19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
პირველი კონფერენცია და გამართლებული მიზანი
By

პირველი კონფერენცია და გამართლებული მიზანი

შუახევში 15 ბაღი და 8 სკოლამდელი განათლების ცენტრი (ალტერნატიული ბაღი) მოქმედებს. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ნათელა გოგიტიძის ინიციატივით, ამ სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიული გეგმა შემუშავდა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოიწონა. ახლახან კი შუახევის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, განათლების პირველი მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა.

მონაწილეთა წინაშე შუახევის ბაგა-ბაღების განვითარების 2025-2030 წლების სტრატეგიული გეგმა წარადგინა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების გამგე ამირან ხიმშიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა: „ადრეული აღზრდისა და განათლების ანუ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის შესაბამისად, ა(ა)იპ, შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებისა, და შუახევის მერიის ჩართულობით, შემუშავდა ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, სტრატეგიული განვითარების 2025-2030 წლებისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმები. ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა პროგრამის შერჩევის, გაზიარების, შეფასებისა და განვითარების მარეგულირებელი და საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, შეფასებისა და რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის, პერსონალის მართვის, ბავშვის ჩარიცხვა-ამორიცხვის მარეგულირებელი წესები, მმართველობითი, ძირითადი და დამხარე პროცესების ჩამონათვალი, ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმი და შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები“.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და სტრუქტურული ერთეულის მომავალ საქმიანობაზე ისაუბრეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნათელა გოგიტიძემ, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტმა რუსუდან შავაძემ.

საინტერესო და მეთოდური მოხსენებებით წარსდგნენ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების, სტრუქტურული ერთეულებისა და ალტერნატიული ჯგუფების აღმზრდელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სულ 18 მოხსენება წარმოადგენს, რომელთაგან საუკეთესოდ აღიარეს დაბა შუახევის, ჯაბნიძეების, ხიჭაურის, შუბნის, ბუთურაულის, წყაროთის, ჭვანის ბაგა-ბაღებში დასაქმებულების – დარინა ქონიაძის, ნარგიზ ბერიძის, მაია გუნდაძის, ირმა ქათამაძის, მადონა არძენაძის, ხათუნა ტაკიძის, თეო მგელაძის, დალი შაინიძის, ნანული მელაძის, ლია ფუტკარაძის, მაია ბერიძის მოხსენებები. ისინი 100-100 ლარის ღირებულების ვაუჩერებით წაახალისეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ყველა მომხსენებელს მადლობის ბარათები გადასცეს.

– კონფერენციის მიზანი იყო ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს შექმნის პროცესში წარმატებული მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების, ბაღის მართვისა და პერსონალის მხარდამჭერი ღონისძიებების, ინოვაციური ხედვების, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზიარება. პირველმა კონფერენციამ მიზანი გაამართლა, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *