19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფა გრძელდება
By

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფა გრძელდება

აჭარაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების და ოჯახის/სოფლის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 223 500 ლარს შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ მორიგი ტექნიკური აღჭურვილობა შეიძინა და ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს და რეგიონის სოფლის ამბულატორიებს გადასცა. პროცესს მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე დაესწრნენ.

„სამინისტრო მოსახლეობის ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. გასულ წელს, მეტი ეფექტურობის მიზნით, პროგრამაში შევიტანეთ რიგი ცვლილებები და დავიწყეთ კონცენტრატორებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრების და სოფლის ექიმების მომარაგება, რათა მიზნობრივად გადანაწილდეს ყველა იმ პაციენტზე, ვისაც სახლის პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროება ოქსიგენოთერაპია“, – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, უზრუნველყოფს სოფლის სამედიცინო პერსონალს შრომის დამატებითი ანაზღაურებით. კერძოდ, დანამატი გაიცემა სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების 107 ექიმსა და 110 ექთანზე. 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი მილიონ ლარამდე განისაზღვრა.

  • No Comments
  • აპრილი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *