
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე 16 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეტამფეტამინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „კლეფერდრონი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 265 პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.