
პედოფილია – ტაბუირებული რეალობა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ
ბოლო 15 თვეში საქართველოში 229 ბავშვი გახდა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი, მათგან 43 გააუპატიურეს, 6 – მხოლოდ აპრილში. ეს პროკურატურის ოფიციალური მონაცემებია, თუმცა ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ამას თავისი მიზეზი აქვს. ამ დანაშაულს ახასიათებს განსაკუთრებული ფარულობა და გამოვლენის სირთულე, ამიტომაც ოფიციალური სტატისტიკის მიღმა ძალადობის შემთხვევების რიცხვიც გაცილებით მაღალი უნდა იყოს.
პედოფილია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და კომპლექსური საკითხია თანამედროვე საზოგადოებაში. ეს არ არის მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის ან სამართლებრივი დარღვევის თემა – ეს არის ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე შეტევა. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ეს თემა ხშირად ტაბუდადებულია, რასაც კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ვერ ხერხდება მისი დროულად აღმოჩენა და პრევენცია. ბავშვები, რომლებიც პედოფილების ან, ზოგადად, სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი ხდებიან, იშვიათად ლაპარაკობენ საკუთარ განცდებზე. ეს ქმნის სერიოზულ რისკს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
სტატიის მიზანია მშობლებს, პედაგოგებსა და საზოგადოებას მივაწოდოთ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ამოიცნონ პრობლემის ნიშნები, როგორ იმოქმედონ და როგორ დაეხმარონ ბავშვს, რომელიც სექსუალური ძალადობის ან გარყვნილი ქმედების მსხვერპლია.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ: პედოფილიური მიზიდულობა – შესაძლოა პიროვნებას ჰქონდეს მიზიდულობა, თუმცა არასდროს განახორციელოს ქმედება; პედოფილიური ქმედება – ეს უკვე სექსუალური ძალადობის ან გარყვნილი ქმედების ფორმაა, რაც ბავშვის ნების წინააღმდეგ ხდება. ბავშვები პედოფილებისთვის უმწეო, ნდობით სავსე და იოლი სამიზნეები არიან. ხშირად მოძალადე ბავშვისთვის ნაცნობი ადამიანია, იგი შესაძლოა იყოს ოჯახის წევრი, მეზობელი, მასწავლებელი, მწვრთნელი ან მეგობარი. ასეთ შემთხვევებში ბავშვი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, რომ მის მიმართ ძალადობა ან შეუსაბამო ქმედება განხორციელდა. ძალადობა შეიძლება გამოიხატოს: ფიზიკური შეხებით (დაბრკოლების გარეშე ან ძალადობით), სიტყვიერად (სექსუალური ხასიათის კომენტარები), ინტერნეტით (ონლაინ გარყვნილი კომუნიკაცია, ფოტოები, ვიდეოები), ფსიქოლოგიური მანიპულაციით (საშიში საიდუმლოების შენახვა, შანტაჟი, საჩუქრებით მოტყუება და ა.შ.)
ფსიქოლოგი ქეთევან დევაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბავშვისთვის სექსუალური ძალადობის ტრავმა ძალიან კომპლექსურია. სექსუალური ძალადობა არღვევს მის უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას, ნდობას და ა.შ. შესაბამისად, ბავშვი სხვადასხვანაირად გამოხატავს და რეაგირებს მსგავს ტრავმულ გამოცდილებაზე. უმეტესად, პატარები ასეთ გამოცდილებას ჩაკეტილობით პასუხობენ, რადგან მათ გადახდათ რაღაც ისეთი, რომელზეც ჩვეულებრივ არავინ საუბრობს, რომელსაც ვერ ხედავს და ეს თითქოს ტაბუდადებულია, რადგან მასზე არაფერი სმენია. ჰგონია, მისთვის ასეთ საკითხებზე საუბარი არ შეიძლება, უზრდელობაა, უხერხულია, მიუღებელია… ამ გამოცდილებაში ბავშვი სრულიად მარტო რჩება, ხშირად ძალიან დიდხანს ან სამუდამოდ მალავს ასეთ ტრავმულ შემთხვევებს.
მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ქცევითი ნიშნების შემდეგ ცვლილებებს: შფოთვა, გაღიზიანება, აგრესიულობა ან უკიდურესი სიჩუმე; დაქვეითებული ინტერესები თამაშის ან მეგობრების მიმართ; ძილის ან კვების დარღვევა; გაუცხოება კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობისას.
– ბავშვი ასეთ დროს ხშირად იკეტება საკუთარ თავში, შესაძლოა ოთახიდან არ გამოდიოდეს, აღარავის ეკონტაქტებოდეს, ასევე, დამახასიათებელია სხვადასხვა დეპრესიის სიმპტომატიკა – მადის, ძილის დარღვევები, ხშირია კოშმარები, შესაძლოა შევამჩნიოთ, რომ ძალიან გადამეტებულად იცავს ჰიგიენას, მუდმივად იბანს, ან, პირიქით, საერთოდ უარს ამბობს ჰიგიენის დაცვაზე. შესაძლოა ასაკობრივად შეუფერებელი საქციელი გამოვლინდეს, ლაპარაკისას ძალიან ახლო კონტაქტს ამყარებდეს, სხეულებრივ საზღვარს ვეღარ იცავდეს იმიტომ, რომ ვიღაც გარე პირმა სექსუალური ძალადობის დროს ეს საზღვრები დაარღვია, – ამბობს ქეთევან დევაძე. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში მშობლის რეაქცია კრიტიკულია ბავშვის შემდგომი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, არ გამოავლინოს პანიკა – ბავშვს სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა; მშობელმა უნდა გაამხნევოს – უთხრას, რომ ის არ არის დამნაშავე და ყველაფერი სწორად გააკეთა, რომ ამაზე ილაპარაკა (ან თუნდაც მინიშნება მისცა); მოუსმინოს შინაარსის დეტალიზაციის გარეშე – არ აიძულოს ბავშვი, უამბოს ყოველი წვრილმანი, ეს ფსიქოლოგისთვის უნდა დარჩეს; დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავებს და ბავშვთა ფსიქოლოგს.
ბავშვთან კომუნიკაცია უნდა იყოს ასაკთან შესაბამისი, თანმიმდევრული და მჭიდროდ დაკავშირებული პირადი საზღვრების გაგებასთან.
მათ უნდა ვასწავლოთ, რომ სხეული მათი საკუთრებაა და `არას~ თქმა ნებისმიერ ზრდასრულთან შეიძლება; უნდა გავაფრთხილოთ, რომ ნებისმიერ შეხებაზე, რომელიც მათ არ მოსწონთ, უფლება აქვთ უარი განუცხადონ და თქვან ამაზე; უნდა დავამყაროთ ნდობა, ვუთხრათ, რომ ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ ისაუბრონ.
როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია მშობლის, მასწავლებლისა თუ აღმზრდელის როლი. ბავშვები მალავენ ამ ინფორმაციას იმიტომ, რომ უმეტესად არ იციან, ვის უნდა მიმართონ. არ იციან, რომ ამ თემაზე საუბარი ნებადართულია. ხშირად მშობლები, მასწავლებლები და აღმზრდელები შენიშვნასაც აძლევენ და უკრძალავენ კიდეც სექსუალური ხასიათის თემაზე საუბარს. არის შემთხვევები, როცა ბავშვმა სასქესო ორგანოების სახელებიც კი არ იცის. იცის, რომ ამაზე საუბარი მიუღებელია, შესაბამისად, თუ მშობელს მიმართავს, არ იცის, მას როგორი რეაქცია ექნება. ხომ არ დასჯიან? მას ხომ არ დააბრალებენ რამეს? რადგან ასეთ დროს ძალიან მაღალია ბრალეულობის განცდაც.
– ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გააკეთო მშობელმა იმისთვის, რომ ბავშვმა კომფორტულად იგრძნოს თავი ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარებისას. მნიშვნელოვანია, არ დავუსვათ კითხვები: რატომ არ შეეწინააღმდეგე? რატომ აქამდე არ მითხარი? რათა მისი ბრალეულობა არ დავამძიმოთ, – აღნიშნავს ფსიქოლოგი და დასძენს, – მნიშვნელოვანია, ბავშვი მოძალადესთან ურთიერთობაში აღარასდროს შევიდეს – ეს შეცდომა ხშირად ხდება, თუ მოძალადე ოჯახის წევრია.
– მნიშვნელოვანია, ბავშვმა საუბრის დროს თავი დაცულად იგრძნოს, მიხვდეს, რომ საფრთხე აღარ ემუქრება, რომ მას არაფერს დააბრალებენ, მისი ესმით და ყველაფერს გააკეთებენ მის დასაცავად. ასევე, როდესაც ხდება სექსუალური ძალადობა ბავშვის მიმართ, მნიშვნელოვანია იგი დავიცვათ ტრავმის ხელახალი განმეორებისგან. ბავშვი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში და მასთან მოძალადეს კონტაქტი აღარ უნდა ჰქონდეს. ასევე, ბავშვს არ უნდა მოუწიოს ამ თემაზე განმეორებით საუბარი. ძალიან ხშირად, როდესაც ბავშვი ჩვენებას აძლევს, ამ ამბავს ჯერ მშობელთან ყვება, შემდეგ სხვა ადამიანთან, პოლიციის განყოფილებაშიც და სასამართლოშიც. ამ ინფორმაციის ხელახლა გახსენებით მისი ხელახალი ტრავმირების რისკი ჩნდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კანონმდებლობა ამას არეგულირებდეს და გვაძლევდეს საშუალებას, რომ ბავშვი გამოიკითხოს მხოლოდ ერთხელ. ცხადია, სასურველია ასეთი რამის შემდეგ ბავშვთან იმუშაოს ფსიქოთერაპევტმა, – ამბობს ქეთევან დევაძე.
პედოფილიასთან ბრძოლის მთავარი გზა პრევენცია, განათლება და სისტემური რეაგირებაა. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარი სხეულის, პირადი სივრცისა და უფლებების შესახებ; მნიშვნელოვანია ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა – ფსიქოლოგების ხელმისაწვდომობა სკოლებსა და პედაგოგიურ გარემოში; აუცილებელია მშობლებს ჰქონდეთ პრაქტიკული ცოდნა პრობლემის ამოცნობისა და მართვისთვის; აუცილებელია მკაცრი კანონი და მართლმსაჯულება – პედოფილთა მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება საფრთხის წყაროა; ინტერნეტუსაფრთხოება – მშობლები უნდა იყვნენ ჩართულნი ციფრულ ცხოვრებაში, იცოდნენ, როგორ და ვისთან ურთიერთობენ ბავშვები ონლაინსივრცეში.
პედოფილია არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ `სხვებთან~ ხდება. ის რეალობაა, რომელიც ნებისმიერ ოჯახში შეიძლება გაჩნდეს, თუ არ ვსაუბრობთ, არ ვუსმენთ და არ ვამჩნევთ. ბავშვის უსაფრთხოება იწყება სახლში – ნდობით, განათლებითა და სიყვარულით, რაზეც თითოეულმა მშობელმა, მასწავლებელმა თუ მოქალაქემ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.