19 C ბათუმი
Wednesday 23rd July 2025
პოლონელები – შუახევში ანუ მეგობრობას საზღვრები არ აქვს
By

პოლონელები – შუახევში ანუ მეგობრობას საზღვრები არ აქვს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მეგობრული ვიზიტით იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის დელეგაცია, რომელსაც ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალი ნატალია გოლაბი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ერთი დღის განმავლობაში შუახევს სტუმრობდნენ. მთის ამ რაიონში მათი სტუმრობა იმ საქმიანმა და მეგობრულმა ურთიერთობებმა განაპირობა, რომელიც ტშებნიცსა და შუახევს შორის რამდენიმე წელია არსებობს. დელაგაციის 12 წევრთაგან 6 ტშებნიცელია. ესენი არიან: მავლგოჟატა მატუსიაკი – ტშებნიცის ოლქის ხელმძღვანელი, ბოგუმილა ლევანდოვსკა – ტშებნიცის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, იოანა იასლოვსკა – სოციალური კომუნიკაციისა და რეგიონული პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორი, ტშებნიცის ოლქი, ჰალინა კუჩნიერი, ობორნიკი შლონსკის სოციალური უზრუნველყოფის სახლის დირექტორი, ტშებნიცის ოლქი, იზაბელა ნასიუკევიჩი – სილეზიის წმინდა იადვიგას სახელობის ჰოსპიტალის დირექტორის მოადგილე, ტშებნიცა, რობერტ ლევანდოვსკი – ჟმიგროდის მუნიციპალიტეტის მერი, ტშებნიცის ოლქი.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: დამიან მროზეკი – ქვემო სილეზიის ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარე, მიხალ ჰუზარსკი – ქვემო სილეზიის სამედიცინო ცენტრის „Dolmed S.A.“ ვიცე-პრეზიდენტი, კაროლინა მანეცკა – სოფლად განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; ალექსანდრა მიროვსკა-პიალუხა – მარშალის ოფისის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მილოშ ტუცკი – ვიცე-მარშალ ნატალია გოლაბის ასისტენტი.

შუახევში სტუმრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ.

საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მერიის სააქტო დარბაზში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ომარ ტაკიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მავლგოჟატა მატუსიაკიმ, ბოგომულა ლევანდოსკამ, დამიან მროზეკმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, გაისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის ოლქის დამეგობრებიდან 10 წელი სრულდება. დამიან მორეზეკმა ის ქართველები გაიხსენა, რომლებიც პოლონეთში საქმიანობდნენ.

საზოგადოების წარმომადგენლები რობერტ ლევანდოვსკისა და ცნობილი ფეხბურთელის რობერტ ლევანდოვსკის ურთიერთობითაც დაინტერესდნენ. ჟმიგროდის მუნიციპალიტეტის მერმა თქვა, რომ ფეხბურთელთან მხოლოდ სახელი და გვარი აკავშირებს. ერთ დროს მასაც სურდა ფეხბურთს გაჰყოლოდა, მაგრამ ყველაფერი პოლიტიკურ სარბიელზე საქმიანობამ გადაწონა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დასასრულ მასპინძლებმა და სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

ქვემო სილეზიელები მთიელების სოციალური, კულტურული, სპორტული საქმიანობითაც დაინტერესდნენ. პირველად შუახევის სასპორტო სკოლას ეწვივნენ და სპორტული წრეების მუშაობას გაეცნენ, რაგბსა და ფეხბურთში ადგილობრივი გუნდების შეჯიბრებებს დაესწრნენ.

რამდენიმე წელია დაბა შუახევში საფრანგეთის მთავრობის თანადგომით, შშმ პირთა დღის ცენტრი მოქმედებს. პოლონელები ცენტრის სერვისებს გაეცნენ.

დღის მეორე ნახევარში სოფელ ჩანჩხალოში არსებული ტურისტული ტერიტორია მოექცა პოლონელი სტუმრების ყურადღების ცენტრში, საიდანაც სოფელ ნიგაზეულში გადაინაცვლეს. დაათვალიერეს ისტორიული ციხე, სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი, ღია ცის ქვეს მოწყობილი ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა. სტუმრებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების „ნაისა“ და „ჭვანას“ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა.

ზაფხულის შინაარსიანი დღე მეგობრული სუფრით დასრულდა. სახელდახელო ინტერვიუ ვთხოვეთ მავლგოჟატა მატუსიაკს, ტშებნიცის ოლქის ხელმძღვანელს:

– „მეორედ ვარ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, როგორც დამეგობრებული რეგიონის წარმომადგენელი. აღფრთოვანებული ვარ იმ ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, რომლებიც ქვეყნებს გვაერთიანებს. ერთი დღის განმავლობაში მასპინძლებმა გაგვაცნეს კუთხის წარსული და თანამედროვეობა.

– როგორია სტუმრის თვალით დანახული საქართველო?

– ყველამ კარგად ვიცით, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ომი მძვინვარებს. ომში ჩართული უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ. ევროპას რუსული აგრესიის საფრთხე ემუქრება. ხმამაღალი განცხადებისგან თავს შევიკავებ. ისე კი ორივე ქვეყანა საფრთხის წინაშე ვართ. ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამასთან, ყველაზე მთავარი უსაფრთხოებაა. საქართველოც მეომარი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა.

– საუკუნეებია, პოლონელებსა და ქართველებს მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. სამაგალითოდ, ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ვოლსკის ურთიერთობაც საკმარისია…

– მე კარგად ვიცნობ საქართველოში მოღვაწე პოლონელების ისტორიას. ბათუმში სახლიც იყო, სადაც გრიგოლ ვოლსკი ჩერდებოდა. თანამედროვეობა კარგად იცნობს ტრიპოლსკებისა და ვოლსკების საქმიანობას, მათ დამსახურებას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პოლონელები და ქართველები სულიერი ძმები არიან. გარგად მახსოვს ლეხ კაჩინსკის ვიზიტი საქართველოში. მან ამ სტუმრობით დამოუკიდებელი საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა. ჩვენი ვალია, ეს ურთიერთობები განვამტკიცოთ.

– გაისად საიუბილეო თარიღი სრულდება აჭარისა და ქვემო სილეზიის, შუახევისა და ტშებნიცის მუნიციპალიტეტების დამეგობრებიდან. რა მოლოდინი გაქვთ?

– იქნება მეგობრული ვიზიტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ჩვენი მიზანია, უკეთ გავიცნოთ ქართული კულტურა, ვიყოთ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური აღმასვლის თანამონაწილე, ამჯერად შუახეველებს გეპატიჟებით პოლონეთში.

ოთარ ცინარიძე

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *