„პლატონი“ – სპექტაკლი, რომელიც წვიმაში დაიბადა . . .
By

„პლატონი“ – სპექტაკლი, რომელიც წვიმაში დაიბადა . . .

ბათუმში, 23 ოქტომბერს, არმენ ჰოვანესიანის საავტორო სპექტაკლის – „პლატონი“ პრემიერა გაიმართა. ემოციური პრემიერა განსაკუთრებულად მყუდრო გარემოში – თავად ექიმ პლატონ გიგინეიშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში შედგა.

ღია ცის ქვეშ გამართულმა კამერულმა წარმოდგენამ მაყურებელს ძველი ბათუმის სული გაახსენა. სცენა თითქოს ქალაქის გულიდან იყო ამოკვეთილი, იქ, სადაც ფანტაზია და რეალობა ერთდროულად ცხოვრობს.

სპექტაკლი XX საუკუნეში მოღვაწე ბათუმელ ექიმზეა შექმნილი, ადამიანზე, რომლის ხელიც სხეულს კურნავდა, ხოლო სიტყვა – ქალაქს.

პლატონ გიგინეიშვილი ამ ისტორიაში არა მხოლოდ ისტორიული ფიგურა, არამედ რწმენის, სიკეთისა და იმ ადამიანური სინათლის სიმბოლოა, რომელიც დღემდე ცოცხლობს ქალაქის ქუჩებსა და ეზოებში.

არმენ ჰოვანესიანის მიერ შექმნილი პიესა ერთდროულად ლირიკულიცაა და ფილოსოფიურიც. რეალობას ერწყმის ფანტასტიკური სამყარო, სადაც გმირთა გვერდით ცოცხლდებიან სიმბოლური პერსონაჟები: ევკალიპტი, ჩხიკვი, დედა ბათუმი, ვერიკო, ყავახანა – „დურსუნი“, ზღვის თევზები და თუნდაც, ადამიანურ სახეებამდე ამაღლებული კოღო კოპერპისტუსი.

მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა სპექტაკლის ფინალი, როცა „მწვანე წვიმა“ ექიმის სულის მსგავსად ბრუნდება ქალაქში, როგორც სიკეთის უკანასკნელი უფასო რეცეპტი. . .

– სპექტაკლმა, დაიმსახურა ოვაციები, რის გამოც ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ვარ. ჩემთვის ამ სპექტაკლზე მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, რადგან არ ვარ ბათუმელი. დაწერო ზღაპარი ბათუმზე, ადამიანზე, რომელიც იყო ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტი, დამეთანხმებით, არ არის მარტივი. იმ პერიოდში ღამე გავათიე სახლში, სადაც ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრობდა. ჩემთვის ეს შეგრძნებები, ემოციები ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. აღმოვაჩინე, რომ ექიმი პლატონი იყო ბათუმის ნოე, ეს სახლი კი კიდობანი, რომელიც სიკეთემ და სიყვარულმა გადაარჩინა. ძალიან მინდა, ახალმა თაობამ იცოდეს ამ ადამიანის მოღვაწეობის შესახებ, თუნდაც ეს თოჯინების დახმარებით მივიტანოთ მათთან. მინდა პლატონი დაბრუნდეს თოჯინების თეატრში და თავისი სიკეთე გაუზიაროს სხვებსაც. ბათუმში არაერთხელ ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩემთვის აღმოჩენა იყო ძველი ქალაქის სულის შეგრძნება. დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლი კიკვაძეს, იმედა თავდგირიძეს, ქალბატონ თამუნა ორაგველიძეს, რომელიც ბათუმზე ძალიან ბევრ ისტორიას ფლობს და, რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ, ბათუმელებს. მჯერა, ბათუმი შეინახავს და გაუფრთხილდება ძველი ქალაქის სულს, ადამიანების სახელს, რომლებიც ქმნიდნენ საოცარ ისტორიებს, – აღნიშნა რეჟისორმა არმენ ჰოვანესიანმა, რომელიც ამასთან ერთად, სცენარის ავტორი, სპექტაკლის მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიცაა.
პიესა თარგმნა დიანა ტერ-ბოგდასაროვმა, ხმის რეჟისორია – გიორგი ცეცხლაძე, რეჟისორის თანაშემწე – ნანა თოლორდავა, ქალაქის ისტორიის საკითხებში კონსულტანტი კი თამარ ორაგველიძე.

მაყურებლის წინაშე მსახიობები: მინდია ჩოხარაძე, ზურაბ ცინცქილაძე, ლევან მიდილიში, მარიკა ბულეიშვილი, სალომე დოლიძე, ქეთევან სამხარაძე, ირინე ღლონტი და ვანო მაღლაკელიძე წარსდგნენ.

 

სპექტაკლმა ბათუმურ თეატრალურ სივრცეში ახალი სიცოცხლე შემოიტანა, დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის სიკეთემ ქალაქის მეხსიერებაში საუკუნეები იცოცხლოს.

– პლატონ გიგინეიშვილზე თოჯინური სპექტაკლის დადგმის იდეა მე და იმედა თავდგირიძეს გაგვიჩნდა, რომელთან ერთადაც დოკუმენტური ფილმი უკვე მაქვს გაკეთებული ბატონ გიგინეიშვილზე. მინდა ბავშვებმა იცოდნენ, ვინ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამ ქალაქში და რა სიკეთის მკეთებელი იყო. ძალიან დიდხანს ვეძებეთ რეჟისორი, ვისთანაც მოვახდენდით კოლაბორაციას, შეიქმნებოდა სპექტაკლი. ვიპოვეთ არმენ ჰოვანესიანი, რეჟისორი, მეთოჯინე, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ჯადოქარი, რადგან, მოგეხსენებათ, ეს არის სუფთა ბიოგრაფიული ამბავი, რომელზეც მხატვრული ნაწარმოები არაა დაწერილი. აქედან გამომდინარე, ცოტა რთული იყო ზღაპრის შექმნა. ამ ადამიანმა მოახერხა ეს და დღეს საზოგადოების წინაშე, უჩვეულო გარემოში, პლატონ გიგინეიშვილის ეზოში, წვიმაში, შედგა პრემიერა. მოწვეული სტუმრები, ჩემი აზრით, კმაყოფილები დარჩნენ. ვთვლი, რომ ჩვენი სათქმელი ვთქვით – ამ ქალაქში სიკეთე იყო, იქნება და გაგრძელდება, – აღნიშნა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *