
პოეზია, როგორც ცხოვრება და ცხოვრება, როგორც პოეზია – გიორგი გაბაიძის გულწრფელობის ლექსიკონი
ზოგჯერ ადამიანები საკუთარი ყოფით ცხოვრებასა და პოეზიას შორის თითქოს ხიდები ხდებიან. პოეტი გიორგი გაბაიძეც ასეთია, მეგობარი, შემოქმედი, ადამიანი, რომლის ყოველი სიტყვა გულიდან მოდის და ამიტომაც მის სიტყვებში სიმართლეს, სინათლესა და სევდას ერთდროულად ვპოულობთ.
გიორგისთვის პოეზია არ არის რეალობიდან გაქცევა, არც ილუზია, ის არის ყოველდღიურობის სიღრმეში ჩასვლა, ნამდვილი განცდის შენარჩუნება და სამყაროსთან გულწრფელი დიალოგი. სიყვარულზე საუბრისას ამბობს, რომ სიტყვები საჭირო არ არის, რადგან თავად სიყვარული არის ყველაზე დიდი სიტყვა, ხოლო მის ლექსებში ტკივილი და სიხარული თანაბრად ცოცხლობს როგორც მელოდია, რომელიც ჯერ სევდას გიმღერის და მერე სინათლისკენ გიძღვება.
ეს ინტერვიუ მისი შინაგანი სამყაროს სარკეა, სადაც ბავშვობის მოგონებები, ქალაქის ხმაური, სიყვარულის სითბო და მომავლის მოლოდინი ერთ მთლიანობად იქცევა. გიორგი გაბაიძე თავის ცხოვრებას ისე აღიქვამს როგორც პოეზიას და პოეზიას ისე, როგორც ცხოვრებას.
და მაინც, სანამ ლექსებზე და პოეზიის საიდუმლოებებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა თავად გიორგის ვკითხო, როგორ არის ის დღეს, რა ემოციებითა და ფერებით ერწყმის მის ყოველდღიურობას?
– (იღიმება) კარგად. მოლოდინის რეჟიმში ვარ და ჩემი მთავარი საფიქრალი ჩემი შვილი – პატარა ემია, რომლის დაბადებასაც ყოველდღე ველოდებით. თავში უამრავი გეგმა და იდეა მაქვს, რომლის განხორციელებასაც მომავალი წლიდან ვგეგმავ. ბოლო წლის განმავლობაში თბილისში მომიწია სამუშაოდ და საცხოვრებლად გადასვლა, ახალი გეგმები და იდეები კი ისევ ბათუმში დაბრუნებას ეხება. უფრო კონკრეტულად ახლა არ შემიძლია საუბარი.
– რა ფერი და სურნელი აქვს ამ მოცემულობას შენთვის?
– განვლილმა ცხოვრებამ მასწავლა, რომ თავად მივცე მოცემულობას სურნელი და ფერი, ამიტომ ის ფერი და სურნელი აქვს, რაც მე მინდა და მომწონს, თუმცა გარემოება მაინც დიდ გავლენას ახდენს – მუქი იისფერი და მტვრიანი ნაძვის. . .
– ვინ არის გიორგი გაბაიძე?
– 37 წლის ასაკში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სახელი და გვარი ამ კითხვაზე პასუხს სცემს.
– როგორ აღწერ შენში ლექსის დაბადების პროცესს? სიტყვიდან იწყება ის, განცდიდან თუ სურათიდან?
– ჩემი ლექსი სხვადასხვა შეგრძნებიდან იბადება, სიტყვიდანაც, სურათიდანაც, მუსიკიდანაც, შეხებიდანაც, ტკივილიდან, მოლოდინიდან, მონატრებიდან… ჩემი ლექსის დაბადებას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი სურვილია, სურვილი, რომ წერო, ან არ წერო. . .
– როცა წერ, რამდენად ხშირად ფიქრობ სიტყვების წონაზე, პასუხისმგებლობაზე?
– წერის პროცესშივე ვფიქრობ ლექსის შედეგზე, რატომ ვწერ? როგორ ვწერ? ვისთვის ვწერ? ამ პასუხისმგებლობას და მოთხოვნებს წერის პროცესშივე ვპასუხობ და ვცდილობ, ლექსი დაბადების პროცესშივე სრულყოფილი გამოვიდეს, თუმცა არაერთხელ ყოფილა, რომ ლექსის დაწერის შემდეგ სხვანაირად დამინახავს და შემიცვლია სტრიქონები.
– არის რაღაც, რის შესახებაც ვერ წერ და თუ არის, რა?
– რასაც ვერ ვგრძნობ, ვერ ვწერ. . . რასაც ვგრძნობ, იმაზე წერა შემიძლია მხოლოდ. არიან პოეტები (ეს ძალიან მაღალი დონეა), რომლებსაც შეუძლიათ ისეთი რამეების წერა (და ალბათ შეგრძნებაც), რაც რთულია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. რამდენიმე ასეთი ჩემი მეგობარია და ჩემთვის ესეც საკმარისია (იცინის).
– რამდენად ხშირად გჩუქნიან შთაგონებას ადამიანები?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე შთაგონება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაქვს სურვილი მისი მიღებისა და შემდეგ გავრცობისა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი შთაგონება ხორცს ისხამს ჩემი ოჯახისა და საქმიანობის მიმართულებით. შთაგონებას, რომელიც პოეზიაში უნდა გამევრცო, ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ საკმაოდ ეფექტურად.
– ბუნება თუ ქალაქი, სად უფრო გსტუმრობს პოეტური აღმაფრენა?
– მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ვარ დაბადებული და არდადეგებსაც სოფელში ვატარებდი, ქალაქი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც გავიზარდე და შევიგრძენი ცხოვრება. ქალაქი ჩემთვის უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.
– შენთვის პოეზია გაქცევაა რეალობიდან თუ მასში შესვლა უფრო ღრმად?
– ჩემთვის პოეზია ყოველთვის იყო რეალური გრძნობების და შეგრძნებების გადმოტანა ლექსში. ჩემი პოეზიის მთავარი იდეა გულწრფელობაა, რაც შეუძლებელია რეალური შეგრძნებების გადმოცემის გარეშე. არასოდეს, არც პოეზიაში და არც უპოეზიოდ, რეალობას არ გავქცევივარ, რადგან ჩემთვის ცხოვრება არის აქ და ახლა.
– როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში პოეზია რამდენად ასრულებს თავის როლს საზოგადოებაში?
– პოეზია თავის როლს სრულფასოვნად ასრულებს საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოება, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ როლს, რაც პოეზიას სჭირდება. ჩემი უფროსი მეგობარი ვახტანგ ღლონტი სულ ამბობს, რომ პოეზია არ არის მასების ინტერესის საგანი, პოეზია უფრო მცირე აუდიტორიისთვის იქმნება, თუმცა დღეს, როცა სოციალური მედია თავისი პოპულარობის პიკშია, ჩემდა გასაკვირად, პოეზიის მიმართ ინტერესი შემცირებულია.
– როგორია შენი პოეზიის პოლიტიკური, სოციალური ან პირადი პასუხისმგებლობა?
– რადგან გადავწყვიტე, დამეწერა და ჩემი პოეზია საზოგადოებისთვისაც გამეზიარებინა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველა თაობის მკითხველის წინაშე და ყოველთვის ვარ გულწრფელი ჩემს ლექსებში.
– არის ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად გტკივა?
– არ მახსენდება ლექსი, რომელიც სიხარულმა დამაწერინა, ჩემი ყველა ლექსი სხვადასხვა სატკივრიდან გამოწვეული შეგრძნებების ნაყოფია.
თუ განსაკუთრებულად უნდა გამოვარჩიო, ბოლო პერიოდის ლექსი – „ლექსების გამოფენის“ გამარჯვებული – „რეანიმაცია“ მახსენდება.
– რას ეტყოდი საკუთარ თავს ბავშვობაში, რომ შეგეძლოს ლექსით ან რამდენიმე სიტყვით მიმართვა?
– „ვწევარ. . . ვიღვიძებ. . . დილა. . . ღმერთი . . . ლოცვა. . . ყავა და.. .
ცოდვა. . . შენდობა. . . პოეზია. . . მერე სხვა დილა. . .
წარსულს, რომელსაც უკანასკნელ ლოცვას გავატან,
ბედი, რომელიც უბედობას სჯობდა ნამდვილად.
ბოლოს კი ისევ მარტო ვრჩები – ჩრდილთან საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო. . .
ვუმზერ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
მეღიმება და ვემზადები – კვლავ საკვირაოდ!..“
– შენს ლექსებში სიყვარული როგორი ფორმით მოდის, უფრო ტკივილად, თუ სიხარულად?
– ჩემს ძველ ლექსებში სიყვარული ერთი დიდი ტკივილია, მაგრამ ახლა, ჩემი საყვარელი ქალის წყალობით, სიყვარული ყველაზე დიდი სიხარულია, სიხარულია მასთან ერთად გათენებული ყოველი დღე და ყოველი ღამე. თუ ადრე მქონდა სიყვარული და ტკივილიანი ლექსები, დღეს მაქვს სიყვარული და ბედნიერი ცხოვრება.
– მას მინდა ვუთხრა. . .
– სოფ, შენთან ერთად გატარებული ცხოვრების ნაწილი არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, რაც განმიცდია ამ ხნის მანძილზე. მადლობა იმ ბედნიერ წამს, როცა ჩემს ცხოვრებაში მოხვედი!
– სიყვარულია, როცა. . .
– სიტყვები არ არის საჭირო!
– რას მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მთავარ მონაპოვრად?
– თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნებას და ძალას, რომელიც საკუთარ თავში ვიპოვე – ყველაზე რთულ პერიოდშიც მივცე საკუთარ თავს მოტივაცია და გავაგრძელო სვლა სწორი ცხოვრების გზაზე.
– რომ არ გიცნობდეთ და მხოლოდ თქვენი ერთი ლექსის წაკითხვის შესაძლებლობა გვქონდეს, რომელ ლექსით გაგვეცნობოდი?
– . . .
მდუმარე ლოცვა
– ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
კვირის მწუხრიდან ვემზადები – კვლავ საკვირაოდ,
ვდგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო.
შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია,
დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს,
ღამე კორიდას წესებივით უმკაცრესია,
იღბალი ჩემი ემსგავსება ბედს მატადორის.
მინდება თავი დავაღწიო უქირურგიოდ,
როგორც იონამ, მესამე დღეს მუცელს ვეშაპის.
სჯობს საკუთარ თავს ფერი უფრო მუქი ვურჩიო,
და მოვიხადო სასჯელივით ცოდვის ეტაპი.
ცოდვა – კეთრივით დამემართა – წლის ოცდაორი,
ორასორმოცდახუთი დღის და წუთების უკან,
დაბადებიდან ბედი მიწვევს მასთან საომრად
და მატრიალებს მის კოლბაში – ვით ცენტრიფუგა.
ბავშვივით თვალებამღვრეული ვებღაუჭები
სევდას, ვერაფრით წარმოვიდგენ ჩემს თავს უმისოდ,
ბედუინივით დამსკდარი მაქვს მზისგან ტუჩები,
დედის რძესავით მასაზრდოებს სევდა კუმისით. . .
მინდება თავი დამაღწიოს მელანქოლიამ,
და სურვილების მოძალებამ შუაღამისას,
ოქტომბრით სველი მივაშურებ ზღაპრულ ოლიანდრს,
სადაც სურვილებს მძივებივით სულზე ავისხამ.
თვალის ბადურებს შეეფინოს ნისლი ნოტიო,
მწიფე სისველით ის ყოველთვის ახარებს რტოებს,
იტყვიან, გულს ვერ მოუფრთხილდა იდიოტიო,
და ვერც სიცოცხლეს – ისევ გულით ნახავერდოვნებს.
მდუღარე სუნთქვაც სიწმინდეზე ისე დავადნე,
რომ ჰაეროვნად სრიალებდა სისხლში სტიქია,
საპნის ბუშტივით გასკდა გული, ოხ, ეს – სადარდე,
ამ დასასრულის დასაწყისიც სწორედ იგია. . .
ვწევარ.. . ვიღვიძებ .. . დილა.. . ღმერთი. . . ლოცვა. . . ყავა და. . .
ცოდვა. . . შენდობა.. . პოეზია. . . მერე სხვა დილა. . .
წარსულს, რომელსაც უკანასკნელ ლოცვას გავატან,
ბედი, რომელიც უბედობას სჯობდა ნამდვილად.
ბოლოს კი ისევ მარტო ვრჩები – ჩრდილთან საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო. . .
ვუმზერ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
მეღიმება და ვემზადები – კვლავ საკვირაოდ!..
– რომელ პოეტთან, ან მწერალთან ისურვებდი საუბარს, დროის მანქანა რომ გქონდეს და რაზე ისაუბრებდი?
– ტერენტი გრანელთან და რიუნოსკე აკუტაგავასთან. ძირითადად, მათ შემოქმედებაზე ვისაუბრებდით, რატომ და საიდან ამხელა სევდა?! საინტერესო იქნებოდა მათი ხედვები თანამედროვეობაზე და რამდენად შეცვლიდა თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება მათ შეხედულებებს ცხოვრებაზე.
– გიორგი გაბაიძე – პოეზიის მიღმა. . .
– ჩემი ცხოვრება მთლიანად პოეზიის მიღმა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვცხოვრობ თბილისში საყვარელ მეუღლესთან ერთად და ვმუშაობ კომპანია „გაბილდი ჯგუფში“ ქსელის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე. „გაბილდი ჯგუფი“, არის მულტიბრენდული კომპანია, რომელიც აერთიანებს კარისა და ავეჯის 5 შოურუმს საქართველოს მასშტაბით (4 – თბილისში და 1- ბათუმში). კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე დიზაინის, ხარისხიანი და ფუნქციური ინტერიერის გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი თუ კომერციული სივრცეებისთვის.
სულ მინდოდა, ის პროდუქცია, მომსახურება და გამოცდილება, რაც უკანასკნელ პერიოდში დავაგროვე ბიზნესის სფეროში მუშაობისას, ჩემს ქალაქშიც წარმომედგინა. სწორედ ამიტომ 2022 წელს, ჩემი ინიციატივით და გუნდის მხარდაჭერით, კომპანია „გაბილდი ჯგუფის“ პრემიუმ კარების შოურუმი გაიხსნა ბათუმში, სადაც 2 წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელი. 2022 წლიდან დღემდე „გაბილდი ჯგუფის“ ბათუმის გუნდი ბათუმელ მომხმარებელს ახალ გამოცდილებას, ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. ყველას მოგვეხსენება, რომ დღესდღეობით ბათუმში სამშენებლო ბუმია, რაც თავისთავად ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მოთხოვნას. „გაბილდმა“ ახალ, უფრო სრულყოფილ და ხარისხიან დონეზე აიყვანა ბათუმელი (და არამარტო) მომხმარებლის რემონტის კულტურა, სადაც კარი არა მხოლოდ სივრცის გამყოფი, არამედ საცხოვრებელი თუ საოფისე სივრცის ჰარმონიული ნაწილია. მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის და უახლოეს პერიოდში ბათუმში იგეგმება ახალი, „პრემიუმ კონცეპტ შოურუმის“, გახსნა, რომელიც მომხმარებელს გარდა შესასვლელი და ოთახშორისი კარებისა, შესთავაზებს სივრცის ტიხრებს, პრემიუმ ავეჯს, კედლის პანელებსა და სმარტსისტემებს.
– რას ელოდები შენი პოეზიისგან მომავალში – სიჩუმეს, ხმაურს თუ გზის გაგრძელებას?
– მე მქონია შემოქმედებითი კრიზისები და ამას არ მოუხდენია ჩემს განწყობაზე ზეგავლენა. . . ცოტა ხნით შემოქმედებითი პაუზა მაქვს აღებული, მაგრამ ვიცი, სადღაც ვულკანივით აუცილებლად ამოიფრქვევა დაგროვილი ემოცია.
ნანა აბულაძე