორიის მაგისტრატურა და წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტურაში ჩააბარა, სადაც საინტერესო თემაზე მუშაობს. მისი სპეციალობაა საგუნდო-სადირიჟორო და მუსიკის საგნის პედაგოგობა. არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. სხვადასხვა წელს გაიმარჯვა ნომინაციებში: ,,წლის დიდოსტატი“, ,,წლის ხელოვანი“ (ორჯერ), „რჩეული ხელოვანი“, ასევე დაჯილდოვდა ,,ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის“.

რევაზ ლაღიძის ბათუმის სამუსიკო სკოლაში 2008 წელს მივიდა, მანამდე კერძო სკოლა „მონპარნასში“ ასწავლიდა მუსიკას. ნატო ორაგველიძის მოწადინებით, სამუსიკო სკოლაში გოგონათა გუნდი ჩამოყალიბდა, რომელსაც მაგდა ჩაუდგა სათავეში. უკვე 17 წელია მისი ქორმაისტერია, მეშვიდე თაობა გამოზარდა. გუნდს სოლიდური წარმატებები აქვს. წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, გუნდმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა დანიაში გამართულ ევროპულ საგუნდო კონკურსზე. ძალიან ამაყობს ამით. კონკურსში 130 გუნდი მონაწილეობდა და ხუთმა გაიმარჯვა. ამ ხუთში ჩვენი გუნდიც იყო. ისინი ორ კატეგორიაში მონაწილეობდნენ – ბავშვთაში, სადაც ოქრო მოიპოვეს და ავტომატურად გრან პრის კატეგორიაში მოხვდნენ, აქაც ოქრო აიღეს და პლუს ევროპის ჩემპიონობა დაისაკუთრეს. უბედნიერესი იყო, როცა ხუთი გამარჯვებული დაასახელეს და პირველი ბათუმელები გამოაცხადეს.

წელსვე გოგონების გუნდმა ლიეტუვას საგუნდო და ვოკალური ანსამბლების IV საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. გაიმარჯვეს ბათუმის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა VIII რეგიონალურ კონკურსზე ნომინაციაში „საუკეთესო ქორმაისტერი“ და ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მე-8 რეგიონალურ კონკურსში, სადაც „უცხოელი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელი“ გუნდის ნომინაცია დაისაკუთრეს. წელსვე, ჰამბურგში, სოლო კონცერტით ჰამბურგის გოგონათა გუნდთან ერთად გამოვიდნენ. როგორც აღინიშნა, ეს იყო ორი გუნდის საოცარი კოლაბორაცია. შემდეგ იყო დანიაში გამართული ევროპის ჩემპიონების საგუნდო კონკურსი და აქ მიღებული „ევროპის ჩემპიონის“ ტიტული. წარმატებით გამოვიდნენ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ზე-კართან“. გუნდს მიღებული აქვს ბათუმის რესურსცენტრის მადლობის სიგელი. ჯილდოების დამაგვირგვინებელი გახდა მაგდა მათითაიშვილისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლაგაზრდობის სამინისტროს მიერ გადაცემული მასწავლებლის ეროვნული პრემია.

გოგონათა გუნდი არაერთ კონკურსში, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს და ყველგან წარმატებით გამოდის. ასევე იყო ქეთი მელუას საგუნდო კონკურსზეც.

ცალკე უნდა ითქვას იმ არაჩვეულებრივ კლიპებზე, სადაც მისი მოსწავლეები სხვადასხვა საგნით სახალისოდ ასრულებენ ამა თუ იმ ცნობილ მელოდიას. ამ კლიპებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქვს მოწონება, ერთ მათგანს კი – მილიონამდე ნახვა. რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის გარდა, მაგდა მათითაიშვილი წარმატებულად მოღვაწეობს ბათუმის №16 საჯარო სკოლაში მუსიკის საგნის პედაგოგად, სწორედ ამ სკოლამ წარადგინა ის პედაგოგის ჯილდოზე.

ამბობს, რომ ზოგჯერ ბავშვს სმენა არა აქვს, მაგრამ გულით უნდა მუსიკის შესწავლა. თვლის, რომ თუ ის მოწადინებულია, არ უნდა შევაფერხოთ, მუსიკალური განათლება ყველამ უნდა მიიღოს, რადგან ბავშვს ამ დროს ძალიან ბევრი რამ უვითარდება. მაგდასთან მუსიკის შესწავლა ძალიან სახალისოდ მიმდინარეობს. აქვე ვიტყვით, რომ საქართველოში პირველმა მან შემოიტანა ქაღალდებით „მუსიკის შესრულება“. ეს ბევრმა პედაგოგმა აიტაცა და უხარია, რომ მასწავლებლები გააქტიურდნენ. მისი გაკვეთილები საოცრებაა, იგი ბავშვს ყოველმხრივ ავითარებს, მუსიკას აყვარებს.

– რას ურჩევთ დამწყებ პედაგოგებს?
– პირველ რიგში, საქმისადმი სიყვარულს, მონდომებას. მის შრომას მოსწავლე ხედავს, გრძნობს, მასზე გადადის. პედაგოგმა თითოეული ბავშვის უნარები უნდა დაინახოს და არა მარტო ძლიერი, არამედ სუსტი მხარეებიც და შესაბამისად მიუდგეს. მუსიკის სწავლა არ არის მხოლოდ ნოტების აღქმა, ემოცია. შემოქმედება და მოთმინება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნარები. რა თქმა უნდა, მოსწავლეს არა მხოლოდ უნდა ასწავლო, არამედ შენც მუდმივად უნდა ისწავლო, განავითარო საკუთარი ცოდნა, მეთოდები. აუცილებელია შემოქმედებითი ხედვა, მიზანდასახულობა განვითარებისთვის და საკუთარი საქმისადმი ერთგულება. თითოეული გაკვეთილი საინტერესო უნდა იყოს, მოსწავლეში უნდა აღმოაჩინო უნარები და დაუმტკიცო, რომ მას ეს შეუძლია. სახლში დავალებას არ ვაძლევ, კლასში ვამზადებთ ყველაფერს, უკვე წლებია. კარგი მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს კარგი მსმენელიც, რადგან ის მოსწავლისგანაც სწავლობს. მეც ბევრი რამ ვისწავლე მათგან. იმდენი რამ მომცა მათმა იდეებმა, შეხედულებებმა, რომ არაერთხელ დავგეგმე შემდეგი გაკვეთილი, უფრო სახალისო და საინტერესო. მასწავლებელი უნდა შეეცადოს, რომ ბავშვები მთელი სიყვარულით და სიხარულით ჩართოს საგაკვეთილო პროცესში, შეაქოს, დაუყვავოს, წაახალისოს. შეცდომებზე ვსწავლობთ. ამიტომ ჩემს მოსწავლეებს არასოდეს ერიდებათ პასუხის გაცემა, მაშინაც კი, თუ არ იციან სწორი პასუხი. მთელ კლასს მივმართავ, რომ იმ მოსწავლეს ერთად დავეხმაროთ და ვაპოვნინოთ სწორი პასუხი. ამაში ყველა მონაწილეობს და ეს გაკვეთილს უფრო სახალისოს ხდის. მუსიკა დიდ როლს თამაშობს ბავშვის ცხოვრებაში, საერთოდ, ადამიანის, ძალიან ბევრ უნარს ავითარებს. სხვათა შორის, მათემატიკის უნარებსაც. ხშირად მოცარტის მუსიკას ნერვული სისტემით დაავადებულ ადამიანებს ურთავენ – ის ამშვიდებს, რადგან მსუბუქი და ჰაეროვანია, – ამბობს მაგდა მათითაიშვილი.

გაკვეთილზე შესვლამდე „ პაროლი“ აქვს – ჯერ მუსიკალურად დააკაკუნებს და კარს მერე აღებს. ბავშვებმა უკვე იციან, რომ მაგდა მასწავლებელი მოვიდა. მის შესვლამდე სწრაფად წესრიგდებიან და ემზადებიან გაკვეთილისთვის. ის კი გაკვეთილზე ხან მაგნიტოფონით და ხან ვიოლინოთი შედის. ამბობს, უნდა ეტყობოდეს, რომ ის მუსიკის მასწავლებელია.

25-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე, ამბობს, რომ კლასიკური და აკადემიური მუსიკა ყოველთვის დარჩება ღირებულ, მაღალი ხარისხის სტანდარტად, რადგანაც ამდენი საუკუნეა ტექნიკურ სრულყოფილებას, ემოციურ სიმძაფრეს და შინაარსობრივ სიღრმეს ინარჩუნებს. თანამედროვე ინტერპრეტაცია ხშირად ძველ ნაწარმოებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. რაც უნდა დაიწეროს, არაფერი შეცვლის მოცარტს, ბეთჰოვენს, ბახს, ჩაიკოვსკის, რახმანინოვს, შუბერტს. . .

მან ძალიან საინტერესო აქტივობა მოიფიქრა – წყლით თამაში რაველის მუსიკით. სხვადასხვა ჭურჭელში ჩაასხა წყალი და მასში ჩაყოფილი ხელებით ბავშვებმა წარმოიდგინეს, თითქოს კლავიშებზე უკრავდნენ. მათ უკვე იციან, რომ წყალი საწრუპავით საინტერესო ხმებს გამოსცემს. მაგდამ ცელოფნებიც „გააცოცხლა“, მერე ბავშვებს საწვიმრებიც ჩააცვა და მუსიკა აქაც „აჟღერდა“. იგი უსულო საგნებს ჯერ „აცოცხლებს“ და მერე ამღერებს. ასეთი კლიპების გადაღების დროს ყოველთვის პოპულარულ მუსიკას ირჩევს. . .

ამ ნიჭიერ და კრეატიულ პადაგოგს წინ კიდევ არაერთი გეგმა აქვს – მის ხელში მალე სუშის ჩხირები „გაცოცხლდება“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მუსიკის პედაგოგმა საქართველოში პირველად მიიღო და სასიხარულოა, რომ ეს ბათუმელი ქალბატონია.

– მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფასებისთვის. ამაღლებული განწყობა დამეუფლა, როცა 400 მასწავლებელს შორის , 10 საუკეთესოში აღმოვჩნდი. პირველ რიგში, ეს დიდი პასუხისმგებლობა, აღიარებაა, ასევე მოტივაციაა იმისთვის , რომ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იდგე. მადლობა ბათუმის №16 საჯარო სკოლის დირექტორ თეა ქობულაძეს ჩემი დაფასებისთვის. ეს ჯილდო თითოეულ ჩემს მოსწავლეს ეკუთვნის, რადგან მათი წყალობით დავიმსახურე. ისინი მეხმარებიან ყოველდღიურ განვითარებაში. მასწავლებლობა ჩემთვის სულიერი მსახურებაა, სადაც ცოდნა მხოლოდ საშუალებაა, ხოლო მიზანი – ადამიანის შინაგანი უნარების განვითარება. ეს უნარი უნდა დაინახო თითოეულ ბავშვში, გაუზიარო მას სითბო, რწმენა ჩაუსახო, შეასხა ფრთები. . . ჩემთვის მასწავლებლობა ბავშვებზე მუდმივი ზრუნვა, დაუღალავი ძიებაა. დიდ ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებს წარმატებული მოსწავლე. ჯილდო არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. მთავარი ჯილდო ჩემი მოსწავლეები არიან. ბედნიერებაა, როცა შეგიძლია მათ განვითარებაში დაეხმარო, მათთან ერთად შექმნა საინტერესო და შემოქმედებითი გარემო. ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, როგორ იზრდებიან, ვითარდებიან. ჯილდო, უბრალოდ, აღიარებაა და სიმბოლო იმისა, რომ გზა, რომელსაც გავდივარ, სწორია, ღირებულია, – გვითხრა მაგდა მათითაიშვილმა, პედაგოგმა, რომელმაც საუკეთესოდ იცის თავისი საქმე.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *