პირობები – ნორმალური, საქმიანობა – მიზანმიმართული 
By

პირობები – ნორმალური, საქმიანობა – მიზანმიმართული 

ჩვენი სტუმარია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება აჭარის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს შუახევის არქივის უფროსი კახა დავითაძე
– შუახევის არქივი 1953 წელს დაარსდა. ჩვენთან დაცულია დოკუმენტები, რომლებიც რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობას, აქ დაფრთიანებული, გამოჩენილი ადამიანების მუშაობას ასახავს. წინამორბედების, არქივში დასაქმებული ცალკეული მუშაკის დამსახურებაა, რომ 36480 საქმეს ვინახავთ. არქივს ნორმალური მატერიალური ბაზა არ ჰქონია. ბოლო წლებში აჭარის მთავრობის, უშუალოდ საარქივო სამმართველოს უფროს მაკა ივანიშვილის მხარდაჭერით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა მატერიალური ბაზის განმტკიცების, მუშაკთა შრომის პირობების გაუმჯობესების, შენახული საქმეების დაზიანებისგან დაცვის მიმართულებით.

კონკრეტულად?

– შარშან აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 200 ათასამდე ლარი გამოიყო შენობის ფასადის ნაწილის ( ჩვენთან ერთად შენობაში შუახევის რესურსცენტრის ადმინისტრაციაა განთავსებული), ერთი ფონდსაცავის, სველი წერტილის, დასასვენებელი სივრცისა და ორი საოფისე ოთახის მოსაწესრიგებლად. კონკურსში გამარჯვებული ფირმის ხელმძღვანელობა სამუშაოების შესრულებას ზედაპირულად მიუდგა. სამმართველოს ხელმძღვანელობისა და ჩვენ მიერ გატარებული მონიტორინგის შემდეგ, ხარისხსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების დასრულებაზე ზრუნვა დაიწყეს, თუმცა რიგი სამუშაოები მაინც დარჩა გასაკეთებელი.
წელსაც 39 592 ლარი გამოიყო. საკონკურსო შერჩევის შემდეგ, სამუშაოებს ინდმეწარმე გივი ზოიძე ასრულებს. ერთი ფონდსაცავის, საკანცელარიო ოფისის გაკეთებას ვაპირებთ. გივი ზოიძე, სამუშაოზე დასაქმებული ოსტატები გულისხმიერებით უდგებიან საქმეს. იმედია, ნორმალური პირობები გვექნება, ჩვენი ვალია, საქმიანობა მიზანმიმართულად წარვმართოთ.
მიზანმიმართულ საქმიანობაში რას გულისხმობ?

– წინა საუკუნის 90-იან წლებში, სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებთან ერთად, არქივი თავისი დანიშნულების მინიმუმს ვეღარ ასრულებდა. ამაში ერთ ან ორ პიროვნებას ბრალს ვერ დავდებთ. საერთო მოშვებულობის ფონზე, ყოფილ კოლმეურნეობებში, პარტიის შუახევის რაიკომში მრავალი საქმე ხელაღებით განადგურდა. დიდად სკოლების დირექტორებიც თავს არ იწუხებდნენ და. . .

ახლა როგორია ორგანიზაციადაწესებულებების ხელმძღვანელების მიდგომა საარქივო საქმეებისადმი?

– წელიწადში საშუალოდ 180-200 საქმეს ვამუშავებთ. წლის განვლილ პერიოდში 160-მდე საქმეა დამუშავებული. თუ ასე გავაგრძელებთ, წლის ბოლომდე 220-მდე დოკუმენტს დავამუშავებთ. საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელებთან, დაბა შუახევის, ხიჭაურის, ჭვანის, ფურტიოს, ბუთურაულის, ნენიის, ახალდაბის, შუბნის სკოლების დირექტორებთან.

კარგია, რომ წარმატებულ ადამიანების ცხოვრების, შრომის, საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველ მასალებს აგროვებთ და არქივში ადგილს უჩენთ. . .

– ეს ინიციატივა იმ დროიდან მოდის, რაც მე შუახევის არქივის უფროსად დავინიშნე. უკვე რამდენიმე ღირსეული და წარმატებული შუახეველის ცხოვრების, შრომის, საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველ მასალებს ვინახავთ. ესენი არიან „საპატიო შუახეველები“, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლის ვეტერანები, პროფესიულ საქმიანობაში წოდების მატარებლები. შუახევში უკვე საქართველოში ცნობილი რამოდენიმე მასწავლებელი გვყავს, მაგრამ მათი საქმეები დღემდე არ ჩანს. იგივე ითქმის მედიცინის სფეროში დასაქმებულებზე, კულტურის და სპორტის ამაგდარებზე. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთით შუახეველებს მოვუწოდებ მეტი აქტიურობისკენ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *