
„პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემს ხელოვნებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ამ სამყაროში…“
ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი ნინო ხეცურიანი თვითნასწავლი მხატვარია, პროფესიით კი იურისტია და ამ მიმართულებით 8 წელი იმუშავა. ხატვა ბავშვობიდან იყო მისი მოწოდება და ამიტომ სრულად გადაერთო ხელოვნებაზე. საქართველოში ნახატების 2 პერსონალური გამოფენა ჰქონდა, მონაწილეობდა ბევრ კოლექტიურ გამოფენაშიც. 2025 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გამოფენაში – „არტ ექსპო ნიუ იორკი“. ნინო პარალელურად კალიგრაფი გახლავთ. 2 წლის წინ მუშაობა დაასრულა ქართული მითოლოგიის სერიაზე, რომელიც 20 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქართულ ხელნაწერს მოიცავს. ეს სერია ჯერ კიდევ მაშინ შექმნა, როდესაც კალიგრაფიაშიც თვითნასწავლი იყო. შემდგომ, კალიგრაფთა ასოციაციაში გაიარა სრული პროფესიონალური კურსი. ამასთან, ასოციაციის წევრობაც შესთავაზეს და სულ მალე გაწევრიანების პროცედურაც დასრულდება. ნინო ხეცურიანი თავის შემოქმედებაზე გვესაუბრება.
– ნინო, როდის მიხვდით, რომ ხატვა იყო თქვენი ნამდვილი მოწოდება?
– ბავშვობოდან მოყოლებული, საათობით შემეძლო ჩანახატების კეთება. განსხვავებული სამხატვრო მასალის გამოყენებით ექსპერიმენტების ჩატარება ყველაზე სასიამოვნო გართობა იყო ჩემთვის. მაშინ, როდესაც სხვები ამას ჩემს ჰობად აღიქვამდნენ, მე უკვე ხატვას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებად ვიყენებდი და ასე გამოვხატავდი ფიქრებს და ემოციებს. დროთა განმავლობაში შევამჩნიე, რომ არაფერი ისე არ მიტოვებდა სრულყოფილების შეგრძნებას, როგორც ნახატის შექმნა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მხატვრობა უფრო მეტი იყო ჩემთვის, ვიდრე გართობა – ეს იყო ის, რაც ცხოვრებაში მჭირდებოდა.
– როდის დარწმუნდით, რომ ეს გზა თქვენია?
– იქიდან გამომდინარე, რომ მხატვრობა, როგორც პროფესია, შესწავლილი არ მაქვს, ყოველთვის მქონდა ეჭვები – იყო თუ არა ჩემი ხელოვნება საკმარისად კარგი. მიყვარდა ხატვა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, დაინახავდა თუ არა ვინმე, მით უმეტეს, პროფესიონალი, ჩემს ნახატებში რაიმე ღირებულულს. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა პროფესიონალისგან პირველი დადებითი შეფასება მივიღე. ეს აღიარება ჩემთვის უზარმაზარი მნიშვნელობის იყო. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემს ხელოვნებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ამ სამყაროში.
– რვაწლიანი იურიდიული გამოცდილების შემდეგ, როგორ გადადგით ნაბიჯი ხელოვნებისკენ?
– თავდაპირველად, ვარჩიე იურისტის პროფესია, რადგან მჯეროდა, რომ ეს იყო სტაბილური და დაფასებული გზა, სადაც ჩემი უნარების გამოყენებით სხვებისთვის შეიძლებოდა სიკეთის მოტანა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პროფესიამ ბევრი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემძინა, თუმცა იურისპრუდენციაში მუშაობის პარალელურად ხელოვნება არასდროს მიმიტოვებია, ნელ-ნელა უფრო მეტად მიზიდავდა შინაგანად. წლების შემდეგ, მკაფიოდ ვიგრძენი, რომ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასა და ნამდვილ შინაგან დანიშნულებას შორის დისტანცია იზრდებოდა. რვაწლიანი იურიდიული პრაქტიკის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი გული ხელოვნებას ეკუთვნოდა, ეს იყო ჩემი მოწოდება. იურისტობის მიტოვება მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ იმ გზის არჩევა, რომელიც ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტია, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორ და ამაღელვებელ ნაბიჯად მიმაჩნია.
– რა იყო ყველაზე რთული ამ გარდატეხაში?
– იურისტად მუშაობის განმავლობაში მოვიპოვე სტაბილურობა და გარკვეულწილად, ფინანსური უსაფრთხოებაც. ყველაფრის დატოვება და სრულფასოვნად ხელოვნებით დაკავება ნიშნავდა ეჭვების და გამოწვევების წინაშე დგომას, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარემოცვის მხრიდან, თუმცა დროთა განმავლობაში მოთმინებით და მიზანდასახულობით დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
– პირველი პერსონალური გამოფენის გახსნისას რა ემოციები დაგეუფლათ?
– პირველი პერსონალური გამოფენა იყო ემოციების ნაზავი – აღფრთოვანებასთან და სიამაყესთან ერთად, წინასწარ განვიცდიდი, როგორ მიიღებდა ჩემს ნამუშევრებს საზოგადოება. როცა დავინახე, როგორ უყურებდნენ ნახატებს და უკავშირებდნენ თავიანთ ემოციებს, მივხვდი, რომ სწორედ ეს ემოციები იქნებოდა ჩემი მუდმივი მოტივაციის წყარო. ეს იყო როგორც ზეიმის, ისე პირადი ზრდის მომენტი.
– „არტ ექსპო ნიუ-იორკზე “ გვიამბეთ, როგორ მოხვდით იქ?
– ყოველთვის მინდოდა საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალების მოსინჯვა. „არტ ექსპო ნიუ-იორკს“ დიდი ხანი ვადევნებდი თვალს და იქ მოხვედრაზე ვოცნებობდი. ბოლოს, გადავდგი ეს ნაბიჯი, გავიარე შერჩევის პროცესი, წარვადგინე ჩემი საუკეთესო ნამუშევრები და უდიდესი სიხარული იყო, როცა მონაწილეობაზე დადებითი პასუხი მივიღე. ამ მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებაში ჩართვა იყო როგორც პატივი, ასევე ნიშანი, რომ ჩემი ხელოვნება უკვე საზღვრებს გასცდა.
– რომელმა ნამუშევარმა მიიპყრო ყველაზე მეტად დამთვალიერებლების ყურადღება?
– წარდგენილი მქონდა როგორც პორტრეტები, ასევე, პეიზაჟები, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პეიზაჟების სერიამ, რომელიც გამორჩეული, ვფიქრობ, მხოლოდ ჩემი ხელწერისთვის დამახასიათებელი სტილით არის შექმნილი.
– რატომ აირჩიეთ ქართული მითოლოგია კალიგრაფიული სერიის თემად?
– ქართული მითოლოგიის არჩევა განპირობებული იყო იმით, რომ ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მდიდარი, მისტიკური და ხშირად დაუფასებელი ნაწილი. როგორც ხელოვანს, ყოველთვის მიზიდავდა ისტორიები. ქართულ მითებში იმდენად ღრმა სიმბოლიკა, შინაარსი და ვიზუალური სილამაზეა, შეუძლებელია არ განგაცვიფროს. მინდოდა, ამ ძველი თქმულებებისთვის თანამედროვე ვიზუალური ფორმით – კალიგრაფიის მეშვეობით, ახალი სიცოცხლე მიმეცა. ამ გზით ვცდილობ, ტრადიციული მითოლოგია თანამედროვე ხელოვნებასთან დავაკავშირო და როგორც ქართველებში, ისე უცხოელ მაყურებლებში, გავაჩინო ინტერესი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
– რომელი მითოლოგიური პერსონაჟი ან სიუჟეტი აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე შთამაგონებელი?
– ძალიან რთულია ერთი გმირის ან ამბის გამორჩევა, რადგან თითოეული ისტორია თავისებურად შთამაგონებელია. ზოგი ამბავი ემოციური სიღრმით გამოირჩევა, ზოგი – მითოლოგიური პერსონაჟის თვისებებით. მრავალფეროვნება იყო ის, რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ქართულ მითოლოგიაში და გახდა საფუძველი, შემექმნა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კალიგრაფიული ნიმუშები.
– როგორ შეიცვალა თქვენი სტილი მას შემდეგ, რაც პროფესიონალური კურსი გაიარეთ?
– ეს კურსი დამეხმარა წერის ტექნიკის გაუმჯობესებაში, შევისწავლე, როგორ ვითარდებოდა ქართული დამწერლობა შექმნიდან დღემდე. რაც შეეხება სტილს, ვთვლი, რომ მანამდეც ჩამოყალიბებული მქონდა, თუმცა მიღებულ ცოდნას დავიხმარ, რომ უფრო განვავითარო და დავხვეწო იგი.
– როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი – იდეიდან საბოლოო ნამუშევრამდე?
– ნამუშევრის შესაქმნელად შთაგონებას სხვადასხვა რამ მაძლევს: ეს შეიძლება იყოს ამბავი, ემოცია, რისი გამოხატვაც მსურს ან სულაც, უბრალოდ, ფერები. შემოქმედებითი პროცესი ხშირად ინტუიციურია – ნამუშევარს ვაძლევ შესაძლებლობას, ბუნებრივად განვითარდეს. ხშირად ვშორდები და შემდეგ ვუბრუნდები ახალი თვალით, სანამ არ ვიგრძნობ, რომ ნამუშევარი ზუსტად ასახავს იმ ემოციას ან გზავნილს, რომლის გამოხატვაც მინდოდა. ჩემთვის მთავარია არა მხოლოდ ის, როგორ გამოიყურება საბოლოო ნამუშევარი, არამედ ის, თუ რას აგრძნობინებს მაყურებელს.
– რა გსურთ, რომ დამთვალიერებლებმა იგრძნონ თქვენს ნამუშევრებში?
– მინდა, რომ ადამიანებში ღრმა ემოცია გამოიწვიოს. აუცილებელი არ არის, ზუსტად ის იგრძნოს, რასაც მე ვგრძნობდი შექმნისას. იმედი მაქვს, ჩემი ხელოვნება ქმნის იმ ჩუმ, მედიტაციურ მომენტს, როცა ადამიანი უკავშირდება საკუთარ თავს, ნამუშევრის ამბავს, ან უფრო დიდს და აბსტრაქტულს. მინდა, რომ ჩემი ხელოვნება მხოლოდ ვიზუალური გამოცდილება არ იყოს, არამედ შეეხოს იმას, რაც ადამიანში ემოციური ან სულიერია.
– 20 სრულიად განსხვავებული ხელნაწერის შექმნა დიდი გამოწვევაა. როგორ შეძელით თითოეული მათგანის უნიკალურობის გამოხატვა და რა იყო ამ პროცესში ყველაზე რთული?
– მითოლოგიის სერიის თითოეული ნამუშევარი იმიტომ არის ერთმანეთისგან განსხვავებული, რომ ასოციაციურად ხელნაწერი დაფუძნებული და დაკავშირებულია თავად ამბავთან ან მითოლოგიური გმირის ხასიათთან. რთულია ასოთა მოხაზულობაში გადმოიტანო ეს ყოველივე, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
– რა გეგმები გაქვთ?
– გეგმები მთლიანად უკავშირდება ჩემი, როგორც ხელოვანის, განვითარებას და ჩემი შემოქმედების ცნობადობის გაზრდას. ვაპირებ აქტიურად მივიღო მონაწილეობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებში როგორც მხატვრობის, ისე კალიგრაფიის მიმართულებით.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა






